
ცნობილმა ბრიტანულმა გამოცემამ „FDI intelligence“ 2017/18 წლისთვის ტურიზმის სფეროში მომავლის საუკეთესო საინვესტიციო ლოკაციები დაასახელა, რომელთა შორის საქართველო ერთ-ერთ მოწინავე ადგილზეა. საქართველომ საუკეთესო საინვესტიციო ლოკაციის ჯილდო დაიმსახურა რამდენიმე მიმართულებით კერძოდ კი: სპა და გამაჯანსაღებელ სექტორში, ფინანსური მხარდაჭერის მექანიზმის დარგში, უცხოელი ვიზიტორების მრავალფეროვნებისა და ქვეყანაში საერთაშორისო ვიზიტორების გამარტივებული პროცედურებით შემოსვლის მიმართულებით საქართველო წამყვანი ქვეყანა გახდა.
2016 წლის მანძილზე საქართველოში 6.35 მილიონზე მეტი უცხოეთის მოქალაქე იმყოფებოდა, რაც წინა წელთან შედარებით 7.6%-ით მეტია, ამავდროულად, უნდა აღინიშნოს, რომ ტურისტების ეთნიკური მრავალფეროვნება საკმაოდ მნიშვნელოვანი კომპონენტია ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისთვის და სწორედ ამიტომ, საქართველომ სტუმრების მრავალფეროვნების დარგშიც მიიღო განსაკუთრებული ჯილდო.