
სასწაულები ყოველდღიურად ხდება ჩვენ გარშემო , უბრალოდ შეიძლება ერთი შეხედვით ეს ვერც შევამჩნიოთ .
მაგია სწორედ ამის დანახვის საშუალებას იძლევა .
მაგია – სასწაულების ხელოვნება, რომელიც გვაჩვენებს იმას რაც თვალისთვის დაფარულია.
ეს არის ამბავი ბიჭზე, რომელსაც ყოველთვის სჯეროდა სასწაულების , ახლა კი იგი თავისი საქმით სხვებსაც აჯერებს ამაში.
მისი მაგიურ სამყაროში მოგზაურობა ჯერ კიდევ მაშინ დაიწყო, როდესაც სასკოლო წიგნების საყიდლად წასულმა მაღაზიაში სხვა სახელმძღვანელოების გვერდით ფოკუსების წიგნი აღმოაჩინა. შვიდი წლის ბიჭუნასთვის, რომელიც მთელი დღეები საყვარელი ილუზიონისტების მაგიურ გამოსვლებს ადევნებდა თვალს , ჯადოსნური სამყაროსკენ კარები სწორედ იმ წამს გაიხსნა.
დღეს სერგი დოლიძე 20 წლისაა, ქალაქ ბათუმში ცხოვრობს და შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსტიტეტის სასურსათო ტექნოლოგიის ფაკულტეტის სტუდენტია .
კარტით მანიპულატორია, მიაჩნია რომ ეს საილუზიო ხელოვნების ერთერთი ყველაზე რთული სახეობაა, რომელიც ძალიან დიდ შრომასა და პასუხისმგებლობას მოითხოვს. რადგან ის რაც ერთი შეხედვით ადვილად კეთდება საბოლოოდ ძალიან მძიმე შრომის შედეგია.
გაიცანით ახალგაზრდა ბიჭი მაგიური სამყაროდან, რომელსაც საკუთარი საქმე ძალიან უყვარს.
კარტით მანიპულატორი, რომელმაც პოკერის თამაშიც კი არ იცის .
არაპუნქტუალური, თუმცა საკუთარ საქმეში მაქსიმალისტი .
სერგი ფართო საზოგადოებამ სახალხო პროექტ „ ნიჭიერის „ დამსახურებით გაიცნო. მანამდე კი იყო მძიმე და დატვირთული გზა, რომელმაც იგი წარმატებულ ილუზიონისტამდე მოიყვანა.
„ ვარ 20 წლის დავიბადე 1997 წლის 27 აპრილს ქალაქ ბათუმში.
ფოკუსების კეთება ბავშვობიდან 7 წლის ასაკიდან დავიწყე. როცა ვიყავი ბავშვი ხშირად ვადენებდი თვალყურს ტელეევიზიის საშუალებით დევიდ კოფერფილდის მაგიურ შოუს და ქართველი ილუზიონისტის ბატონი ზურაბ ვადაჭკორიას გამოსვლებს, რამაც დიდი გავლენა იქონია ჩემზე. სწორედ 7 წლის ასაკში, როდესაც პირველად უნდა წავსულიყავი სკოლაში და ვიყავი სასკოლო მზადებაში, წიგნების მაღაზიაში აღმოვაჩინე ფოკუსების წიგნი, რომელმაც გამიღო კარი ჯადოსნური სამყაროსაკენ
რამდენად რთულია იყო ილუზიონისტი და რას ნიშნავს ეს შენთვის ?
პირადად ჩემთვის, ილუზიონისტობა დიდ პასუხისმგებლობასთანაა დაკავშირებული, რომლის გარეშე ცხოვრება წარმოუდგენლად მიმაჩნია. როდესაც მიზანი გაქვს რომ მიაღწიო უმაღლეს დონეს და იყო კონკურენტული საერთაშორისო მასშტაბით , ეს ძალიან რთულია . შედეგად მე მიწევს დაუღალავი ყოველდღიური შრომა თითქმის მთელი დღის განმავლობაში.
სახალხო პროექტში გამოსვლამდე რას საქმიანობდი, რატომ გადაწყვიტე ნიჭიერში მონაწილეობა და რა შეიცვალა ამის შემდეგ?
იმის გამო რომ ფოკუსების კეთება ბავშვობიდან დავიწყე, ადრიდანვე გამიჩნდა სურვილი მიმეღო მონაწილეობა სახალხო პროექტში. ამისთვის ბევრს ვრეპეტიციობდი და ჩემი დებიუტი სახალხო პროექტში წარმატებით შედგა. მე მივიღე უზარმაზარი გამოცდილება. ვისწავლე სცენაზე და კამერებთან მუშაობა. ამ პროექტის წყალობით მე ჩამოვყალიბდი ილუზიონისტად, რომელსაც აქვს საკუთარი სტილი, მიმართულება და ტექნიკა. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ვისწავლე ისეთი სანახაობის დადგმა, რომელიც ყველა კატეგორიის მაყურებლისთვის მისაღებია.
კარტით მანიპულირება ეს ილუზიის ერთერთი საინტერესო სახეობაა- რატომ მანდამაინც კარტი ?
საილუზიო ხელოვნებაში არსებობს სხვადასხვა მიმართულება , როგორიცაა : მიკრო მაგია, მენტალიზმი, ესკაპოლოგია, მანიპულაცია და ა.შ პანიპულაცია ყველაზე რთული და მაღალ საფეხურზე მდგარი მიმართულებაა ამ ჟანრში. მანიპულაცია სხვადასხვა ნივთებით ხდება, ეს შეიძლება იყოს მონეტებით, მტრედებითაც კი ამათგან კარტებით მანიპულაცია ყველაზე რთულია , რომლითაც ყველაზე ლამაზი სანახაობის დადგმაა შესაძლებელი. ერთერთი მიზეზი რის გამოც კარტებით მანიპულაცია დავიწყე ამ საქმის სირთულეა, რაც დიდი გამოწვევაა ჩემთვის.
როგორც ვიცი, საერთაშორისო წარმატებაც მოიპოვე. მოგვიყევი ამ კონკურსის შესახებ, რამდენად დიდი გამოცდილება იყო ეს შენთვის ?
2017 წლის მაისში , ამსტერდამში გაიმართა საერთაშორისო კონკურსი, სადაც მოვხდი მსოფლიო ჩემპიონატის ერთერთი ჟიურის წევრის, ქეით მედვედევას დახმარებით. ეს იყო ჩემი პირველი კონკურსი, სადაც მხოლოდ ილუზიონისტები მონაწილეობდნენ და ჟიურიში ისხდნენ პროფესიონალი ილუზიონისტები. კონკურსზე მე შევხდი მსოფლიოს ერთერთ საუკეთესო ილუზიონისტებს, რომელთა ნახვა ოცნება იყო. ამ კონკურსზე მიღწეულმა წარმატებამ გზა გამიხსნა საერთაშორისო ასპარესზე და მივიღე ძალიან დიდი გამოცდილება
მანიპულირება კარტით- ხომარაა საშიშროება რომ ეს მანიპულირების ნიჭი სხვა კუთხითაც გამოიყენო თუ არასდროს არ გქონია ეს შემთხვევა?
კარტებთან ჩემი ურთიერთობა ბავშვობიდან დაიწყო, მაგრამ არასდროს არ გამჩენია სურვილი მეთამაშა აზარტული თამაშები, თუნდაც კარტი , რადგან იმდენად გადართული ვიყავი ამ საქმეზე რომ ამაზე არ მიფიქრია. როგორი გასაკვირიც არ უნდა იყოს პოკერის თამაშიც კი არ ვიცი.
რა რჩევას მისცემდი დამწყებ ილუზიონისტებს, რომლებიც მაგიით არიან გატაცებულები?
ფოკუსების გაკეთება ყველას შეუძლია მაგრამ ილუზიონისტობა არა. ძალიან რთულია მიაღწიო იმ დონეს რომ გეწოდოს ილუზიონისტი. შესაძლოა საკმაოდ ბევრი ფოკუსის გაკეთება შეგეძლოს, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს რომ შენ ილუზიონისტი ხარ, რადგან ამ საქმეში აუცილებელია გამოცდილების მიღება , რასაც ძალიან დიდი ნებისყოფა და წლები სჭირდება.
ყველას ვისაც აინტერესებს და აქვს სურვილი გახდეს ილუზიონისტი ამისათვის , პირველ რიგში, აუცილებელია შრომისმოყვარეობა, რაც ერთერთი ყველაზე მნიშვნელოვანია მიზნის მისაღწევად. უმნიშვნელოვანესია ნებისყოფა და მოთმინების დიდი უნარი, ასევე მიზანმიმართულობა და შეუპოვრობა, რადგან ამ საქმეს ახლავს უამრავი დაბრკოლება და იმედგაცრუება, ასევე ძალიან მნიშვნელოვანია განათლება, როგორც შენ საქმეში, ასევე ზოგადად.
ამჟამად რას საქმიანობ?
ამჟამად სრულიად ამ საქმეში ვარ ჩართული ,თუ არ ჩავთლით რომ ვარ სტუდენტი. ეს არის ჩემი შემოსავლის წყარო , რაც მომავალშიც გაგრძელდება , რადგან საბოლოოდ მაქვს გადაწყვეტილი რომ ვიყო ილუზიონისტი.
გაგვიმხილე შენი სამომავლო გეგმები?
ზოგადად ძალიან ბევრი გეგმა მაქვს, მაგრამ ყველა ეს გეგმა მიმართულია მთავარი მიზნისაკენ, მივიღო მონაწილეობა და გავიმარჯვო მსოფლიო ჩემპიონატში, რისთვისაც დღე და ღამე ვშრომობ.
მადლობა დიდი, გისურვებთ წარმატებებს !
ავტორი- ანა ურუშაძე