
საქართველოს ეროვნული არქივი, 2017 წლის 25-27 ოქტომბერს, ატარებს საერთაშორისო კონფერენციას „არქივთმცოდნეობა, წყაროთმცოდნეობა – ტენდენციები და გამოწვევები“.
საქართველოს ეროვნული არქივი ემსახურება ქვეყნის პოლიტიკურ, ეკონომიკურ, სამეცნიერო და კულტურულ ინტერესებს. ის საქართველოში ყველაზე დიდი საარქივო დაწესებულებაა და ჰუმანიტარული, ტექნიკური თუ სოციალური საკითხების გადაწყვეტის წყაროა. არქივში საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის უძვირფასესი ნაწილია დაცული.
ეროვნულ არქივს 1920 წლის 23 აპრილს ჩაეყარა საფუძველი და თითქმის საუკუნის განმავლობაში მუდმივად ივსებოდა შესაბამისი საფონდო მასალით. ის იყო და არის ძველი საბუთების, ხელნაწერების, აუდიო და ვიზუალური მასალის, ესკიზების, კარტოგრაფიული თუ ხელოვნების სხვადასხვა ნიმუშის, დიდ მეცნიერთა თუ ხელოვანთა ნაშრომების, სახელმწიფო დაწესებულებების დოკუმენტთა შენახვისა და შესწავლის მთავარი ცენტრი.
მდიდარი კოლექციების სათანადოდ დაცვაზე ზრუნვასა და დოკუმენტების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფასთან ერთად, არქივის მიზანია საკუთარი კოლექციების შესწავლა და მყარი სამეცნიერო ბაზის შექმნა.
ახალი ეპოქის გამოწვევების შესაბამისად, ეროვნულ არქივში, ბოლო წლებში, აქტიურად დაიწყო ელექტრონულ სისტემაზე გადასვლისა და მონაცემთა ბაზებისა თუ საძიებო სისტემების ოპტიმიზაციის პროცესი. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო სამეცნიერო პოტენციალის ამაღლებაზე ზრუნვას, რისთვისაც საბაზო გადაწყვეტილებები იქნა მიღებული.
წელს ეროვნული არქივი უკვე მეორედ გეგმავს საერთაშორისო კონფერენციას „არქივთმცოდნეობა, წყაროთმცოდნეობა – ტენდენციები და თანამედროვე გამოწვევები“.
კონფერენციის მიზანია სამეცნიერო სიახლეების თავმოყრა, ქართველ და უცხოელ მეცნიერებს შორის მჭიდრო სამეცნიერო კავშირების სტიმულირება, ინტერდისციპლინური და ინტერკულტურული კვლევების ხელშეწყობა, კულტურული მემკვიდრეობის მენეჯმენტის თანამედროვე მოთხოვნებთან ადაპტაციის გზების ძიება, ციფრული ჰუმანიტარიის სფეროს სიახლეების გაზიარება.
კონფერენციის სამეცნიერო მიმართულებებია:
📌 არქივთმცოდნეობა
📌 წყაროთმცოდნეობა
📌 სიძველეთმცოდნეობა
📌 ისტორია/ხელოვნების ისტორია/ ეთნოგრაფია
📌 ფილოლოგია (კოდიკოლოგია-ტექსტოლოგია)
📌 პოლიტიკური მეცნიერებები და სამართალი
📌 საბუნებისმეტყველო კვლევები
📌 კულტურათაშორისი კომუნიკაციები
📌 რესტავრაცია-კონსერვაცია
📌 ციფრული არქივები და მონაცემთა ბაზები
📌 კულტურული მემკვიდრეობის მენეჯმენტი
კონფერენციის ფარგლებში, გათვალისწინებული იქნება მცირე საგანმანათლებლო პროგრამებიც (ინფორმაციული ლექციები, ქართული კულტურის გარკვეული ასპექტები არქივში დაცული მასალების მიხედვით, ელექტრონული არქივები და სხვა), რომლებიც პლენარული სესიების ფარგლებში ჩატარდება.
თეზისების წარდგენის ბოლო ვადაა 30 ივნისი (სიტყვების მაქსიმალური რაოდენობა – 500).
თეზისების მიღების დამადასტურებელი შეტყობინება დაიგზავნება 14 ივლისს
გთხოვთ შეავსოთ სარეგისტრაციო ფორმა (განთავსებულია ბმულზე:http://archives.gov.ge/uploads/other/3/3048.docx) და გადმოგვიგზავნოთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: kasatiani@archives.gov.ge;
info@archives.gov.ge