
საქართველოში, სხვა ქვეყნების მსგავსად, არაერთი პროექტი ეწყობა იმ მიზნით, რომ ქვეყანამ უფრო მეტი ნიჭიერი და შემოქმედი ადამიანი აღმოაჩინოს. მუსიკალური პროექტი X factor – ი მათ შორის ერთ-ერთია. სწორედ ამ პროექტის შესარჩევი ტური და პირველი ნაბიჯები მის სცენაზე – ეს ის მოკლე გზაა, რომლითაც, გიგი ცირამუამ, მსმენელის გულებში, უდიდესი კეთილგანწყობა და სიყვარული მოიპოვა.
პროექტის სცენაზე მან ფეხი როგორც თვითნასწავლმა მომღერალმა, ისე დადგა. იქედან გამომდინარე, რომ თვითნასწავლი ადამიანები განსაკუთრებულად საინტერესოები და დასაფასებლები არიან, პირველივე წუთებიდან ჟიურის წევრებისა და მაყუდებლის სიმპათია და მხარდაჭერა დაიმსახურა. გიგი წარმოშობით ჩხოროწყუდანაა. აქ დაიბადა და პირველ შვიდ კლასამდე მშობლიურ ქალაქში სწავლობდა. მოგვიანებით, თბილისში მოუწია საცხოვრებალდ გადმოსვლა, ფეხბურთის სათამაშოდ. დედაქალაქში მან N35 სკოლა დაამთავრა. გიგის მშობლები და და ჰყავს. სწავლობს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ბიზნესისა და ეკონომიკის ფაკულტეტზე, ბიზნესის განხრით. თუმცა, ეს პროფესია დიდად არ იზიდავს და ფიქრობს, რომ, თუ გაუმართლა, მომღერალი იქნება.
ბუნებრივია, ნიჭიერი ადამიანების შესაძლებლობების პირველი გამოვლინებები განსაკუთრებულად დასამახსოვრებელია. თავის პირველ მუსიკალურ ნაბიჯებს გიგიც იხსენებს. მისი თქმით, ეს შესაძლებლობები ძალიან ადრე, წინასასკოლო პერიოდში აღმოაჩინა. მალევე, დედამისმა მუსიკალურ სკოლაში მიიყვანა, სადაც კვარტეტი შედგა. სწორედ აქ მიიღო გარკვეული მუსიკალური ცოდნა. შეძლებისდაგვარად, უკრავს გიტარაზე, ფორტეპიანოზე, დრამზე. გიგისთვის სიმღერა ბევრ რამეს ნიშნავს. უამრავი სფერო აინტერესებს ცხოვრებაში, მაგრამ მისთვის მუსიკა ის სამყაროა, რომელზეც უარს ვერასდროს ამბობს. მისთვის, სცენაზე დგომისას, სტიმული ის არის, თუნდაც ერთ გაღიმებულ სახეს რომ დაინახავს და, ამ სახით, მხარდაჭერას იგრძნობს.
მუსიკის გარდა, მისთვის დროის საუკეთესოდ გატარების ერთ-ერთი საშუალება მეგობრებთან ერთად ყოფნაა. გიგის არასდროს უფიქრია, რა მოსწონთ, ან რა არ მოსწონთ მის მეგობრებს მასში. მიიჩნევს, რომ ისინი მასში, ყველაზე მეტად, მიზანდასახულობას აფასებენ. მეგობრები გიგის ყოველთვის მხარში უდგანან, რადგან სჯერათ მისი შესაძლებლობების. არ სიამოვნებს საკუთარი რუტინული ცხოვრება – დილით ადგომა, უნივერსიტეტი, სწავლა… ეს ყველაფერი მას აღიზიანებს და შეცვლიდა ისე, როგორც მას სურს: სიმღერა – ძილი.
გიგი თავს წარმატებულ ადამიანად არ მიიჩნევს. ამ ეტაპამდე, საკუთარი ცხოვრების ორ დიდ მიღწევას ასახელებს: პირველი, როცა 2015 წელს Tbilisi open air – ზე დაუკრა ბენდ “კონტაქტის” ფარგლებში. მეორე წარმატებად კი პროექტ X factor-ში მონაწილეობის მიღებას ასახელებს. ხსენებულ პროექტში მან მონაწილეობა თავისი დის სურვილით მიიღო. X factor-ის კონკურსანტობას ის 2015 წლის სეზონზეც გეგმავდა, თუმცა გადაიფიქრა. კითხვაზე, თუ რატომ გადაწყვიტა მასში მონაწილეობის მიღება, პასუხობს, რომ, მისი აზრით, რეალურად, ის ემოცია აქვს, რაც საჭიროა სცენაზე.
გიგის საკუთარი მეგობრები, ცხადია, დადებითად აფასებენ. ერთ-ერთი მათგანის, გიორგი მეგრელიშვილის თქმით, მიუხედავად გიგის უდიდესი შესაძლებლობებისა, ის ძალიან თავმდაბალი და უშუალოა. მისივე შეფასებით, გიგი, გარდა ძალიან კარგი ვოკალისტისა, არის მუსიკოსი, რაც მას ყველაზე მეტად მოსწონს. “მის ნამღერში იგრძნობა მუსიკალური ინტელექტი, ვოკალურ შესაძლებლობეს რომ თავი დავანებოთ” – აღნიშნავს მეგრელიშვილი. როგორც ის ამბობს, გიგი, მუსიკალურად, ძალიან მრავალფეროვანია.
გიგიზე თავისი და, ნათიაც მესაუბრა. მისი თქმით, გიგი საკმაოდ აქტიურია და, სიმღერის გარდა, ბევრი რამ გამოსდის. “ბავშვობიდან მღერის. თითქმის ყველა სფეროში გამოსცადა თავი – ფეხბურთი, ცეკვა, მედიცინაც კი. დიდი ამბები გამოიარა და მაინც სიმღერას დაუბრუნდა” – აღნიშნავს ის. ნათიას თქმით, გიგი სულ ცდილობს, მრავალფეროვანი იყოს, უყვარს სიახლეები. მისივე თქმით, მომღერალი ყოველთვის ახერხებს, იყოს იქ, სადაც თავს კარგად გრძნობს. ამ ეტაპზე, გიგისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი “მუსიკალური” გარემოა. “ჩემი აზრით, მუსიკა და, ზოგადად, ხელოვნება, ყოველთვის იყო მისთვის ყველაფერზე მნიშვნელოვანი” – ამბობს ის.
გიგი თავის მომავალ გეგმებზე და, ზოგადად, მომავალზე, ვრცლად არ საუბრობს. მისი თქმით, სურს, ბოლომდე ის საქმე აკეთოს, რაც მას აბედნიერებს. ეს არის მუსიკა.
ავტორი: მარიამ ტიელიძე