„მექანიკური ფორთოხალი“, როგორც ქართულად თავისუფალი ექსპერიმენტი

0
1096

„სპექტაკლზე 16 წლამდე მაყურებლები არ დაიშვებიან“- გვაფრთხილებს აფიშა „თავისუფალი თეატრის“ შესასვლელში. ეს ცალკეული ინტრიგა და დიდი ინტერესია, ჩემი აზრით კი, საკმაოდ კარგად გათვლილი ნაბიჯი, რადგან საყოველთაოდ ცნობილია, რომ აკრძალული ხილი უფრო ტკბილია. თუმცა, ამჯერად, ეს აკრძალვა მოქმედებს და დარბაზში აკრძალულ ასაკს ქვემოთ მაყურებლებს ვერ შეამჩნევთ, სამაგიეროდ, კარგადშესამჩნევია სცენაზე ოთხი ეკრანი და ცისფერ ფონზე გაცოცხლებული აფხაზეთის ომის კადრები. ცისფერი და ლურჯი ფერი, მომდევნო ორი საათის მანძილზე, მაყურებლის თანმდევი ტალღაა, რომელიც სცენაზე ოთხ ბოროტმოქმედსა და დარბაზში მაყურებელს დამალობანას ეთამაშება. საბედნიეროდ, თამაში არ „უწევს“ ეპოქასა და დროს, როცა ყველაფერი ქართული ერთი დიდი ექსპერიმენტის ნაწილი იყო. ამჯერად, ექსპერიმენტი მტვრიან სცენაზე ცოცხლდება და ვიტრინებზე აკრული ოთხი „ძმაკაცის“ სახე სამუდამოდ ამახსოვრდება მაყურებელს. ალექსი, ჯორჯი ბიჭი, ბნელო და კოსტა – „თავისუფალი თეატრის“ სცენაზე „მექანიკური ფორთოხალი“ თამაშდება, როგორც კიდევ ერთი ქართული, თავისუფალი ექსპერიმენტი.

  „მექანიკური ფორთოხალი“ 1962 წელს ენტონი ბერჯესმა დაწერა. წიგნი კიდევ უფრო პოპულარული 1972 წელს გახდა, როცა სტენლი კუბრიკმა ამავე სახელწოდების მხატვრული ფილმი გადაიღო. ფილმი საკულტო ნაწარმოებად, ხოლო მალკოლმ მაკდაუელი (ალექსის როლის შემსრულებელი) ინგლისელების საყვარელმსახიობადიქცა. 60-იან წლებში დაწყებული ექსპერიმენტი 2012 წელს რეჟისორმა ავთო ვარსიმაშვილმა თეატრის სცენაზე გააცოცხლა. სპექტაკლი ფილმისა და წიგნისგან არსობრივად განსხვავდება, მაგრამ სიუჟეტურ ხაზს, ძირითადად, იმეორებს. სპექტაკლში „თავისუფალი თეატრის“ მსახიობები – აპოლონკუბლაშვილი, ჯაბაკილაძე, გიორგი ჯიქია,ლაშაგურგენიძე,სლავანათენაძე და სხვები მონაწილეობენ. ის დღემდე წარმატებით იდგმება და მაყურებლებში დიდი პოპულარულობით სარგებლობს. ბილეთები რამდენიმე კვირით ადრე იყიდება იმ ექსპერიმენტის სანახავად, რომელიც რეჟისორმა ქართულ რეალობას მოარგო. მაშ ასე, „ვშვებით-მეთქი რამეს?“

  90-იანი წლების თბილისი, მხედრიონი, ქუჩებში გამეფებული ტერორი, ბოთლის ნამსხვრევებით დაფარული ქვაფენილი, სისხლით მორწყული ბალახი და პეროვსკაია – ქუჩა, რომელზეც „სისხლიანი ღამეები“ დროგამოშვებით იმართებოდა. „მექანიკური ფორთოხალის“ მოქმედება იმ დროის პეროვსკაიაზე ხდება. სცენაზე ჩანს იმ დროის ქუჩა, სერგო ქობულაძის გაცრეცილი და გაცვეთილი ილუსტრაციებით გაფორმებული ვიტრინები და ზედ აკრული ოთხი ადამიანი. ნახატები ძველია, ისევე, როგორც დრო, რომელსაც ასახავს. თამარისდროინდელი საქართველო და „ოქროს ხანა“ უკვე წარსულია, წარსულია ასევე მეგობრობა, მამაცობა, ნდობა, პატივისცემა. მათ ადგილს ომსგადარჩენილი, მხედრიონის ზურგსამოფარებული, ქუჩაში გავარდნილი ახლაგაზრდები იკავებენ, რომლებიც, ისედაც შეშინებულ და აფორიაქებულ მოსახლეობას, შიშის ზარს სცემენ.

  ოთხი მეგობრის თავგადასავალიც სწორედ აქ იწყება. ალექსი, ჯორჯი ბიჭი, ბნელო და კოსტა ძველი, განუყრელი მეგობრები არიან, ჩვენ წინაშე თავს „მხედრიონით“ იწონებენ და „საგმირო“ საქმეების ჩასადენად მიემართებიან. ამ გზაზე შემთხვევით შემხვედრი მასწავლებელი მათი პირველი მსხვერპლი ხდება, მისთვის საყვარელი წიგნები კი – საყოველთაო დაცინვის და ქილიკის მიზეზი. ბიჭები ყოველმხრივ ცდილობენ თავის გამოჩენას და სწორედ აქ ხდება მათი მაყურებლის წინაშე „გრანდიოზული“ წარდგენა. ალექსიმათი ლიდერია, შედარებით მოზომილი და გაწონსაწორებული ბელადი. მუსიკაზე შეყვარებულიჯორჯი ბიჭი, რომელსაც ჯგუფის ლიდერობაზე აქვს პრეტენზია – იდეების გენერატორია, თამამი და „საქმის“ დამწყები, გამგრძელებელი და შემსრულებელი. ბნელო – ბნელი იდეებით მოცული პროვოკატორი, კარიერისტი და პატივმოყვარე „მეგობარი“ და კოსტა, თითქოსდა მათთან შემთხვევით მოხვედრილი და „გულუბრყვილო“, მეგობრებს აყოლილი ძმაკაცი, რომლისთვისაც მთავარი „გუნდია“.

მასწავლებელი ბიჭების მსხვერპლი პირველი ვიტრინის წინ ხდება. ვიტრინიდან სისასტიკის ფონად ქობულაძის ნახატია, „წიგნი ნესტან-დარეჯანისა საყვარელსა თანა მიწერილი“. ამით კი ის დასტურდება, რომ მეგობრებისთვის წმინდა არაფერი არსებობს. მოხუცი მასწავლებლის ლაბადაში შემთხვევით ნაპოვნი წერილები, საყვარელი წიგნები საბოლოოდ ქაღალდის ნაკუწებად იქცევა, თავად მოხუცის გვამზე მიმოფანტული. ერთადერთი იმედის გაელვება კოსტას სულში გამოძახილია, რომელიც ვერ ხვდება თუ რით დაიმსახურა მოხუცმა სიკვდილი. მეგობრებში კი კონფლიქტი იწყება, თუმცა კოსტამ მაინც როგორ ვერ ისწავლა, თუ რა მოსდევს ყოველ ამგვარ „გმირობას“ – სროლა და გათამაშებული სიკვდილი.

ხურდა ფულს, რომელიც ბიჭებმა არ დაინანეს და მასში ჩაახრჩვეს კიდეც ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ერთ-ერთი წევრი, იმ ვიტრინის წინ გაუდიოდა წკრიალი, სადაც ილუსტრაცია „ტარიელს ლომი მოეკლა, მით ხრმალსა სისხლი სცხებოდა“ იყო გაკრული. ოთხი ტელეეკრანიდან ერთ-ერთზე ზვიად გამსახურდია მოგვმართავდა. დამდგმელი რეჟისორი და მსახიობები ოსტატურად იყენებენ ამ დეკორეციებს და იმ მოძრავ ვიტრინებს, სადაც სიკვდილის სცენები თამაშდება.

  სპექტაკლის მესამე და მეოთხე ეპიზოდიც „გმირობაა“, ოთხი მეგობრის თავგადაკლული შრომის შედეგად მიღწეული. „ყოველგვარი მცდელობა, პიროვნებას თავს მოვახვიოთ კანონები, ამით მას მექანიკურ თოჯინად ვაქცევთ“ – კითხულობს ალექსი ნაწყვეტს წიგნიდან „მექანიკური ფორთოხალი“ და ეს ფრაზა სპექტაკლის, რეჟისორის და მსახიობების მთავარი სათქმელი ხდება. ბიჭების„ექსპერიმენტი“ კი გრძელდება და არავინ არ ისჯება, არავინ არავის სთხოვს პასუხს. იქმნება ილუზია, ნუთუასეთი ბოროტება დაუგმობელი შეიძლება იყოს? ნუთუ ბოროტება, რომელიც ბიჭებმა ჩაიდინეს, დაუსჯელი დარჩება? მაგრამ სწორედ ამ დროს შემოდის სცენაზე თეთრხალათიანი, სათავლეებიანი ქალი, რომელიც ჩაუვლის ოთხეულს და ისე, სასხვათაშორისოდ გადახედავს მათ. აქ კი მაყურებელი ხედავს, თუ როგორ ამოწმებს ქალი იმას, მიმდინარეობს თუ არა „ექსპერიმენტი“ სწორად.

  დრო გადის. ლიდერები იცვლება, ჯგუფში კონფლიქტი მწვავდება, ლურჯ-ცისფერი ფერები ისევ დამალობანას ეთამაშება მაყურებელს და სპექტაკლის მეორე ნაწილიც იწყება. ისევ ექსპერიმენტი – გამოსასწორებელი ოპერაცია, ტვინის გაწმენდა, ალექსის შემაძრწუნებელი ყვირილი – „ნუთუ რაც მიყვარს, ყველაფერი უნდა შემაზიზღოთ?“. ამ ფრაზით გვგონია, რომ ყველაფერი დამთავრდა და ბეთჰოვენის მეცხრე სიმფონიის ფონზე ალექსისთვის ახალი ერა დაიწყო. სინამდვილეში კი ეს მუსიკამასზე დაკისრებულ მისიას ახსენებს მას. მისიას, რომლის მიხედვითაც ის დღესაც დადის ქუჩებში და ასრულებს მასზე დაკისრებულ მოვალეობას. მუსიკა მხოლოდ ხსნა არაა, ის იმ დასარულის დასაწყისია, რომელიც ავთო ვარსიმაშვილმა ოთხი წლის წინ შემოგვთავაზა. „მე მაქვს  განცდა,  რომ გასული  საუკუნის 90–იან წლებში ჩვენს ქალაქში ვიღაცეებმა, სრულიად შეგნებულად და გეგმაზომიერად, სახიფათო ექსპერიმენტი ჩაატარეს და გამოიყვანეს ადამიანის სრულიად ახალი ტიპი, ამის  გამო ძალიან ბევრი რამ, რაც დღეს, 2012 წელს,  არ  მოგვწონს ჩვენს  ქვეყანაში, სწორედ იმ გამოყვანილი ადამიანების გამო  ხდება“ – მოგვმართავს რეჟისორი და გვიტოვებს ინტრიგას, ინტრიგას, რომელშიც დღეს ვცხოვრობთ.

  სცენას ისევ უხეში მტვერი ასდის. ვიტრინებიდან გაცრეცილი ილუსტრაციები ჩვენს დიად წარსულს ტკივილამდე გვანატრებს. ოთხი მეგობარი მანეკენად ქცეულა და ბნელი ქუჩიდან ახალ, სისხლიან თავგადასავალს გვთავაზობს. მომავალი დღეები ისევ ექსპერიმენტია, ქართულად თავისუფალი ექსპერიმენტი, რომელიც ალექსს ამ სიტყვების წარმოთქმას აიძულებს: “ოთხნი ვიყავით, ჯორჯი ბიჭი, ბნელო, კოსტა და მე, ალექსი .“

სპეკტაკლის რეცენზია

ავტორი: მარიამ გვარამია

კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here