
გორის ოკუპირებული სოფლების მონახულება რომ გაქვს გადაწყვეტილი და იქაურ ტერიტორიებს კარგად იცნობ, ზუსტად იქ მოხვდები, სადაც გინდა, რომ მოხვდე. ისიც შეიძლება, სოფლების თანმიმდევრობა კარგად არ იცოდე და შემთხვევით სხვა, დაუგეგმავ სოფელში ამოჰყო თავი. რა მნიშვნელობა აქვს, გორის ოკუპირებულ ტერიტორიას მაინც ესტუმრები. მეჯვრისხევი ის „სხვა სოფელია“. სოფელში უცხოდ ჩასული, რაღაცეებით გაოცებული და ერთადერთი მიზნით მისული, რომ ადგილობრივებისა და რუსი ოკუპანტების „ჰარმონიას“ შეავვლო თვალი, გზადაგზა, არაერთ სირთულეს ხვდები. მეჯვრისხეველები ჰაერში თითით ხაზავენ იმ გზას, რომელიც გზააბნეულ სტუდენტს მავთულხლართებამდე მიიყვანს. ეს ის „საზღვარია“, რომლიც გადაკვეთის უფლება ქართველს არ აქვს, ოკუპანტ რუსებს კი, ვერ ვიტყვით, რომ დისკომფორტს უქმნის. სწწორედ ამ საზღვრის სიახლოვეს, საზღვრიდან 100-200 მეტრის მანძილიდან, რუსებს არაერთი ქართველი გაუტაციათ შემდეგი მოტივით-მან საზღვარი გადაკვეთა. ამ მანძილს მიახლოებულ ქართველს მოლოდინი უნდა გქონდეს, რომ გარკვეულ ზიანს მიიღებ და უნდა გიხაროდეს და გიკვირდეს, თუ ოკუპანტი მხოლოდ სიტყვიერ შეურაცხყოფას მოგაყენებს და არ გაგიტაცებს შენსავე ტერიტორიაზე. შენსავე ტერიტორიაზე, მითუმეტეს მაშინ, როცა, ცხადია, რუსების მიერ გატარებულ საზღვარსაც კი არ კვეთ. ეს ის საოკუპაციო ხაზია, რომელიც, სულ რამდენიმე დღის უკან, ოკუპანტებმა, სულ რამდენიმე მეტრით გადმოწიეს თავიანთ სასარგებლოდ. ამით მდგომარეობა გაუარესდა. საქართველოს ტერიტორიაზე გავლებული რუსული საზღვარი; ზღვარს აქეთ დაძაბული მოსახლეობა, შეზღუდული მესაქონლეები, ზღვარს იქით კი ოკუპანტი რუსეთის წარმომადგენლები – რეალობა, რომელსაც დღეს მეჯვრისხევში ნახავთ.
49 წლის მარიკა ხომასურიზე სოფელ მეჯვრისხევში, საოკუპაციო ხაზთან ძალიან ახლოს ცხოვრობს. ის, ცხადია, ყოველთვის დაძაბული და შეზღუდულია. უჭირს და ეშინია, საკუთარი ოჯახის რომელიმე წევრი უყურადღებოდ დატოვოს და შედარებით შორ მანძილზე გაუშვას. გარდა საოკუპაციო ვითარებისა, ხომასურიძე სოფელ მეჯვრისხევის სხვა პრობლემებზეც საუბრობს. მისი თქმით, სოფელს ყურადღებას საერთოდ არავინ აქცევს. სამი თვეა, რაც თავის რვასულიან ოოჯახს სოციალური დახმარება მოუხსნეს იმ მიზეზით, რომ აღმოჩნდა, მისი შვილი მუშაობდა. მას უკვირს, როგორ შეიძლება ამის მიზეზად გამოყენება და ვერ ხვდება, როგორ შეიძლება, მსგავს ვითარებაში თავის გატანა.
სოფელში გართობის, განათლების მიღებისა და სამოქალაქო აქტივობებისთვის არანაირი პირობა არ არსებობს. ამის აღსაქმელად ტერიტორიებისთვის თვალის ერთი გადავლებაც კი კმარა – მიწასთან გასწორებული შენობები, საავადმყოფო, კლუბები – მეჯვრისხევის ყოფილი რაიონული ცენტრი მოსწორებუილა.
28 წლის თეონა ტატიაშვილი მეჯვრისხევის ადგილობრივი მკვიდრია. ის ახალგაზრდების დასაქმების პრობლემებზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ მთელი ახალგაზრდობა უმუშევარია, სამუშაო ადგილები არ არის. გარდა ამ პრობლემისა, ის სოფლის მეურნეობაზეც საუბრობს. მისი თქმით, აზრი არ აქვს მოსავლის აღებას, რადგან, სოფელში არსებული არაჯანსაღი გარემოს გამო, მედიკამენტებში მეტი თანხა სჭირდებათ. ვისაც შედარებით მეტის შესაძლებლობა აქვს, დაზღვევას აკეთებს. მოსავლის გამო მოსახლეობა ვალებსაც იღებს. თეონა არ გეგმავს, სოფელი დატოვოს და საცხოვრებლად სხვაგან გადავიდეს. მიჩვეულია თავის სოფელს და სულ აქ აპირებს დარჩენას.
სოფელში, რომელშიც, 2008 წლის ომამდე, სიცოცხლე ჩქეფდა და განვითარების იმედებიც იყო, დღეს, ბავშვებისთვის, გასართობი მოედანიც კი არ არის – ისინი სამანქანო გზაზე თამაშობენ და, ფაქტობრივად, მათი სიცოცხლე ყოველთვის საფრთხეშია. ამ თემასთან დაკავშირებით, ადგილობრივები, გორის მუნიციპალიტეტის სახელზე განცხადების დაწერას გეგმავენ, თუმცა დიდ იმედებს არ იტოვებენ. სოფელში დაზიანებული ხიდიცაა, რომელიც მეჯვრისხევს სხვა სოფელთან აკავშირებს. ამ ხიდისა და სხვა პრობლემების შესახებ სოფ.მეჯვრისხევის ადგილობრივი მკვიდრი, 28 წლის ნათია ტატიაშვილი საუბრობს. მისი თქმით, ამ ხიდმა სხვადასხვა ხელისუფლება გამოიცვალა, თუმცა დღემდე წარმოადგენს საშიშ პუნქტს, რადგან ჩანგრეულია და, კრიზისული მდგომარეობის შემთხვევაში, მოლოდინი აქვს, რომ პირველს მას დააზიანებენ. როგორც ნათია ამბობს, გამომდინარე იქიდან , რომ მეჯვრისხევი საოკუპაციო ხაზის მიმდებარედ მდებარეობს, მისი მოსახლეობის მიმართ გარკვეული შეღავათები უნდა იყოს. ის მადლობელია ხელისუფლებისა იმის გამო, რომ უმაღლესი განათლების მიღებას აფინანსებენ, მაგრამ აწუხებს ფაქტი, რომ მაინც შეუძლებელია სწავლა იმის გამო, რომ, ელემენტარული პირობების შექმნისთვისაც, გარკვეული ფინანსებია საჭირო. თვითონ ნათიამ ორჯერ ჩააბარა ერთიანი ეროვნული გამოცდები, თუმცა სწავლის გაგრძელება ვერ შეძლო. პროფესიულ სასწავლებელში სწავლა მათთვის უფასოა. ნათიაც ამ სასწავლებლის სტუდენტია, ოფის-მენეჯერის პროფესიაზე. ის საქართველოს მხრიდან რუსეთის მიმართ არსებულ შედარებით რბილ პოლიტიკაზეც საუბრობს. „მე ვფიქრობ, ეს არის დიპლომატიის ერთ-ერთი ფორმა. ყველაფერი უკეთესობისკენ შეიცვლება. შერბილებული პოლიტიკა, ჩემი აზრით, არის დიპლომატიური სვლა. რაღა დროს ომია XXI-ე საუკუნეში. ერთადერთი გამოსავალი ის არის, რომ რუსეთს ხელი ჩამოვართვათ. ხალხს არ უნდა ომი“ – ამბობს ნათია. ის საქართველოს ევროინტეგრაციისა და ნატოში შესვლის საკითხსაც აფასებს. მისი თქმით, თუ ევროპასა და ამერიკას საქართველოს დახმარება უნდოდა, 2008 წელს, როცა საქართველო მარტო დარჩა რუსეთის წინააღმდეგ, მაშინ დაეხმარებოდა და მხოლოდ შეშფოთებით არ შემოიფარგლებოდა. ის გულისხმობს არა ჰუმანიტარულ, არამდე – სამხედრო რესურსს. უნდა ითქვას, რომ გამოსავალს, სოფელ მეჯვრისხევის მოსახლეობის ნაწილი, რუსეთთან ურთიერთობის მოწესრიგებაში ხედავს.
ვისი იმედიც უნდა ჰქონდეს საქართველოს სამომავლოდ, რეალობა ასეთია – საქართველო ოკუპირებულია საქართველოში. აქ რუსეთმა მიწასთან გაასწორა ცოცხალი წარსული, შეანელა დღევანდელი დღის რიტმი და ბუნდოვანი გახადა ადგილობრივების მომავალი. მეჯვრისხეველები ხსნას რუსეთისთვის ხელის ჩამორთმევაში ხედავენ. „საოკუპაციო ხაზი“ კი ადგილობრივების ეზოებს უახლოვდება.
ავტორი: მარიამ ტიელიძე