Home სხვადასხვა მედალიონის ორი მხარე: სქესობრივი განათლება თუ ნაადრევი ქორწინება?!

მედალიონის ორი მხარე: სქესობრივი განათლება თუ ნაადრევი ქორწინება?!

მედალიონის ორი მხარე: სქესობრივი განათლება თუ ნაადრევი ქორწინება?!

   ხშირად საუბრობენ საქართველოში სქესობრივი განათლების აუცილებლობაზე, თუმცა, როგორც წესი, ამას საზოგადოებაში მწვავე კრიტიკა მოჰყვება ხოლმე. ნაადრევი ქორწინება, მოზარდებში რეპროდუქციული ჯანმრთელობისა თუ გადამდებ დაავედებებზე ინფორმაციის არქონა  – სწორედ ამის აღმოფხვარს ისახავს მიზნად სკოლებში სქესობრივი განათლების შემოღება. 

განათლების სპეციალისტები, ფსიქოლოგები თუ სექსოლოგები მრავალი წელია საუბრობენ, რომ ამ საგანს სკოლებში კვალიფიციური პირები  უნდა ასწავლიდნენ, მეტიც, სახალხო დამცველის ერთ-ერთი მთავარი რეკომენდაციაა,  სკოლებში სქესობრივი და რეპროდუქციული ჯანმრთელობის ფორმალური ან არაფორმალური სწავლება.

სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ სქესობრივი ცოდნის შეძენა და სწორი შეხედულებების ჩამოყალიბება მნიშვნელოვნად შეამცირებს ნაადრევ ქორწინებასა თუ აბორტებს, რომლის ერთ-ერთ გამომწვევ მიზეზად ხშირად არასათანადო განათლება სახელდება.

 სახალხო დამცველის ანგარიშში ვკითხულობთ, რომ 2016 წელს 1224 არასრულწლოვანი გახდა დედა. აქედან, ნაადრევი ქორწინების გამო სწავლა 13-დან 17 წლამდე 115-მა მოსწავლემ მიატოვა, მაშინ როდესაც 2015 წელს სწავლა 408 მოსწავლემ შეწყვიტა. სტატისტიკური მონაცემები უკეთესობისკენ არის შეცვლილი, თუმცა განსხვავებული სურათი გვაქვს აბორტებთან დაკავშირებით.

დაავადებათა კონტროლის  ეროვნული ცენტრის მონაცემებით, აბორტების დაახლოებით 47% 15-29 წლის ასაკობრივ ჯგუფზე მოდის.

ეს მონაცემები  მიუთითებს, რომ ახალგაზრდებს არ აქვთ შესაბამისი ცოდნა, როგორ აირიდონ არასასურველი ორსულობა. მოზარდებისთვის სქესობრივ და რეპროდუქციულ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული ინფორმაციის მიღების ძირითად წყაროს  თანატოლები და მეგობრები წარმოადგენენ.

ფსიქოლოგი სალომე საბიაშვილი ჩვენთან საუბრისას აღნიშნავს, რომ ძირითადი პრობლემა ხსენებული საკითხების ტაბუირებაა. „მოზარდებს შემეცნებითი პერიოდი აქვთ, ამ დროს ინტერესდებიან ყველაფრით. თემების აკრძალვით თუ დაფარვით, საკმაოდ ცუდ შედეგს ვიღებთ. ამ დროს, მოზარდი სხვადასხვა საშუალებით თავად ნახულობს ინფორმაციას. პირადად მე ვფიქრობ, რომ ეს საკითხები უნდა ისწავლებოდეს სკოლაში. თუნდაც იმიტომ, რომ მშობლებისგან ეს თემა ხშირად უგულებელყოფილია. ეს სწავლება კი მოზარდს დაეხმარება, იცოდეს რას რა მოჰყვება და ეს ყველაფერი გათვითცნობიერებული ჰქონდეს, რათა საკუთარ თავზე აიღოს პასუხისმგებლობა.“

განსხვავებულად ფიქრობს 14 წლის მარიამის მშობელი, ნატა გავაშელი. ის ფიქრობს, რომ სწორედ ოჯახი უნდა იყოს ის პირველი რგოლი, რომელიც რეპროდუქციულ საკითხებს გააცნობს მოზარდს. „მე მგონია, რომ სკოლა არ უნდა იყოს ის დაწესებულება, სადაც ჩვენი შვილები პირველად გაიგებენ ჰორმონალური ცვლილებების შესახებ ან თუნდაც იმას, რომ ნაადრევი ქორწინება არ არის კარგი. მართალია, დღეს მშობლებს, ასე ვთქვათ, არ აქვთ მსგავს საკითხებში დიდი ცოდნა, თუმცა, მიმაჩნია, რომ მათი განათლებით უფრო მეტს მოიგებს როგორც მოზარდი, ასევე მშობელი.“ ის ასევე აღნიშნავს, რომ ოჯახში ინფორმირებული მოზარდებისთვის სქესობრივი საკითხების განხილვა დამამთავრებელ კლასებში უფრო ნაყოფიერი და შემეცნებითი იქნება.

განსხვავებულად ფიქრობენ თავად მოზარდებიც. 17 წლის ნიკა გუბელაძე, თბილისის გურამ რამიშვილის სახელობის მეოცე საჯარო სკოლის მოსწავლეა. ის ამბობს, რომ ყველა მოზარდს უნდა ჰქონდეს გარკვეული სქესობრივი განთლება და ეს უნდა უზრუნველყოს სკოლამ. „რა თქმა უნდა, სკოლებში გარკვეული ასაკიდან უნდა ისწავლებოდეს სქესობრივი განათლება, რადგან მოზარდს შეექმნას ზოგადი წარმოდგენა ამ საკითხის შესახებ. ვფიქრობ, რომ მსგავსი საკითხების სწავლება დაეხმარება მათ თავიდან აიცილონ არასასურველი ორსულობა და სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები.“

16 წლის თიკა ყურულაშვილი, რომელიც 61-ე საჯარო სკოლის მოსწავლეა, ჩვენთან საუბრისას ამბობს, რომ მოზარდი წინასწარ უნდა იყოს მომზადებული მსგავს თემებზე სასაუბროდ. ,,თავისთავად, ეს გაკვეთილები გარკვეულ უხერხულობას შექმნის, თუმცა თუ მოზარდს აქვს მშობლებთან ერთად განხილული მსგავსი თემები, უფრო მომზადებული იქნება და აღარ გაუკვირდება. ვფიქრობ, რომ  ბევრმა მოზარდმა არ იცის სქესობრივი გზით გადამდები დაავადებების შესახებ და ამიტომაც უნდა ისწავლებოდეს ეს საგანი სკოლებში.“

ამ მხრივ ცვლილებები საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, ალექსანდრე ჯეჯელავამ, 2017 წლის თებერვალში დააანონსა. საბაზო საფეხურის ბიოლოგიის ახალი პროგრამის მიხედვით, დაგეგმილია სასწავლო თემის – „ადამიანი და ჯანმრთელობა“- ფარგლებში შემდეგი თემების განხილვა:

  • ადამიანის რეპროდუქციული სისტემა (ორგანოთა აგებულება და ფუნქცია);
  • სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები (ვირუსული ჰეპატიტები; აივ-ინფექცია და სხვა.)
  • ნაადრევი ქორწინება, როგორც დედისა და ნაყოფის ჯანმრთელობის დარღვევის რისკ-ფაქტორი, აგრეთვე სოციალური პრობლემების მიზეზი.

დღემდე სადავო საკითხად რჩება, თუ რომელი კლასიდან უნდა ისწავლებოდეს სქესობრივი განათლება  სკოლებში. ფსიქოლოგი, სალომე საბიაშვილი ამბობს, რომ მე-7 კლასიდან მოზარდი უკვე ინფორმირებული უნდა იყოს ორგანიზმში მიმდინარე ჰორმონალური ცვლილებებისა და მისი თანმხლები პროცესების შესახებ. საქართველოს სამედიცინო სექსოლოგიის საზოგადოების პრეზიდენტი, ექიმი ზურაბ მარშანია აცხადებს, რომ 16 წლიდან სქესობრივი ურთიერთობების სწავლება სავსებით დასაშვებია. „საქართველოში კანონი გრთავს ნებას, რომ 16 წლის ასაკში შექმნა ოჯახი და შესაბამისად, თუ მოზარდი აღმოჩნდება მსგავს სიტუაციაში, საჭიროა მას სრული ინფორმაცია ჰქონდეს, იმაზე რა და როგორ ხდება. ვფიქრობ, ეს ასაკი არის ყველაზე მისაღები საზოგადოებისთვისაც. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ სქესობრივ ურთერთობებზე არასწორი წარმოდგენები, რომლითაც დღევანდელი საზოგადოება საზრდოობს, იწვევს სხვადასხვა გართულებებს, მათ შორის სექსუალურ დისფუნქციებს“.  ზურაბ მარშანია ჩვენთან საუბრისას ასევე ამბობს, რომ  მსგავსი საგანმანათლებლო გაკვეთილების შემუშავების პროცესში განათლების სამინისტრომ სწორედ სექსოლოგები უნდა ჩართონ, რადგან მედიცინის ამ სფეროს წარმომადგენლების კომპეტენცია მსგავსი საკითხების შესწავლა-გაანალიზებაა. „ასე ვფიქრობ, რადგან თუ ფსიქოლოგები არიან ჩართულნი საკითხების შემუშავებისას, მედიცინის ამ მიმართულების უარყოფა არ შეიძლება. პირადად მე მიკვირს, თუ რატომ არ ინტერესდება სამინისტრო ჩვენი კვლევებით, რომლებიც სწორედ მსგავს საკითხებს ეხება.“

სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტის და გაეროს ერთობლივი პროგრამის მონაცემებით, საქართველოში მშობლების 83% 18 წლამდე ბავშვებს რეპროდუქციული ჯანმრთელობისა და უფლებების შესახებ არ ესაუბრება.

ამ საკითხზე ვესაუბრეთ ბიოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორს, სამედიცინო ფსიქოლოგსა და ფსიქოთერაპევტს, ნანა ოზიაშვილს, რომელიც 35-ე საჯარო სკოლაში ბიოლოგიას ასწავლის.

მისი თქმით, არსებულ ვითარებას დაბალი სიციო-კულტურალური მდგომარეობა იწვევს. მშობლების მხრიდან ამ საკითხების უგულებელყოფა კი, სწორედ ამაზე მიუთითებს. ნანა ოზიაშვილი ეწინააღმდეგება სქესობრივი განათლების დაბალ კლასებში სწავლებას. ,,კარლ გუსტავ იუნგს აქვს ნათქვამი: „ნაადრევ ასაკში სექსუალურ ურთიერთობებზე ინფორმაციის მიწოდება, ბავშვის ფსიქიკაში იწვევს სტრესს და ეს ძალიან ცუდი შედეგით მთავრდებაო…“ ეს არის ძალიან დიდი ადამიანის აზრი. ამიტომ, პირადად მე მიმაჩნია, რომ არაა საჭირო, კიდევ დამატებით დავტვირთოთ ბავშვის ფსიქიკა.“ ის თვლის, რომ სკოლებში, პირველი კლასიდან დაწყებული მეთორმეტე კლასის ჩათვლით, ისწავლება სრულიად საკმარისი მასალა, იმისთვის, რომ მოზარდების ჯანმრთელ განვითარებას შეუწყოს ხელი.

,,მე-12 კლასში მე ვასწავლი  სამედიცინო ბიოლოგიას. ეს, ფაქტობრივად ყველანაირი ბრჭყალების გახსნაა. მოსწავლეებს ვესაუბრები ყველა მნიშვნელოვან თემაზე, ტაბუ არცერთ საკითხზე არ გვაქვს დადებული. ეს ჩემთვის პრობლემა არაა, რადგან სამედიცინო ფსიქოლოგი ვარ.“

იმისთვის, რომ მოზარდების განვითარებასა და ინფორმირებულობას ხელი შეუწყოს,  ნანა ოზიაშვილმა დირექციას წინადადებით მიმართა, რომ სკოლის სივრცეში ჩამოყალიბდეს მშობელთა და შვილთა კლუბი, სადაც ფსიქოლოგები და ბიოლოგები ერთობლივი ძალისხმევით გაუწევენ მშობლებს კონსულტირებას. ის ფიქრობს, რომ სწორედ მშობლების ჩართულობა და განვითარება არის მთელი რიგი პრობლემების აღმოფხვრის ყველაზე სწორი გზა.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს თქმით, ამჟამად მიმდინარეობს ბიოლოგიის სასწავლო გეგმაზე მუშაობა. აღნიშნულ პროცესში, ჩართულნი არიან არა მხოლოდ საგნობრივი ექსპერტები, არამედ შესაბამისი დარგის სპეცილისტები, მათ შორის ბავშვთა ფსიქოლოგებიც.

 ავტორი: ვიკა შაუთიძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here