
- პირველ ყოვლისა, შენ შესახებ მოკლედ რომ მიამბო…
დავიბადე 1995 წელს, ქალაქ ბათუმში. ამჟამად, ვარ 22 წლის. ვსწავლობდი ბათუმის ბევრ სკოლაში. გასულ წელს დავამთავრე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლიტერატურათმცოდნეობის ფაკულტეტი. ამჟამად, ვმუშაობ. ვარ სხვადასხვა ლიტერატურული კონკურსის ფინალისტი და პრემია „საბას“ ლაურეატი საუკეთესო დებიუტის ჟანრში.
- როდის და რატომ გადაწყვიტე, რომ უნდა გეწერა?
წერა გადავწყვიტე მაშინ, როცა გამიჩნდა ბევრი თავისუფალი დრო და შემეძლო საკუთარ თავთან ხშირად ვყოფილიყავი მარტო. მაშინ დავფიქრდი იმაზე, რომ ბედნიერი ხანა მორჩა და ახლა ძალიან, ძალიან სევდიანი რამ მოდის ჩემკენ. სწორედ ამიტომ გადავწყვიტე მეწერა, რომ ამ სევდებს, ტრაგედიებსა და მარტო ყოფნებს უფრო მხნედ დავხვედროდი.
- მწერლობაში შენი თავდაპირველი ნაბიჯების შესახებ მიამბე.
პირველად, ჩემი მოთხრობა დაიბეჭდა ლიტერატურულ კონკურს “წეროს” კრებულში, 2014 წელს. მაშინ 19 წლის ვიყავი და საოცარი შეგრძნება იყო; უცნაური იყო, მოთხრობა ფინალისტებს შორის რომ მოხვდა. “წერო” ძალიან პოპულარული კონკურსია საქართველოში და მასში, დამწყებ და გამოუცდელ მწერლებთან ერთად, ცნობილი მწერლებიც ღებულობენ მონაწილეობას და ვერაფრით წარმომედგინა, რომ ამ კონკურსის ნაწილი ჩემი დაწერილი მოთხრობაც იქნებოდა.
- ძირითადად, რაზე წერ?
ვწერ ადამიანებზე, მათ გასაჭირებზე. ვცდილობ, ცოტა ქვემოთ ჩავიდე და ვიპოვო ის წერტილი, სადაც ეს გასაჭირები დაიწყო; ვწერ ბედნიერებაზე, უბედურებაზე, სიყვარულზე, ერთგულებაზე; ადამიანებზე, რომლებიც უკმაყოფილოები არიან, რომლებსაც უფრო მეტი უნდათ; ვწერ ქალებზე და კაცებზე, ბიჭებზე და გოგოებზე, რომლებიც ძალიან გვანან ერთმანეთს; ვწერ იმაზე, თუ რა რთულია ცხოვრება, მაგრამ მაინც როგორი მშვენიერია ეს ყველაფერი. რამდენად კარგად გამომდის ეს, უკვე სხვა საკითხია და ამაზე მე ვერაფერს ვიტყვი.
- შენი მოთხრობებიდან რომელს გამოარჩევ და რატომ?
ორი მოთხრობა მიყვარს განსაკუთრებით – „საშკა“, პირველი მოთხრობა, რომელიც ბევრმა წაიკითხა და ბევრისგან მივიღე შეფასება. ამ მოთხრობამ მომცა უამრავი რამე, მომცა ბიძგი იმისკენ , რომ მეწერა გაუჩერებლად. ასევე, ძალიან მიყვარს „მამი“. „მამი“ ბოლომდე გუწრფელი მოთხრობაა და იმ დროს დაიწერა, როცა ეს ძალიან მჭირდებოდა.
- წერის ნიჭი ოჯახის რომელიმე წევრისგან გამოგყვა?
ჩემს ოჯახში არავინ წერს და, შესაბამისად, არ გამომყოლიაეს ნიჭი. არც ბებიები და ბაბუები წერდნენ. უბრალოდ, რაც მემკვიდრეობით გადმომეცა, არის მოსმენისა და მოყოლის უნარი. ჩემს ოჯახის წევრებს ძალიან უყვართ ამბები, ამ ამბების მოსმენა და მერე სახლში, უკვე ოჯახის წევრებთან გაზიარება. მეც ბავშვობიდან დაცქვეტილი მქონდა ყურები და ყველაფერს მტვერსასრუტივით ვისრუტავდი. ბოლოს, ეს ყველაფერი იქცა ლიტერატურად, რომელიც შეიძლება მივიჩნიოთ, რომ მშობლებისგან და ოჯახის წევრებისგან მერგო.
- რას ნიშნავს შენთვის წერის პროცესი?
წერის პროცესი ჩემთვის არის გათავისუფლება, დაცლა ყველაფრისგან. ცოტათი თამაშობ კიდეც, ერთობი, როგორც პატარა ბავშვი. დროც ისე გადის, ვერაფერს ხვდები. გგონია, რომ ვერაფერი დაწერე, უცებ აიხედავ და ნახავ, რომ “ვორდის” ათი გვერდი გაგივსია. წერა არის ძალიან კარგი თერაპია, შესანიშნავი გზა იმისთვის, რომ გადარჩე. წერის პროცესში ზებუნებრივ შესაძლებლობებს იძენ, ხვდები, რომ ყველაფერი შეგიძლია. შენს მოთხრობაში შეიძლება ადამიანი აღარ იტანჯებოდეს, ვიღაც არ კარგავდეს ახლობელ ადამიანს, ვიღაცას უყვარდეს მთელი გულით. წერის დროს ღმერთს ემსგავსები, გაქვს შენი დედამიწა და შენ წყვეტ, რა უნდა მოხდეს და როგორ.
- როგორ ფიქრობ, რა განსაკუთრებული მახასიათებელი აქვს შენს ნაწერებს?
ალბათ ის, რომ ადამიანების პირად ცხოვრებაში, სამზარეულოში ვახედებ მკითხველს. ვამზადებ ყველაზე დიდი კოშმარისთვის, რაც შეიძლება მათ ცხოვრებაში მოხდეს. ვამზადებ იმისთვის, რომ ყოჩაღად დაუხვდეს ცხოვრებისეულ სირთულეებს. ამასთან ერთად, მოთხრობების კითხვისას, ალბათ. გრძნობენ, რომ ასეთი რამ მათ ცხოვრებაშიც მომხდარა, სულ სხვა ფორმით, მაგრამ მაინც მომხდარა, ან ელოდებიან, რომ მოხდება. საბოლოოდ, ყველა დავრჩებით მარტო და ამ მარტოობისგან გაქცევის მცდელობაა „როგორ მოვკლათ ბილი ელიოტი“.
- როგორ ფიქრობ, საზოგადოებას ისინი რის გამო მოსწონს?
ალბათ, იმის გამო, რომ ჩვეულებრივი ადამიანები არიან, ზუსტად ისეთივე ჩვეულებრივი, როგორც სხვა ყველა. საზოგადოებას მოსწონს თავის მსგავსს ადამიანებზე რომ უყვები. ორი კატეგორიის მკითხველი მყავს – ერთი, ჩემი ასაკის ბიჭები და გოგოები, ვინც ძალიან ბევრ ნაცნობს ხედავს პერსონაჟებში და მეორე უფროსი თაობის მკითხველი, რომელთაც აინტერესებთ რას წერს 19, 20 წლის ახალგაზრდა, როგორები არიან ბიჭები და გოგოები დღეს. ჩემი აზრით, ამ ინფორმაციას ჩემი წიგნი იძლევა, განახებს, როგორები ვართ, კარგად ვართ თუ ცუდად. რა გვწყინს და რა გვიხარია, სად მივდივართ, საიდან მოვდივართ.
10. ზოგადად, როგორ შეაფასებ 21-ე საუკუნის ქართულ მწერლობას?
ძალიან ბევრი ადამიანი დღეს თავში ირტყამს ხელს, ფიქრობს, რომ ძალიან ცუდი დრო უდგას ქართულ ლიტერატურას, მაგრამ მე ასე არ ვფიქრობ, რაღაცები დღესაც იწერება. არიან ავტორები, რომლებსაც შეუძლიათ, სისხლი გაგიყინონ, გონი წაგართვან თავიანთი ნაწერებით. უბრალოდ, ამ ავტორებს დანახვა უნდათ და წაკითხვა, რასაც ხშირად ვერ ახერხებენ გამომცემლები, ლიტერატორები, კრიტიკოსები. ძალიან პატარა საზოგადოებაში იხარშებიან ეს მწერლები. მე ძალიან მიხარია, ამ მხრივ რომ გამიმართლა და გამომცემლობამ „წიგნები ბათუმში“ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ჩემი წიგნი მისულიყო ყველასთნ და არ დაკმაყოფილდნენ მხოლოდ 300 კაციანი ლიტერატურული საზოგადოებით.
11. ამ მიმართულებით, რას მიიჩნევ შენს ყველაზე დიდ წარმატებად?
ჩემი ყველაზე დიდი წარმატება ხალხის სიყვარულია. არ ვიცი, რა არის იმაზე მაგარი, როცა გოგოებს და ბიჭებს ძალიან უყვარხარ, კითხულობენ შენს მოთხრობებს და კარგ სიტყვებს არ იშურებენ. მათი არსებობა ჩემთვის ყველაზე დიდი წარმატებაა. საქმე, რომელსაც მე ვაკეთებ, ვერ მოგცემს ბევრ ფულს, სამაგიეროდ, თუ მოინდომებ, მოგცემს ადამიანების სიყვარულსა და თანადგომას.
12. მწერლობაში რა გეგმები გაქვს?
გეგმა ბევრი მაქვს. პირველ ყოვლისა, მინდა, დავწერო მეორე წიგნი. ამჯერად, რომანი დებზე, რომლებსაც ძალიან, ძალიან უყვართ ერთმანეთი და თან ძალიან განსხვავდებიან ერთმანეთისგან. მინდა, რომ დავწერო წიგნები სიყვარულზე, ბედნიერებაზე, ახალგაზრდობაზე. მინდა, რომ ჩემი ლიტერატურა იყოს სევდიანი სიმღერა ბედნიერებაზე. მინდა, რომ რაც ცხოვრებაში არ მაქვს, ყველაფერი მქონდეს ლიტერატურაში. რაც ცხოვრებაში ვერ ვქენი, მინდა, რომ ჩემი პერსონაჟის სახელით ვქნა წიგნებში.
მარი ტიელიძე