ზრდასრულთა განათლება თანამედროვეობის პრიზმაში

0
682

„მეგონა,რომ სწავლა-განათლება მხოლოდ ახალგაზრდობის პერიოდში იყო შესაძლებელი,თუმცა ჩემი წარმოდგენა  53 წლის ასაკში დაიმსხვრა. ახლა ჩემი ცხოვრება უფრო მრავალფეროვანია.უფრო მეტი რამის შეცნობა შემიძლია.“ – თერეზა ერთერთი მათგანია, ვინც ახალქალაქის ზრდასრულთა განათლების ცენტრში ინგლისური ენის კურსები გაიარა. როგორც თავად განმარტა, კურსებმა  არა მარტო ცოდნა, არამედ მოტივაციაც შესძინა ,რომ თავად შეძლოს ცხოვრების ნებისმიერ ეტაპზე ახალი უნარების განვითარება. და რაც მთავარია,დაამსხვრია  მითი იმის შესახებ ,რომ პროფესიას ადამიანი მხოლოდ  ერთხელ ირჩევს.

ათეულობით წლის განმავლობაში ჩვენს ქვეყანაში დამკვიდრებული იყო აზრი, რომ ადამიანი ერთხელ ირჩევდა პროფესიას და შეცდომა არ უნდა დაეშვა, ვინაიდან მთელი სიცოცხლე ამ მიმართულებით მოუწევდა მუშაობა. ამასთან, პროფესიასაც დროულად უნდა დაუფლებოდა, ვინაიდან რამდენიმე წლის შემდეგ განათლებაზე ფიქრი მისთვის შესაძლოა ოცნებადვე დარჩენილიყო. ასეთივე მიჯაჭვულობა იგრძნობოდა სამსახურის მიმართაც: როცა ამა თუ იმ პროფესიის ადამიანი მუშაობას იწყებდა, დარწმუნებული იყო, რომ სიკვდილამდე იქ იმსახურებდა, ამიტომ, თუ რაიმე მიზეზით სამსახურის დატოვება მოუწევდა, ეს სიცოცხლის დაკარგვის ტოლფასად მიაჩნდა.

საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, ოცი წლის მანძილზე არსებითად შეიცვალა ზრდასრულთა განათლების სისტემა. ძველი ორგანიზაციული სტრუქტურები, დაფინანსების მოდელები და ამოცანები, რომლებიც ზრდასრულთა განათლების საბჭოთა სისტემას ახასიათებდა, გაქრნენ. დღევანდელი სისტემა მორგებულია სამიზნე ჯგუფის მოთხოვნებს და მათს   საჭიროებებზე  მორგებულ საგანმანათლებლო სერვისებს სთავაზობს.

საქართველოში ზრდასრულთა განათლების ხელშეწყობას სახალხოუნივერსიტეტთაგერმანულიასოციაცია „DVV International“ ახორციელებს. მათი ორგანიზებით  შეიქმნა ზრდასრულთა განათლების ცენტრები  სამცხე–ჯავახეთში , სამეგრელოში, გურიაში, აჭარაში, თეთრიწყაროში , ლაგოდეხში,  რაჭაში. ცენტრები  ბენეფიციარებს პიროვნული თუ პროფესიული განვითარების კურსებს სთავაზობენ: კომპიუტერი, გერმანული და ინგლისური ენები, საბანკო საქმე, ბუღალტერია და სხვადასხვა ხელსაქმე,რაც მათ სოციალიზაციასა და შრომის ბაზარზე თავის დამკვიდრებაში ეხმარებათ.

„ჩვენ 16 0000-ზე მეტი ბენეფიციარი გვყავს, რომლებსაც შრომის ბაზრის მოთხოვნების შესაბამის პროფესიულ და პიროვნული განვითარების კურსებს ვთავაზობთ.  ჩვენ მუდამ ვიზიარებთ ადგილობრივების ინტერესებს. თუ მათი დაკვეთა ერთი კონკრეტული  კურსის  დამატებაა, ჩვენ  ამ კურსით მათ აუცილებლად უზრუნველვყოფთ.  ამგვარი მიდგომა ზრდის ზრდასრულთა განათლებაში  ჩართულ ადამიანთა  რაოდენობას, აქტიურობას. მოგეხსენებათ, როცა რეგიონებზე ვსაუბრობთ, შუა ხნის ასაკის ადამიანი ვერ ტოვებს ოჯახს იმისათვის,რომ გარკვეულ  ცოდნას დაეუფლოს. ჩვენი ცენტრი კი ამის საუკეთესო საშუალებაა. მათ აუცილებლად უნდა მიეცეთ განვითარების შესაძლებლობა“ -აღნიშნა ლელიანის ზრდასრულთა განათლების ცენტრის წარმომადგენელმა – ნანა ნერსეზაშვილი.

მისივე თქმით, კურსები  ბენეფიციარებს არა მხოლოდ სამსახურის პოვნასა და თვითდასაქმებაში  არამედ არსებულის შენარჩუნებაშიც ეხმარებათ.მაგალითად, პედაგოგებისთვის მუდმივად იცვლება მოთხოვნები, შესაბამისად ცენტრი ხელს უწყობს მათ, რომ დააკმაყოფილონ ახალი მოთხოვნები და სტანდარტები,  რის შედეგადაც წარმატებით აბარებენ გამოცდებს.  ქალბატონი ნინო ცენტრის მიღწევად  მიიჩნევს იმასაც, რომ  ბენეფიციარების უმრავლესობა  თვითდასაქმებას ახერხებს. ისინი  სხვადასხვა პროექტში  იმარჯვებენ და გრანტების მოპოვებაც არ უჭირთ.

მოგეხსენებათ, საქართველო მრავალეროვანი ქვეყანაა,ეთნიკური უმცირესობები  მრავლად არიან ჩვენს ქვეყნააში,რაც თავისთავად აქტუალურს ხდის მათი ინტეგრაციის  საკითხსაც. იმისათვის,რომ  ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებმა თავი სრულფასოვან/სრულუფლებიან მოქალაქეებად იგრძონონ, ამისათვის აუცილებელია  მათაც თანაბარ პირობებში მოახერხონ  ეთნიკურად ქართველ მოსახლეობასთან თანაცხოვრება. ამის კარგი საშუალებაა აღნიშნული ცენტრები. როგორც ახალქალაქის ზრდასრულთა განათლების ცენტრის წარმომადგენელმა – შორენა თეთვაძემ განმარტა, არაქართველი მოსახლეობის ჩართვა ცენტრის აქტივობებში მათ ინტეგრაციაზე პოზიტიურ ზეგავლენას ახდენს. ეს ყოველივე კი ერთიანი, მშვიდობიანი სახელმწიფოს შენარჩუნების აუცილებელი პირობაა, ვინაიდან კონფლიქტებს წარმოქნის ალბათობა მკვეთრად მცირდება.

მიუხედავად იმისა, რომ 2002 წლიდან დღემდე ზრდასრულთა განათლების მიმართულებით მნიშვნელოვანი და პოზიტიური ნაბიჯები  გადაიდგა, მაინც მნიშვნელოვანი გამოწვევების წინაშე ვდგავართ.

საქართველოში ზრდასრულთა განათლება საკანონმდებლო დონეზე ოფიციალურად განმარტებული და დარეგულირებული არ არის. ერთი მხრივ ცენტრალურ დონეზე ჯერჯერობით არ ხდება პოლიტიკის შემუშავება ამ სფეროში და ასევე არც ადგილობრივი თვითმართველობები განიხილავენ ზრდასრულთა განათლებას, როგორც საკუთარ ამოცანას.ზრდასრულთა განათლებაზე  არ არიან პასუხისმგებელნი საჯარო ორგანოები ,      სამინისტროები.  შესაბამისად,  ვაწყდებით დაფინასნების პრბლემასაც.  განვითარებულ ქვეყნებში, მაგალითად, დიდ ბრიტანეთში ზრდასრულთა სწავლა დაფინანსებულია საჯარო, კერძო და მოხალისე წყაროებიდან.  საერთო დანახარჯი საჯარო წყაროებიდან აღემატება£30   ბილლიონს.

გარდა ამისა, ზრდასრულთა განათლებაში (როგორც ფორმალურ, ისე არაგორმალურში) მოქალაქეთა ჩართულობის დონის განსაზღვისათვის, სათანადო ანალიზის გაკეთებისა და შემდგომ ადექვატური პოლიტიკის შემუშავებისთვის, აუცილებელია სფეროში მუდმივი სტატისტიკური აღრიცხვის დანერგვა.

დაბოლოს, მაინც რატომ უნდა ზრუნავდეს ქვეყანა ზრდასრულთა სწავლებაზე, როცა მას უამრავი სხვა მნიშვნელოვანი პრობლემა აქვს მოსაგვარებელი?

 ვფიქრობ, დამეთანხმებით, რომ ქვეყნის ძლიერება ბევრად არის დამოკიდებული იმაზე, რამდენად დაცულად, უსაფრთხოდ, იმედიანად და მშვიდად გრძნობენ თავს მისი მოქალაქეები, რამდენად აქვთ მათ ემოციური სტაბილურობის განცდა და ახერხებენ თვითაქტუალიზაციის მოთხოვნილების დაკმაყოფილებას. სამწუხაროდ, ჩვენს ქვეყანაში განათლების მიღებაზე ფიქრს ადამიანი საკმაოდ ადრე ამთავრებს და ამით მომავალში საკუთარ ცხოვრებაში სერიოზული ცვლილებების იმედსაც კარგავს, რაც მასში ემოციური არასტაბილურობის განცდას ბადებს. ცხადია, ასეთი ადამიანი სასიკეთოს ბევრს ვერაფერს გააკეთებს ქვეყნისთვის და თვითაქტუალიზაციის მოთხოვნილებაც დაუკმაყოფილებელი დარჩება. არარეალიზებული ადამიანი კი ასაფეთქებლად გამზადებული ნაღმია საზოგადოებისთვის და ასოციალურ ქცევას სწორედ მისგან უნდა მოველოდეთ.

განათლება ადამიანს ეხმარება როგორც შიშის დაძლევაში, ასევე ემოციური სტაბილურობის განცდაშიც, მომავლის რწმენას, იმედს უღვივებს მას და, აქედან გამომდინარე, უფრო დაცულადაც აგრძნობინებს თავს. ასეთი ადამიანი სასიკეთო საქმეების საკეთებლად არის მომართული, რაც, თავის მხრივ, ქვეყანას აძლიერებს.

მარიამ ტყეშელაშვილი

მარიამ ლეკიაშვილი

კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here