
პატარა იყო ძალიან, პირველად, ბაბუას გასაიდუმლოებულ ოთახში რომ ჩუმად შეიპარა. მისთვის, ერთბაშად, უცნაური აღმოჩნდა ამ მძაფსუნიანი ოთახის აღქმა, სადაც თავი ბევრ გამჟღავნებულ თუ გაუმჟღავნებელ წამს მოეყარა. დიდხანს შეჰყურებდა პატარა ამდენ უცნაურ ნივთს, ბოლოს ერთერთს დასწვდა, “ჩხაკ” – დაიძახა იმან უეცრად და ნინის ხელში თავისი ფართოდგახელილი თვალების ფოტო შერჩა …
თავიდან თამაშით დაწყებული საქმე, მალე ნინის გატაცებად იქცა, ბოლოს კი ოჯახში უსახსოვრეს ბაბუს საყვარელი აპარატი ზენიტი. აქედან დაიწყო მის ცხოვრებაში ახალი ეტაპი სახელად – ფოტოგრაფია.
მოკლე წაბლისფერი თმები, სახეზე მიმოფანტული კულულები, გრძელი, ბიჭური სვიტერი და თავისუფალი ჯინსები, დიდზე დიდი ბათინკები სახეტიალოდ და უფრო ტევადი ზურგჩანთა მუდმივ თანამგზავრად – 22 წლის ნინი შარაშიძე ძალიან ჰგავს შემოდგომას. მე თუ მკითხვათ, ის არის კიდეც მოსიარულე ფოთოლცვენა, სუსხს გაქცეული სითბო და ბევრი, ძალიან ბევრი ფერადი ფერიც.
მგონი, ის იმ იშვიათ ახალგარზდათა შორისაა, რომლის გარდერობშიც არ მოიპოვება საერთოდ შავი ფერის არაფერი.
ყველა მისი ტანსაცმელი, ბლოკნოტი თუ ზურგჩანთა მას ჰგავს, ფერადი, ხალისიანი და სიცოცხლით სავსეა.
როგორი ხარ მეთქი, რომ ვკითხე, დიდხანს იფიქრა. გავიფიქრე, ალბათ, საკუთარი თავის დახასიათება უჭირს- მეთქი, აღმოჩნდა, იხსენებდა რაღაცას.
საკუთარი ცხოვრების ფრაზა მითხრა საყვარელი წიგნიდან :
-„ მიყვარს იმ ჯიშის სულდგმულები, მე რომ ვეკუთვნი. მიყვარს ადამიანები”
ჰაინრიხ ბოილის კლოუნის თვალთახედვა წლებია, მისი საყვარელი წიგნია, სამჯერ წაიკითხა და იცის, რომ კიდევ უნდა წაიკითხოს, რადგან ამ ამოუწურავ მარაგში შეძლებს, კიდევ იპოვოს ბევრი ახალი და საინტერესო რამ.
„ ვფიქრობ, რომ წიგნის პერსონაჟს ვგავარ. ჰანსივით, მეც მაწუხებს ქრონიკული მელანქოლია და მეც ისევე განვიცდი ადამიანის დაკარგვას, როგორც – ის. მომწონს მისი ხედვა ყველა საკითხისადმი, განსაკუთრებით, რელიგიიისადმი და ერთგულებისადმი. ის ისე აღიქვამს უმცირეს დეტალებსაც კი, რომ მაშინვე გინდება, შენც განიცადო იგივე. „
მზარდად სენსიტიური და ქრონიკულად მელანქოლიური – ასე ხედავს საკუთარ ანარეკლს გვერდიდან .
უყვარს ფოტოგრაფია, ცხოვრება უყვარს ფერადი, ადამიანები განსაკუთრებით და წიგნები, რომლებსაც სურნელებით არჩევს ხოლმე.
ბავშვობაში დედა უკითხავდა ზღაპრების კრებულსს, რომელსაც უცნაური სათაური ჰქონდა, მერე წიგნიც მასთან ერთად ათენებდა ღამეებს და ნინის ცხოვრებაში მარტინ იდენის კულტით დაწყებული პერსონიზაცია-რომანტიზაცია დღემდე გრძელდება.
საქმეც მოხერხებული და მისთვის კომფორტული იპოვა.
არის იქ, სადაც თბილა, სადაც ბევრი ფერი და სიფერადეა, სადაც წიგნები და სიყვარულიც ბევრია.
ნინი წიგნის მაღაზიაში მუშაობს, ეხმარება ადამიანებს წიგნების შერჩევაში, საუბრობს მათთან ერთად, განიხილავს სხვადასხვა პერსონაჟსა თუ ფაბულას, მერე, ცხელი ჩაის ჭიქით ხელში, თავისუფალ დროს, აივანზე ჩამომჯდარი, თვითონაც ტკბება კითხვით.
ნინის გარშემო ისევ ბევრი წიგნი, ბლოკნოტი თუ სხვა ლამაზი ხელნაკეთი ნივთია.
სიბრძნეთშემგროვებელია. საყვარელი წიგნებიდან ფრაზებს, ეპიზოდებს თუ გამონათქვამებს იწერს ერთ დიდსა და გაზაფხულიან ბლოკნოტში და აგროვებს. ეს ახირებული ჩვევა ბავშვობიდან გადმოყვა და ახლა ეს შეგროვებული, ნინისეული ბიბლიოთეკა ხშირად ეხმარება სხვადასხვა ცხოვრებისეული სირთულის დაძლევაში.
პროფესიით კულტურული ტურიზმის მენეჯერია. პროფესიაც უცნაური და ახირებული აქვს მასსავით. არც დიდად გავრცელებული და ცნობილია ეს საქმე. არც ნინია სხვების მსგავსი.
წელს დაამთავრა თეატრალური უნივერსიტეტის კულტურული ტურიზმის ფაკულტეტი და იცის, რომ ახლა, ყველაზე მეტად, მაღაზიაში წიგნების გაყიდვა და ხალხთან ამ სახით ურთიერთობა მოსწონს.
წერს ბლოგებს, ჩანახატებს, რომლებსაც მხოლოდ მეგობრებს უზიარებს.
წლების განმავლობაში, იყო მოხალისე სხვადასხვა ბავშვთა სახლში. არა მხოლოდ ბავშვების აღზრდაში იღებდა მონაწილეობას, ასევე – ადმინისტრაციას ეხმარებოდა მნიშვნელოვანი აქტების შედგენასა და წერაში .
ამჟამად, რადიოში აქვს საკუთარი ბლოგი, სადაც სოციალურ თემატიკაზე და სოციალურ პრობლემებზე ესაუბრება მსმენელს.
მის ფოტოგრაფიაშიც ჭარბობს სოციალური თემატიკა.
თავიდან, შემოდგომის სიყვითლე მის პალიტრაში თანამედროვეობის მძიმე სოცილაურმა ფონმა ჩაანაცვლა.
ამჟამად, ახალი ფოტოწამოწყება აქვს. იღებს ადამიანის ხელებს , ფიქრობს, რომ ეს ბევრად მეტს მეტყველებს ადამიანზე, ვიდრე, მთლიანად, ერთიანობაში თავად ადამიანი.
უყვარს სიმარტივეში აღქმული ცხოვრების აზრი. მიაჩნია, რომ უბრალოდ გაზქურაზე შემოდებული ჩაიდანი ბევრად მეტია, ვიდრე, უბრალოდ, ჩაიდანი.
უყვარს ადამიანები, ცნება ადამიანის, შემოდგომა უყვარს, სიფერადე და თბილი ჩაი, რომლის გარეშეც არ შეუძლია სუსხიან საღამოებში გათბობა.
კუბოკრული პერანგებით, დიდი ზურგჩანთებით, მოსიარულე ქაოსით ნინი ძალიან ჰგავს ფერად გოგონას სხვადასხვა გვერდიდან, ნინი კი ძალიან მართალია და ძალიან ნათელიც.
მიაჩნია, რომ ერთი უბრალო და ჯიუტი გურულია, რომელსაც რედიოჰედის მოსმენა, ჩანახატების წერა, შავ-თეთრი ფოტოების გადაღება და წვიმაში სეირნობა უყვარს. ფრანგულ ფილმებსაც სიამოვნებით უყურებს, თუმცა ჯერ მხოლოდ ინგლისურად. აპირებს, მალე ისწავლოს სიყვარულის ენა, რომ უკეთ შეძლოს ამ სანახაობით ტკბობა.
ფიქრობს, რომ წინა ცხოვრებაში კატა იყო. ძალიან უყვარს ეს ღუნღულა ცხოველები. ზოგადად, ცხოველები უყვარს. უკვე ორი წელია, ვეგეტარიანელია.
ნინის სივი, გარდა ტურიზმ-ფოტოგრაფია-ბლოგერობისა, კიდევ ერთ საინტერსო დეტალს იტევს. ის ბავშვობიდან მღერის. დებთან ერთად, ფოლკლორით იყო გატაცებული. ამჟამად, გიტარაზე უკრავს, ისიც, მხოლოდ, მეგობრებისთვის.
არ ვიცი, მეჩვენება თუ მართლა ასეა, ეს გოგო მეტისმეტად ბევრ რამეს აკეთებს მხოლოდ მეგობრებისთვის. მე კიდევ ვფიქრობ, რომ მას, ასეთ ნიჭიერს, ლაღს და ფერადს, უფრო მეტი და მეტი უნდა იცნობდეს.
თავმდაბალი ნინი ხატვის სწავლაზე ოცნებობს, ბავშვობაში თამაშით დაწყებული საქმით კი ისევ განაგრძობს თვითგამოხატვას.
ნახეთ მისი სურათები, უბრალოდ, ნახეთ და მიხვდებით, დაინახავთ ნინის შიგნით კოსმიურ სამყაროს, ფერად ქაოსს, მოსიარულე შემდოგომას, რომელსაც მზე და ადამიანები უყვარს.
ანა ურუშაძე