Home სხვადასხვა პრესის სავარაუდო მომავალი

პრესის სავარაუდო მომავალი

0
პრესის სავარაუდო მომავალი

ნებისმიერ ქვეყანაში მოსახლეობის ინფორმირებას ჟურნალისტიკა ემსახურება. ეს უკანასკნელი, დღესდღეობით, სხვადასხვა ფორმითა და მეთოდით ინფორმაციის გავრცელებას გულისხმობს. მედიასაშუალებების მრავალფეროვნებას საქართველოშიც ვხვდებით. ჩვენს ქვეყანაში გვესმის საუბრები იმის შესახებ, რომ პრესას „გადაშენება“ ემუქრება. ამ მოსაზრების არსებობას არაერთი მოტივი განაპირობებს.

  საქართველოში პრესას საკმაოდ დიდი ისტორია აქვს. ჯერ კიდევ უახლოეს წარსულში ის პროპაგანდისა და აგიტაციის უპირველესი საშუალება იყო. ილია ჭავჭავაძის მიერ დაარსებული „ივერია“ ქვეყნის მთავრობის წინააღმდეგ იყო მიმართული და ქართველებში ნაციონალიზმის განმტკიცებას ემსახურებოდა. „დროება“  ქართველების ინტელექტუალურ განვითარებას ისახავდა მიზნად. „ცისკრის“  მიზანი, მხატვრული ლიტერატურის მეშვეობით, ქართველების აზროვნების განვითარება იყო.  დღევანდელ საქართველოში ბეჭდური მედია საზოგადოების ინფორმირებაზეა ორიენტირებული. ეცნობა თუ არა ეს უკანასკნელი პრესას? ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად ჩემ მიერ ჩატარებულ ინტერნეტგამოკითხვასა  და შესაბამის სტატისტიკას გთავაზობთ. კვლევაში მონაწილეობა 200-მა ადამიანმა მიიღო. თითოეულმა მათგანმა კითხვარი საკუთარი სურვილით შეავსო. მონაწილეობა ნებისმიერ პიროვნებას შეეძლო. პირველ ყოვლისა, გამოკითხულთა ასაკობრივ სტატისტიკას გთავაზობთ:

რაც შეეხება მონაცემებს იმის შესახებ, კითხულობენ თუ არა ისინი ჟურნალ-გაზეთებს:

როგორც ჩანს, გამოკითხულთა უმეტესი ნაწილი, 67%, პრესას არ ეცნობა. რა განაპირობებს ამას?

  მოსახლეობის ის ნაწილი, რომელიც არ ეცნობა პრესას, ამის მთავარ მიზეზად ინტერნეტის არსებობას ასახელებს. მას მიაჩნია, რომ მაშინ, როცა ინტერნეტი ყველასთვის ხელმისაწვდომია, პრესის კითხვა დროის ფლანგვაა. 67% (იმ ნაწილის, ვინც კითხულობს ბეჭდურ მედიას) ჟურნალ-გაზეთებში დაწერილ მასალას არ ენდობა. ამის ძირითად მოტივად ის პოლიტიკური იდეოლოგიებით დატვირთულ მასალას ასახელებს. მათი ნაწილის შეფასებით, სხვადასხვა ჟურნალ-გაზეთი სხვადასხვა პარტიის იდეების მატარებელია და მოწოდებული ინფორმაცია – მიკერძოებული.

  ჩატარებული კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 67%, ანუ ის ნაწილი, ვინც კითხულობს ბეჭდურ მედიას, უპირატესობას შემდეგ ჟურნალ-გაზეთებს ანიჭებს:

  როგორც ვხედავთ, გაზეთ „კვირის პალიტრას“ გამოკითხულთა უმეტესი ნაწილი, 26% ეცნობა. მეორე ადგილს კი გაზეთი „ასავალ-დასავალი“ იკავებს.

  საქართველოში პრესით მოსახლეობის დაინტერესებას ხვითა დიმიტრიშვილი აფასებს. ის  ჟურნალ-გაზეთებს ყიდის. მისი თქმით, იმის მთავარი მიზეზი, რომ პრესა ნაკლებად იყიდება, მათზე დაწესებული მაღალი ფასებია. როგორც ის ამბობს, საზოგადოებას აქვს ინტერესი, გაეცნოს ბეჭდურ მედიას, მაგრამ ღირებულება მას ხელს უშლის. დიმიტრიშვილის თქმით, ყველაზე კარგად გაზეთი „კვირის პალიტრა“ და „ასავალ-დასავალი“ იყიდება. ჟურნალებს რაც შეეხება, ძირითადად, მოსახლეობა  „სარკესა“ და „თბილისელებს“ კითხულობს. ბატონი  ხვითა პრესის პოლიტიკური ნიშნებით დატვირთვაზეც საუბრობს  და, ამ უკანასკნელს, იმის ერთ-ერთ მთავარ მიზეზად ასახელებს, რომ მოსახლეობის ინტერესი ბეჭდური მედიის მიმართ – დაბალია.

  ნინო გასვიანი ოთხი წელია, რაც ჯიხურში ჟურნალ-გაზეთებს ყიდის. როგორც ის ამბობს, კლიენტების, შედარებით, მცირე ნაწილი, პრესას მისი შინაარსის მიხედვით კითხულობს და სასურველი რუბრიკის მიხედვით არჩევს. მათი უმეტესი ნაწილი კი, სისტემურად, ერთსა და იმავე გამოცემას ეცნობა. მისივე შეფასებით, ყველაზე კარგად გაზეთ  „კვირის პალიტრასა“ და „ახალ თაობას“  ყიდის. როგორც ქალბატონი ნინო ამბობს, გაყიდული ჟურნალ-გაზეთების რაოდენობაზე გავლენას ის წიგნებიც ახდენს, რომელიც მათ მოჰყვება და, ამ უკნასკნელს, „პრესის რეალიზებისთვის გონივრულ გამოსავალს უწოდებს“.

  „კვირის პალიტრის“ მთავარი რედაქტორი, გიორგი კვიტაშვილი, გაზეთის წარმატების მიზეზებზე საუბრობს. მისი თქმით, გაზეთი 1995 წლიდან არსებობს. ამ პერიოდიდან მოყოლებული რედაქციის მიზანი იყო და არის, საზოგადოებას ობიექტური და ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდოს. ეს იმიტომ, რომ მოსახლეობამ სწორი და ნამდვილი ინფორმაცია შეიტყოს. როგორც კვიტაშვილი ამბობს, „კვირის პალიტრა“ მრავალფეროვანია, სანდო და ნებისმიერი გემოვნების მკითხველზე მორგებული, რის გამოც მოსახლეობა მას კითხულობს. რედაქტორის შეფასებით, საქართველოში პრესას გაქრობა არ ემუქრება მიუხედავად იმისა, რომ ინტერნეტსივრცის განვითარებამ გაზეთების ტირაჟზე გავლენა მოახდინა. მისივე თქმით, ინტერნეტსივრცე მცირე მასალების მიწოდებაზეა ორიენტირებული, პრესა კი ხალხს ანალიზს აწვდის. კვიტაშვილის თქმით, ქვეყნის დასავლეთ ნაწილში „კვირის პალიტრა“ კიდევ უფრო მეტი ტირაჟით იყიდება, ვიდრე – ადრე.

  საქართველოში პრესის მდგომარეობას „პრაიმ თაიმის“ მთავარი რედაქტორი, თამარ ფხაკაძეც აფასებს. რედაქტორის თქმით, სოციალური მედია პროაქტიული გახდა და, ამ მიზეზით, სხვა ქვეყნების მსგავსად, ბეჭდურმა მედიამ საქართველოშიც უკანა პლანზე გადაინაცვლა. „ეს, ალბათ, ასაკობრივი ნიშნით შეგვიძლია, დავყოთ. 60 წელს ზემოთ ადამიანებს არ აქვთ წვდომა და ინტერესი სოციალური მედიის მიმართ. ახალგაზრდები გაზეთს არ ყიდულობენ, თუ ეს პროფესიული ნიშნით არ არის განპირობებული, ან თუ მასალა მათ არ ეხება“ – ამბობს ფხაკაძე. რედაქტორის თქმით, იმ ფაქტს, რომ ჟურნალ-გაზეთები მაღალი ტირაჟით არ იყიდება, მათი ფასიც განაპირობებს. „მე ვფიქრობ, მთელი რიგი მიზეზებია, რის გამოც ბეჭდური მედია უკანა პლანზეა“-თქვა მან. ფხაკაძეს მიაჩნია, რომ ბეჭდური მედია მომავალშიც იარსებებს იმ შემთხვევაში, თუ რედაქციები მას მისაღებსა და საინტერესოს გახდის.

  საქართველოში ჟურნალ-გაზეთებს გაქრობა არ ემუქრება. ამის თქმის საშუალებას ქართული პრესის რედაქტორების შეფასებები იძლევა. მის მიმართ, შედარებით, დაბალი ინტერესის ძირითადი მოტივები პრესაზე დაწესებული მაღალი ფასები, ინტერნეტსივრცის არსებობა და მასალის პოლიტიკური ნიშნებით დატვირთვაა. სტატისტიკა კი იმის თქმის საშუალებას იძლევა, რომ პრესას ყოველთვის ეყოლება საკუთარი მკითხველი.

ავტორი: მარიამ ტიელიძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here