ადგილი, სადაც დრო გაჩერდა

0
1171

ყოფილი  სამხედრო  დასახლება – ვაზიანი, დღესდღეისობით 5 000 ზე მეტი ადამიანისთვის ერთადერთ თავშესაფარს წარმოადგენს. ადგილობრივი მაცხოვრებლები ძირითადად სოციალურად დაუცველები, აფხაზეთიდან დევნილები და უსახლკაროები არიან. დასახლება თბილისიდან ხუთიოდე კილომეტრში მდებარეობს. შემაღლებულ გორაკზე მოჩანს  ჩვეულებრივი საბჭოთა დიზაინით ჩამწკრივებული, სინკარით აშენებული უსახური შენობები. ერთმანეთის მსგავსი ნაცრისფერი, ნახევრად ჩამონგრეული ბეტონის კონსტრუქციები, თითქოს მოქუფრული სახით გიმზერს და  გეუბნება – კეთილი იყოს შენი მობრძანება არსად, დასალიერში! ეზოების თვალიერებისას, ორსართულიან შენობას წავაწყდებით, რომელსაც ნახევრად ჩამონგრეული სახურავი აქვს. ამ შენობაში,  ძირითადად ვეტერანები და მათი ოჯახები ცხოვრობს. ერთ-ერთი ვეტერანის მეუღლე, ქალბატონი ვიოლეტა მიდელაშვილი ჩვენთან საუბრისას ამბობს: „საცხოვრებელი პირობები, როგორც თქვენ ხედავთ, არის საშინელი. წყალი  ახლახან  შემოვიყვანეთ ეზომდე, ხოლო გაზს რაც შეეხება, თავდაპირველად უნდოდათ, რომ ვეტერანებს უფასოდ ჰქონოდათ, მაგრამ ეს საქმე ვერ გამოვიდა. მე გაზი თებერვლიდან მაქვს გათიშული, რადგან გადასახადის გადახდას ვერ ვახერხებ. საკანალიზაციო სისტემა თითქმის არცერთ შენობას არ აქვს მუშა მდგომარეობაში   და ფეკალური მასები პირდაპირ ჩაედინება საცხოვრებელი კორპუსების სარდაფებსა და საძირკველში. ამას თავი რომ დავანებოთ, სახურავებიც არ გვაქვს. გინდა გარეთ უწვიმია, გინდა შიგნით… სინესტეს მიაქვს აქაურობა.“

ქალბატონი ვიოლეტას თქმის გარეშეც მიხვდება ადამიანი, რომ ეს შენობა ავარიულია და მაცხოვრებლებს, სიცოცხლის საფრთხეს უქმნის. მესამე სართულზე ასვლისას, თავი მაქსიმალურად უნდა აარიდო დერეფნებსა და სადარბაზოებში დამდგარ გუბეებს, რადგან გასულ ღამეს მოსული წვიმის კვალი, შენობიდან გაუსვლელადაც თვალშისაცემია. მწყობრიდან გამოსული ბეტონის კონსტრუქცია, რომელიღაც საშიში ფილმის სცენას უფრო ჰგავს, ვიდრე საცხოვრებელს. 25 წლის ანა გელაშვილი, სარეცხს ფენს დერეფანში, თან პოლიეთილენის პარკს აფარებს ზემოდან, რომ სახურავიდან ჩამოსულმა წვიმის წვეთებმა, სარეცხი ხელმეორედ არ დაუსვაროს. ანა, ბიძამისის სახლში, მეუღლესთან და ორ მცირეწლოვან შვილთან ერთად ცხოვრობს. მან თავისი ოთახი გვაჩვენა, სადაც წყლით სავსე რამდენიმე სათლი იდგა. ასე ცდილობს ორი შვილის დედა, ოთახის დაცვას  დატბორვისგან : „ხანდახან ისეთი ნესტია ამ ოთახში, რომ ვერცერთი ვერ ვჩერდებით და გამოვდივართ მისაღებ ოთახში, მითუმეტეს პატარა, ათი თვის არის და მისი ჯანმრთელობისთვის აქ გაჩერება არ შეიძლება“, ამბობს ანა. ვაზიანში არსებული ორმოცდაათამდე შენობა თავდაცვის უწყების ბალანსზეა, თუმცა, ცოტა ხნის წინ, სამი მათგანი, ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს გადაეცა. დანარჩენ კორპუსებში, უკანონოდ შეჭრილი მოსახლეობა, წლებია, ცხოვრობს. აქედან არც ერთ მაცხოვრებელს ბინა საკუთრებაში არ აქვს დარეგისტრირებული. ეს ერთ-ერთი იმ მიზეზთაგანია, რის გამოც ადგილობრივი მოსახლეობის ნაწილი ვერ იუმჯობესებს საცხოვრებელ პირობებს. მათ არ აქვთ იმის გარანტია, რომ ხვალ ამ შენობებიდან არ გამოასახლებენ და ამიტომაც არიან უძრავად. ამის გარდა, ვაზიანში არ არის სამედიცინო პუნქტი, პოლიციის შენობა და მთელი რიგი დაწესებულებები, რომელიც ადგილობრივების დასაქმებას შეუწყობდა ხელს. ყურადღების მიღმაა დარჩენილი ახალგაზრდობა, რომლებსაც,  ფეხბურთის სათამაშოდ  ერთადერთი სტადიონი აქვს, ისიც სკოლის ეზოში. 17 წლის მარიამ პაქსაძე სკოლის მოსწავლეა. ის გვესაუბრება იმ პრობლემებზე, რომელიც ადგილობრივ ახალგაზრდებს აწუხებს: „კარგად და ბეჯითად მეცადინეობს ის, ვისაც იმედი აქვს, რომ მომავალში ექნება ფინანსური ხელშეწყობა, შეძლებს თბილისში გადასვლას და მომავლის შექმნას. მაგრამ, ვაზიანში ძალიან ბევრია, ვისაც არ აქვს ამის საშუალება და აქედან გამომდინარე, მიიჩნევენ, რომ სწავლას აზრი არ აქვს“. ის, ასევე აღნიშნავს, რომ  ადგილობრივი მოზარდებისთვის, ინფრასტრუქტურულ პრობლემებზე მწვავედ, დასაქმების სახითხი დგას : “ ფაქტობრივად, აქ მხოლოდ ბაღში ან სკოლაში თუ შეძლებ დასაქმებას, იქაც შეზღუდული რაოდენობით სჭირდებათ თანამშრომლები. მაღაზიებში კი, ძირითადად, თავად მეპატრონეები არიან დასაქმებულნი, ასე, რომ დიდი არჩევანით არ ვართ განებივრებულები“ ამბობს მარიამი.

ვაზიანის დასახლება, თავდაპირველად, საზოგადოების ყურადღების ცენტრში 2013 წლის 11 მარტს აღმოჩნდა, როცა ხუთსართულიანი შენობა, ნაწილობრივ ჩამოინგრა. მას შემდეგ, სამი წელი გავიდა და იმავე შენობაში, ადამიანები კვლავ აგრძელებენ ცხოვრებას. დასახლებაში არ არსებობს კორპუსი, რომელსაც არ ესაჭიროება გამაგრება. თითქმის არცერთ საცხოვრის არ აქვს სახურავი, მაგრამ მძიმე სოციალური მდგომარეობის გამო, მოსახლეობა იძულებულია შეეგუოს არსებულ სიტუაციას.

59 წლის ჯულიეტა არლოვა ადგილობრივი მოსახლეა. ის იმ პირობებზე საუბრობს, რომელშიც მას უწევს ყოფნა: “ელემენტარულად, ის ვერ მოვახერხე, რომ ჩემი სახლის ფანჯრები შემეკეთებინა… გინდა გარეთ უწვიმია, გინდა შიგნით. აქ თითქმის ყველა ესეთ დღეშია… რამდენჯერმე დავწერე წერილი, სოციალური დახმარება მოვითხოვე გარდაბნის მუნიციპალიტეტში, მაგრამ არ მომცეს, ქულები გაქვსო ბევრიო. არადა მარტოხელა დედა ვარ, ქმარს დიდი ხნის წინ გავშორდი და მარტო ვცხოვრობ. სამსახური მე არ მაქვს და ველოდები, როდის გავხდები 60-ი წლის, იქნებ პენსიას მაინც მოვესწრო და ამით  შევძლო საკუთარი თავის შენახვა“. ჩვენთან საუბრისას, ქალბატონი ჯულიეტა უკმაყოფილებას გამოთქვამს სოციალური მუშაკების მუშაობით და ფიქრობს, რომ სახელმწიფოს მხრიდან მეტი ყურადღების შემთხვევაში, ადგილობრივი მოსახლეობის პრობლემები, სწრაფად მოგვარებადია.

ყოფილ საბჭოთა ოფიცერთა საცხოვრებელი ქალაქი – ვაზიანი, დღესდღეობით, სავალალო  მდგომარეობაშია. დაბინძურებული გარემო, ავარიული კორპუსები, მწყობრიდან გამოსული ინფრასტრუქტურა… ეს ის მცირე ჩამონათვალია, რასაც ამ დასახლებაში წააწყდებით. დედაქალაქთან სიახლოვის მიუხედავად, ვაზიანის დასახლება, საკმაოდ ნელი ტემპით ვითარდება და როგორც ადგილობრივები ხუმრობენ ხოლმე, აქ თითქოს დროა გაჩერებული.

 

ავტორი: ვიკა შაუთიძე

კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here