Home ინტერვიუ “ჩვენი მოვალეობა ხალხის სამსახურია” – პრიორიტეტები და რეალობა გარდაბანში

“ჩვენი მოვალეობა ხალხის სამსახურია” – პრიორიტეტები და რეალობა გარდაბანში

“ჩვენი მოვალეობა ხალხის სამსახურია” – პრიორიტეტები და რეალობა გარდაბანში

  გარდაბნის მუნიციპალიტეტი საქართველოსთვის ერთ-ერთი მნიშნველოვანი და საინტერესო რეგიონია. მისი ეს თვისებები სასოფლო-სამეურნეო, სოციალური და კულტურული მახასიათებლებითაა განპირობებული. რეგიონის ისტორიული, კულტურული, ტერიტორიული და სხვა სახის რესურსი მისი განვითარებისა და მრავალფეროვნების რეალურ პერსპექტივებს ჰქმნის. საინტერესოა, გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილის, ირაკლი ჭელიძის თვალით დანახული რეგიონი. გთავაზობთ ინტერვიუს.

ძირითადად, რა სახის სოციალური პროგრამებით სარგებლობენ გარდაბნის მუნიციპალიტეტის მოქალაქეები?

გარდაბნის მუნიციპალიტეტის 2017 წლის სოციალური პროგრამა მოიცავს 12 კატეგორიას, მათ შორისაა – ავადმყოფთა სოციალური დაცვა, შშმ პირთა დახმარება, უსახლკაროდ დარჩენილთა და დაზარალებულთა დახმარება და სხვ. მოქალაქეებს, ასევე, შეუძლიათ, მოგვმართონ ერთჯერადი მატერიალური დახმარების თხოვნით.

სოციალური პროგრამის შესახებ დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ჩვენს ოფიციალურ ვებ. გვერდზე www.gardabani.gov.ge. მინდა კიდევ ერთხელ აღვნიშნო, რომ ჩვენი მოვალეობა ხალხის სამსახურია და სწორედ ჩვენი მოსახლეობის მოთხოვნებისა და საჭიროების მიხედვით გვაქვს ბიუჯეტი გაწერილი.

სამუშაო ადგილებთან დაკავშირებით გარდაბანში როგორი მდგომარეობაა?

უმუშევრობა, სამწუხაროდ, ჩვენი ქვეყნის პრობლემაა, რასაც, ლოკალურად, რა თქმა უნდა, ვერ გავუმკლავდებით. გარდაბნის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის უმრავლესობა თვითდასაქმებულია და სოფლის მეურნეობასა და მიწათმოქმედებას მისდევს. ამას გარდა, ხალხი საჯარო და კერძო სექტორშია დასაქმებული. ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ, შევქმნათ სამუშაო ადგილები და დავეხმაროთ ჩვენს მოქალაქეებს დასაქმებაში. ასევე, დაინტერესებულ პირებს ვშუამდგომლობთ ამა თუ იმ კერძო კომპანიებთან.

გარდაბნის მუნიციპალიტეტი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სასოფლო-სამეურნეო რეგიონია. რომელი ძირითადი საწარმოებია აქ და როგორ მუშაობს ისინი?

გარდაბანი მართლაც რომ მნიშვნელოვანი რეგიონია სასოფლო-სამეურნეო თვალსაზრისით. ჩვენს მუნიციპალიტეტში მრავალი საწარმოა, მათ შორისაა – თბოელექტროსადგური, “ჰენკელის” საწარმო, “პლანტას” სასათბურე მეურნეობა, “ჩირინას” მეფრინველეობის ქარხანა და მრავალი სხვა. საწარმოებში, ძირითადად, ადგილობრივები არიან დასაქმებულები, რაც, თავისთავად, დადებითად აისახება ჩვენი მოსახლეობის ეკონომიკურ მდგომარეობასა და რეგიონის განვითარებაზე.

მოწესრიგებულია თუ არა მოსახლეობისთვის კომუნალური პირობები?

უნდა აღინოშნოს, რომ მოსახლეობისთვის კომუნალური პირობების მოწესრიგება ჩვენი ერთ-ერთი პრიორიტეტია. აქტიურად მიმდინარეობს გარდაბნის მუნიციპალიტეტის გაზიფიცირების პროცესი. ამ ეტაპზე, დასრულდა ცხრა სოფლის გაზიფიცირება. უახლოეს მომავალში, სოფელ ფოლადაანთკარში დავიწყებთ სამშენებლო სამუშაოებს. მუნიციპალიტეტის პრობლემაა სასმელი წყალიც. თუმცა, 2017 წელს ჩვენ უპრეცენდენტო 22 მილიონიანი პროექტის გახორციელებას ვგეგმავთ, რომლის დასრულების შემდეგაც მუნიციპალიტეტის ხუთ დიდ სოფელს სასმელი წყლის პრობლემა მოუგვარდება.

რა კულტურული პროექტებია აქ?

გარდაბანი ეთნიკური უმცირესობებით დასახლებული რეგიონია. ყოველწლიურად, ვზეიმობთ “ნოვრუზ ბაირამს”, ” ხაბ-ნისანს”. იმართება სააღდგომო ღონისძიებები. ასევე, აღვნიშნეთ “გარდაბნობა 2016”. გვაქვს ახალგაზრდებისთვის ძალიან საინტერესო პროექტი “შემოიარე საქართველო”, რომლის ფარგლებშიც, გარდაბანში მცხოვრებს ახალგაზრდებს, შესაძლებლობა აქვთ, ესტუმრნონ საქართველოს სხვადასხვა კუთხეს. ჩვენთან ჩამოსულ ტურისტებს შესაძლებლობა აქვთ, ესტუმრონ ნორიოს ღვთაების მონასტერს, შავნაბადას მამათა მონასტერს.

რამდენად გამართულია გარდაბნის ინფრასტრუქტურა?

ინფრასტრუქტურული განვითარება ჩვენი პრიორიტეტია. აქტიურად ვმუშაობთ ქალაქისა და ტერიტორიული ერთეულების საგზაო ინფრასტრუქტურის კეთილმოწყობაზე. გასულ წელს, მხოლოდ ქალაქ გარდაბანში, 63 820 კვადრატული მეტრი ასფალტის საფარი დაიგო. კეთილმოვაწყეთ კორპუსების ეზოები, გაკეთდა ექვსი საბავშვო მოედანი, რეაბლილიტირდა და აშენდა ახალი სტადიონები. ნორიოსა და სართიჭალაში მიმდინარეობს ძიუდოს დარბაზების მშენებლობა. ავაშენეთ და გავარემონტეთ ბაღები. 2017 წელსაც დიდი გეგმები გვაქვს, თანხები მთლიანად იქნება მიმართული ინფრასტრუქტურის კეთილმოწყობისთვის. მიმდინარე პროექტების შესახებ ინფორმაცია ეტაპობრივად განთავსდება ჩვენს ვებ.გევრდზე.

როგორია მოსახლეობისთვის ჯანდაცვასთან დაკავშირებული პირობები?

სახელმწიფო პროგრამებთან ერთად მოქმედებს მუნიციპალური პროგრამები, რათა მოვიცვათ მოსახლეობის სხვადასხვა ფენა.

რამდენია ბიუჯეტი და რა პრიორიტეტი იკვეთება ბიუჯეტის ხარჯვასთან დაკავშირებით?

აღსანიშნავია, რომ 2017 წელს, გარდაბნის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი 31 მილიონ ლარს შეადგენს. პრიორიტეტად განსაზღვრული გვაქვს მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურული განვითარება, მოსახლეობის სოციალური დაცვა, სპორტისა და ახალგაზრდობის ხელშეწყობა და განათლება.

მარიამ ტიელიძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here