ზურაბ ალავიძე: ყველა რეგიონის ეკონომიკური პოტენციალი მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ

0
716

“მნიშვნელოვანია, მაქსიმალურად განვავითაროთ ადგილობრივი წარმოება და ბოლომდე გამოვიყენოთ საქართველოს ყველა რეგიონის ეკონომიკური პოტენციალი’’-ამის შესახებ,  რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ზურაბ ალავიძემ, ჭიათურაში,  მანგანუმის მადნის ახალი გამამდიდრებელი ქარხნის მშენებლობის დაწყების ცერემონიალზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
,,დღევანდელი დღე კიდევ ერთ, ძლიერ იმპულსს მისცემს რეგიონში ბიზნესის განვითარებას, ხელს შეუწყობს ადგილობრივების დასაქმებასა და სპეციალისტების კვალიფიკაციის ამაღლებას.  სწორედ ამ მიზნების მისაღწევად, რეგიონებსა და მუნიციპალიტეტებში ინფრასტრუქტურული პროექტების გახორციელება ჩვენი მთავრობის ერთ-ერთი პრიორიტეტია’’-განაცხადა ზურაბ ალავიძემ.
მინისტრმა გამოსვლისას ჭიათურაში მიმდინარე და დაგეგმილ პროექტებზე გაამახვილა ყურადღება.
,,სივრცითი მოწყობის აუცილებელი ელემენტია ურბანული ტრანსპორტის განვითარება.  ამიტომ, ჭიათურაში არსებული სამგზავრო საბაგირო გზების სისტემებისა და სადგურების სრული რეაბილიტაციის და რეკონსტრუქციის სამუშაოებს ვახორციელებთ. ჭიათურაში საბაგირო ტრანსპორტი  გადაადგილების  ერთ-ერთი ძირითადი საშუალებაა, რომელიც 1954 წლიდან ემსახურება ქალაქის მოსახლეობას. ახალი საბაგიროს პროექტი, სრულად, ზაფხულში დასრულდება, რის შედეგადაც,  ჭიათურის მოსახლეობა და სტუმრები მიიღებენ  ეკოლოგიურად სუფთა, ახალ სამგზავრო-საბაგირო ტრანსპორტს უსაფრთხო გადაადგილებისთვის.  უაღრესად მნიშვნელოვანია ჭიათურის წყალმომარაგების ქსელის რეაბილიტაცია. სამუშაოები დაახლოებით 1 თვეში დაიწყება. პროექტის დასრულების შემდეგ, 2019 წელს, ქალაქში საბოლოოდ მოგვარდება წლების განმავლობაში არსებული პრობლემა და ჭიათურის მოსახლეობა 24-საათიანი წყალმომარაგებით იქნება უზრუნველყოფილი. ყველაფერი, რაზეც დღეს ჩვენ ვსაუბრობთ, ემსახურება ქვეყნის განვითარებასა და თითოეული მოქალაქის კეთილდღეობას’’-განაცხადა ზურაბ ალავიძემ.
შპს „ჯორჯიან მანგანეზი“ ჭიათურაში მანგანუმის მადნის ახალი გამამდიდრებელი ქარხნის მშენებლობას იწყებს.სიმბოლური კაფსულა საძირკველში პირველმა ვიცეპრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ზურაბ ალავიძემ ჩადეს.

ცერემონიას საკანონმდებლო ორგანოს, ადგილობრივი ხელისუფლების და ბიზნესსექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here