
2008 წლის აგვისტოს ომის დროს, გორის რაიონში, ყველაზე მეტად სოფელი ერგნეთი დაზარალდა. ის, ე.წ საოკუპაციო ზოლიდან, ასიოდე მეტრში მდებარეობს. ერგნეთში ქართული ბლოკ-საგუშაგო დგას, საგუშაგოდან, სულ რაღაც, 50 მეტრში კი სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო საზღვარი იწყება. დღესდღეობით, ადგილობრივი მოსახლეობა 187 ოჯახს შეადგენს.
ერთმანეთის ჩაყოლებაზე მდგომი წითელსახურავიანი სახლები შორიდანვე თვალშისაცემია. ეს იმის მანიშნებელია, რომ აგვისტოს ომს ვერცერთი მათგანი გადაურჩა. უკვე რვა წელი გავიდა ომის შემდეგ, მაგრამ ზოგიერთ სახლს მაინც ატყვია ომის კვალი : გადამწვარი შენობები, დაცხრილული კედლები, კვამლის სუნით გაჟღენთილი ოთახები… ეს ის რეალობაა, რომელშიც ადგილობრივი მოსახლეობის ნაწილს უწევს ცხოვრება. თუმცა, ამ ეტაპზე, სოფელში სასიკეთო ცვლილებებზე საუბრობენ.
66 წლის გულო ჩლაჩიძე დაბადებიდან ერგნეთში ცხოვრობს. მან, 2008 წლის ომის სისატიკე, საკუთარ თავზე გამოსცადა. ის ცხინვალის ე.წ საზღვართან რამდენიმე მეტრში ცხოვრობს, მეუღლესთან ერთად. ის იხსნებეს ომს და საუბრობს, თუ რა ვითარებაა ამ ეტაპზე სოფელში. მისი თქმით, 2008 წლის შემდეგ, ადგილობრივები უფრო მშვიდად არიან. არ ეშინიათ, რომ ვინმე საზღვარს გადმოჰკვეთს და შეაწუხებს. ვერც ისეთ შემთხვევებს იხსენებს, რომ ოკუპირებული ტერიტორიებიდან სეპარატისტებს ვინმე გაეტაცებინათ. კითხვაზე, თუ რას ფიქრობს საერთაშორისო საზოგადოების ჩართულობაზე რეგიონში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით, ქალბატონი გულო გვპასუხობს, რომ მათგან, დაპირებების გარდა, არაფერი მოუსმენია, მხოლოდ შეშფოთებას გამოხატავენ. მადლობელია, რომ დანიის დევნილთა საბჭომ ბინა გაურემონტა და, ამ მხრივ, დაეხმარა, მაგრამ არსებული სიტუაციის დარეგულირებას, რუსეთთან ურთიერთობების მოწესრიგებაში ხედავს.
წინა წლებთან შედარებით, პოზიტიური ცვლილებები შესამჩნევია: მოწესრიგდა წყლის სისტემა, სოფელს გაზი და ელექტროენერგია შეუფერხებლად მიეწოდება. ჩვენთან საუბრისას ერგნეთელები აღნიშნავენ, რომ გადასახადების გადახდა მათთვის დიდ პრობლემას წარმოადგენს. როგორც ცნობილია, ომის დროს, იქ შესული მარადიორები, რამდენიმე დღის განმავლობაში სოფელს ძარცვავდნენ და შემდეგ სახლებს წვავდნენ. უმძიმეს სოციალურ და მატერიალურ მდგომარეობაში ჩავარდნილ მოსახლეობას, ფაქტობრივად, თავიდან მოუხდათ ცხოვრების დაწყება. 2015 წლის ივნისიდან, შ.პ.ს. „საქართველოს მელიორაცია“ გორის მუნიციპალიტეტში, სოფელ ერგნეთში, სარწყავი სისტემის სარემონტო სამუშაოებს ახორციელებს. ეს პროექტი ომის შედეგად დაზარალებული ოჯახების დაბრუნებასა და ადგილზე ინტეგრაციის მხარდაჭერას ემსახურება. ის შვეიცარიის განვითარების ოფისისა და დანიის ლტოლვილთა საბჭოს ხელშეწყობით ხორცილედება. მიუხედავათ ჩატარებული სამუშაოებისა, მოსახლეობის გარკვეული ნაწილი უკმაყოფილებას გამოთქვამს. მათი შეფასებით, კოტეჯების მშენებლობისას, არ გაითვალისწინეს ადგილობრივების ინტერესები. 51 წლის ალა დოიჯაშვილი, ერგნეთის მკვიდრია. ჩვენთან საუბრისას ის ამბობს, რომ სახლების შეკეთების პროცესი სელექციური იყო და ვერ ხვდება, რა კრიტერიუმების გამო არ გაარემონტეს მისი ბინა. „რადგან ჩემი სახლის სახურავი მთლიანად არ იყო ჩამოქცეული, არც კოტეჯი მოგვცეს და არც თანხა გადმოგვცეს სრულად. დანიის ლტოლვილთა საბჭოს შემდეგ, დახმარება სახელმწიფოს ვთხოვე, მაგრამ მათგან უარი მივიღე, მიზეზად კი უსახსრობა დამისახელეს.“
მიუხედავად სოციალური და ეკონომიკური პრობლემებისა, ერგნეთის მოსახლეობას იმედი აქვს, რომ ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონაში მშვიდობა დაისადგურებს. რაც შეეხება ე.წ საზღვრებს… მარიონეტული რეჟიმის წარმომადგენლები კვლავ აგრძელებენ „მცოცავ ოკუპაციას“. მავთულხლართებისა და ბანერების აღმართვა, სათვალთვალო კამერების დამონტაჟება ოკუპირებული საზღვრების მიღმა – ყოველივე ეს, ერგნეთელებისთვის, არსებული რეალობაა, რადგან სოფლის ჩრდილოეთ ნაწილი საოკუპაციო მავთულხლართების სიახლოვესაა.
მალხაზ ტოროშელიძე, 2008 წლის ომის დროს, მშობლიურ ერგნეთში იმყოფებოდა. „ტყვიის წვიმას“ , ოჯახთან ერთად , სოფელ ტყვიავში გაექცა. მის საცხოვრებელ სახლს ომის კვალი დღესაც ამჩნევია: დაცხრილული კედლები, დამწვარი ოთახები, ნახევრად ჩამონგრეული სახურავი, რვა წლის წინ დატრიალებული მოვლენების შემზარავ ისტორიას ინახავს. ბატონი მალხაზი მიიჩნევს, რომ ერგნეთის ბაზრობის აღდგენა ხელს შეუწყობს სიტუაციის დარეგულირებას. ჩვენთან საუბრისას ის ამბობს, რომ ბაზრობა ქართველ და ოს ხალხს უფრო დაახლოებს. „უნდა გაიხსნას, რათა კვლავ აღდგეს ჩვენს შორის ურთიერთობა. ადრე უპრობლემოდ გადავაადგილდებოდი ცხინვალში. მას შემდეგ, რაც ბაზარი დახურეს, აირია სიტუაცია. გაიგე ახლა, ვინ დააშავა. ფაქტია, ომმა ყველაზე მეტად ჩვენ დაგვაზარალა“. კითხვაზე, აქვს თუ არა შიში საოკუპაციო ზოლთან ცხოვრების გამო, ბატონი მალხაზი გვპასუხობს: „თავისთავად. აქ რომ ცხოვრობ, მაინც შიშის ქვეშ გიწევს ყოფნა. უცბად რა მოხდება არავინ იცის. აი, თუნდაც, ახლა რა მოხდა აფხაზეთის საზღვართან – მესაზღვრე გადმოვიდა და უდანაშაულო ადამიანი მოკლა. მე მეშინია, სადმე წავიდე და მეუღლე მარტო დავტოვო“. მიუხედავად გადატანილი ტრამვისა, ის მიიჩნევს, რომ სიტუაცია ომამდელ პერიოდს უნდა დაუბრუნდეს. რაც შეეხება მის სოციალურ მდგომარეობას… მისმა ოჯახმა, სოციალური დახმარების მისაღებად, განცხადება დაწერა, მაგრამ სახელმწიფომ მისი თხოვნა არ დააკმაყოფილა. მიზეზი კი ის ავტომობილი აღმოჩნდა, რომელიც მათთვის გადაადგილების ერთადერთ საშუალებას წარმოადგენს. იქიდან გამომდინარე, რომ ერგნეთში, დღესდღეობით, სავაჭრო ობიექტი არ არსებობს, მოსახლეობას , ძირითადად, გორიდან უწევს პროდუქტების მომარაგება. ადგილობრივების თქმით, ხელისუფლების მხრიდან მეტი ყურადღების შემთხვევაში, არსებული სიტუაციის უკეთესობისკენ შეცვლა, უახლოეს მომავალშია შესაძლებელი. მაგრამ, „მცოცავი ოკუპაციის“ „მცოცავი სანტიმეტრები“, მხოლოდ საქართველოს ხელისუფლებაზე როდია დამოკიდებული. ისეთ გარემოში, სადაც ჩრდილოელი მეზობელი სათვალთვალო კამერებით აკვირდება თითოეულ შენს ნაბიჯს, რთულია, გამოიცნო, რას გიქადის მომავალი.
ავტორი: მარი ტიელიძე, ვიკა შაუთიძე