
ეროვნული ბიბლიოთეკის ცენტრალურ დარბაზში, პროექტის „შემოსე თანამოქალაქე – 2017” შემაჯამებელი ღონისძიება და შედეგების პრეზენტაცია გაიმართა. პროექტს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს სსიპ ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდის მხარდაჭერით მეორე წელია ახორციელებს ახალგაზრდული არასამთავრობო ორგანიზაცია ,,სტუდენტური ერთიანობა”.
პროექტის ფარგლებში შეგროვდა 10 000-ზე მეტი ნივთი, რაც შემდეგ 1 000-მდე ბენეფიციარს გადაეცა. საყოფაცხოვრებო ნივთები და ტანსაცმელი შესაბამისი სტერილიზაციისა და დახარისხების შემდეგ ქვემო ქართლში, შიდა ქართლში, კახეთსა და მცხეთა-მთიანეთში მცხოვრებ სოციალურად დაუცველებს დაურიგდა. ნივთების შესაგროვებლად ბრენდირებული ყუთები განთავსებული იყო საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, შ.პ.ს „ფრეგოს“ ბენზინგასამართ სადგურებზე, ასევე სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროში, საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკასა და ოლიმპიურ სასახლეში.
შემაჯამებელ ღონისძიებას სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი, მინისტრის პირველი მოადგილე, ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდის დირექტორი, ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორის მოადგილე, შ.პ.ს ფრეგოს გენერალური დირექტორი და პროექტში ჩართული მოხალისე ახალგაზრდები ესწრებოდნენ.