19 დეკემბერს, საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ, კულტურის სამინისტროში ქართველ ძიუდოისტებს უმასპინძლა და სანკტ-პეტერბურგის მასტერსზე მოპოვებული ტრიუმფალური გამარჯვება პირადად მიულოცა.
საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა სანკტ-პეტერბურგში მასტერსზე 3 ოქროს, 1 ვერცხლის და 1 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა და ვაჟთა შორის გუნდური პირველი ადგილი დაიკავა.
მასტერსის გამარჯვებულები გახდნენ: ბექა ღვინიაშვილი (-90კგ), ვარლამ ლიპარტელიანი (-100კგ) და გურამ თუშიშვილი (+100კგ), ვერცხლის მედალს ლაშა შავდათუაშვილი დაეუფლა (-73კგ), ხოლო ბრინჯაოს მედალი ვაჟა მარგველაშვილმა (-66კგ) მოიპოვა.
საქართველოს ნაკრები მასტერსზე სულ 6 ძიუდოისტით იყო წარმოდგენილი და ხუთმა მათგანმა მედლის მოპოვება მოახერხა. ვაჟთა შორის 7 ფინალიდან 4 ქართველი ძიუდოისტების მონაწილეობით ჩატარდა.
აღსანიშნავია, რომ მასტერსის ისტორიაში ქართველ ძიუდოისტებს აქამდე მხოლოდ 2 ოქროს მედალი ჰქონდათ მოპოვებული (2013 წელს ადამ ოქრუაშვილს და 2015 წელს ბექა ღვინიაშვილს), ამჯერად კი, შეჯიბრის ერთ დღეს 3 ოქროს მედალი მოიპოვეს.
შეხვედრას გამარჯვებულებისა და პრიზიორების – ბექა ღვინიაშვილის, გურამ თუშიშვილის, ლაშა შავდათუაშვილისა და ვაჟა მარგველაშვილის გარდა, ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტი დავით ქევხიშვილი და საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების მწვრთნელი ირაკლი ცირეკიძე ესწრებოდნენ.












