
დემეტრე მარხვაიძე და ლალი თვალიაშვილი – ამ ორმა სახელმა და ამ ორმა გვარმა შექმნა სამყარო სახელად “Hippie”. ეს არის ბედნიერებისა და სიხარულის სამყარო, რომლის თითოეული დეტალი თავისთავად იწვევს ღიმილს. ფერადი და ჯადოსნური ნივთების შექმნა დემეტრემ და ლალიმ ერთი წლისა და ხუთი თვის წინ დაიწყეს.
როგორ გაჩნდა იდეა, რომ ხელნაკეთი ნივთები დაგემზადებინათ?
ყოველთვის გვაინტერესებდა სხვადასხვა სტილის ხელნაკეთი ნივთები. ამავდროულად, გვინდოდა, ჩვენითაც შეგვექმნა რაიმე განსხვავებული და შეგვეთავაზებინა ხალხისთვის. თავიდან, შევქმენით ფეისბუქ გვერდი “Hippie”, დავიწყეთ პატარა მინის კულონების დამზადება. შემდეგ გავზარდეთ პროდუქციის სახეობების რიცხვი და მომხმარებელს უფრო მრავალფეროვანი ნივთები შევთავაზეთ.
ძირითადად, რა სახის ნივთებს აკეთებთ?
“Hippie-ს“ პროდუქცია საკმაოდ მრავალფეროვანია. გვაქვს ყველა სტილის სამკაული, ჩანთები, დღიურები, საფულეები და სახლის დეკორაციები. ძირითადად, ნივთების დამზადება მომხმარებლის მოთხოვნის შესაბამისად გვიწევს. შეკვეთებს ვიღებთ. ჩვენი საქმიანობის წარმატების ერთ-ერთ მიზეზად შეიძლება მივიჩნიოთ ის, რომ ჩვენ შეგვიძლია შევქმნათ კონკრეტული ნივთი მომხმარებლის დიზაინისა და სურვილის მიხედვით.
რა ძირითადი მიზანი აქვს თქვენს საქმიანობას?
ჩვენი ძირითადი მიზანია მუქი და ნაცრისფერი ქუჩების გამოცოცხლება, გაფერადება. ვინაიდან ჩვენი ნივთები არის ფერადი და, ხშირ შემთხვევაში, სახალისო წარწერებით გაფორმებული, ადამიანებს ეხმარება ყოველდღიურად პოზიტიური განწყობის შექმნაში. აგრეთვე, გაყიდული ნივთებიდან შემოსული თანხის ნაწილით ვეხმარებით მიუსაფარ ცხოველებს.
ვინ არის თქვენი პროდუქციის ძირითადი მომხმარებელი?
ძირითადად, ჩვენს ნივთებს სკოლის მოსწავლეები და სტუდენტები ყიდულობენ. თუმცა, ხშირად გვყავს უფროსი ასაკის მომხმარებლებიც.
თქვენი შეფასებით, რატომ უნდა დაინტერესდეს მყიდველი თქვენი პროდუქციით?
“Hippie-ს“ ნივთები არის განსხვავებული, ფერადი, პოზიტიური და ყველასთვის ხელმისაწვდომი. ასევე, მათ შეუძლიათ შექმნან ნივთი, რომლის მსგავსიც მეორე არ დამზადდება და მხოლოდ მათი იქნება.
პროდუქციის წარმოებისას, რას აქცევთ ყურადღებას?
თითოეული ნივთი ჩვენთვის განსაკუთრებულია. დამზადების დროს დიდ ყურადღებას ვაქცევთ ხარისხს, სიზუსტესა და ვიზუალურ მხარეს. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, ნივთი გამოვიდეს ზუსტად ისეთი, როგორიც ჩაფიქრებული გვაქვს.
როგორ ფიქრობთ, გაამართლა თქვენმა იდეამ?
ვფიქრობთ, რომ ჩვენმა იდეამ გაამართლა და დასახულს მიზანს ნელ-ნელა ვუახლოვდებით. ქუჩაში ხშირად ვხვდებით მოღიმარე ადამიანებს, რომლებიც ჩვენს ნივთებს ატარებენ. „Hippie-ს“ მიზანიც სწორედ ადამიანების გაბედნიერება გახლავთ.
საქართველოში თქვენს კონკურენტად თუ მიიჩნევთ ვინმეს?
საქართველოში სხვადასხვა სახის ხელნაკეთ ნივთს უამრავი ადამიანი ამზადებს. ვფიქრობთ, რომ „Hippie-ს“ ნივთები სხვებისგან განსხვავებული და ინდივიდუალურია, ამიტომ სხვა მწარმოებლებს შესაძლო პარტნიორებად უფრო აღვიქვამთ, ვიდრე – კონკურენტებად.
მომავალში, რა გეგმები გაქვთ თქვენს საქმიანობასთან დაკავშირებით?
მომავალში ვაპირებთ ჩვენი საქმიანობის გაფართოებას, ახალი პროდუქციის დამატებას, საზღვარგვარეთ გატანასა და საქართველოს დიდ ქალაქებში ფილიალების გახსნას.
მარიამ ტიელიძე