Home ინტერვიუ პირველი ქართველი ლონდონის კინოაკადემიის სივრცეში სრული დაფინანსებით

პირველი ქართველი ლონდონის კინოაკადემიის სივრცეში სრული დაფინანსებით

პირველი ქართველი ლონდონის კინოაკადემიის სივრცეში სრული დაფინანსებით
  1. პირველ ყოვლისა, მოკლედ თქვენ შესახებ რომ გვიამბოთ.

რთულ დროს დავიბადე.. ეს მოხდა თბილისში,1989 წელს, შემოდგომაზე. ჩემი თაობა ის თაობაა ეზოში ფეხბურთს, დაჭერობანას, დახუჭობანას, ომობანას და წრეში ბურთს რომ თამაშობდა. ლამფის შუქზე ნასწავლი გაკვეთილებიც ჩვენი ცხოვრების ნაწილი იყო. შუქი გრაფიკით იყო, “მეცხრე ბლოკი” ზიანდებოდა ყოველთვის. დღემდე არ ვიცი, რა იყო “მეცხრე ბლოკი” და სად იყო ის, თუმცა ისევ ყურში ჩამესმის “მეცხრე ბლოკის” ჩართვის შემდეგ, მთელი უბნის ერთად დაძახებული ”ურაააა”.

ჭაღარა, მაგრამ მარად ახალგაზრდული სულისკვეთებით აღსავსე თბილისის პირველი კლასიკური გიმნაზია – (უკვე საჯარო სკოლა) დავამთავრე და  ამ სკოლაზე ბევრი ძალიან სასიამოვნო მოგონება მაქვს. არაჩვეულებრივი მასწავლებლები გვყავდა.  ჩემი კლასი  ყოველთვის გამოირჩეოდა სიცელქითა და განსხვავებული იდეებით. ყოველთვის მეამაყებოდა თბილისის პირველ კლასიკურ გიმნაზიაში  სწავლა, რომლის ისტორიაში თავისებურად აისახა ჩვენი ქვეყნის საბედისწერო 1801 წლის შემდგომი საქართველოს ორსაუკუნოვანი ისტორია.

მე დავდიოდი ფორტეპიანოზე, რასაკვირველია…. მართალი გითხრათ,  რატომ დავდიოდი არ ვიცი.  უბრალოდ, 90-იან წლებში მთელი რიგი მშობლების ატაცება/გატაცება იყო ასეთი.  კონცერტები თითქმის, ყოველ კვირას თუ არა, ყოველთვეს მაინც მქონდა… კომპოზიტორთა სახლში იმართებოდა ეს ღონისძიებები, რისთვისაც ნამდვილად ღირდა მომზადება…. და ამის ხათრით კი გამომივიდა ფორტეპიანოს სწავლა, შვიდწლედიც წარმატებით დავამთავრე და, სამწუხაროდ, იქვე დასრულდა ჩემი მეგობრობა პიანინოსთან.

ორი წლისაც არ ვიყავი ჯერ, მამაჩემი მღვდლად რომ აკურთხეს. მანამდე კი, წლების განმავლობაში, პატრიარქის სტიქაროსანი იყო. ფაქტობრივად, უწმინდესის გაზრდილია..  შესაბამისად, მთელ ბავშვობას თუ არა, დიდ დროს ვატარებდი მშობლებთან ერთად უწმინდესთან.  შეუძლებელია, ეს მადლი, რასაც ამ დროს ვიღებდი, ვერ იგრძნო, ან ოდესმე დაგავიწყდეს. სხვათა შორის, დიდ დროს ვატარებდი სიონის საკათედრო ტაძარში… მამას ყოველთვის დავყავდი პატრიარქის წირვა-ლოცვაზე. უწმინდესი მაშინ ბავშვებისათვის პარაკლისს იხდიდა ხოლმე… ამ დროს თითქმის ყოველთვის ამბიონის კიბეზე ვიჯექი და თურმე ერთი სული მქონდა, როდის ჩამოივლიდა პატრიარქი, რომ მის შესამოსელს მოვჭიდებოდი… უწმინდესის ნაჩუქარ კანფეტებს კიდევ არაფერი ჯობდა…

მშობლებში ნამდვილად გამიმართლა. არ მახსოვს, მათ ჩემთვის თავისუფალი არჩევანის გაკეთების საშუალება წაერთვათ. არასოდეს მართმევდნენ იმას, რაც თავისუფალი პიროვნების აუცილებელი ნაწილია. ყოველთვის მახსენებდნენ, რომ ნებისმიერ საკითხთან დაკავშირებით ჩემი აზრი უნდა მქონოდა, რომ გადაწყვეტილება მე უნდა მიმეღო. ბავშვობიდან მაჩვევდნენ საკუთარ აზროვნებას, საკუთარი აზრის ჩამოყალიბებას. ჩემი მშობლები… ყოველთვის ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ მე საკუთარი თავი ვიპოვნო ცხოვრებაში და ყოველთვის პატივს სცემენ ჩემს არჩევანს.

  1. გარდა რეჟისორობისა, რას საქმიანობთ?

საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის (სეუ) მოწვეული პროფესორი ვარ. ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე ვკითხულობ ლექციებს. ჟურნალისტიკის შესავალსა და ტელეჟურნალისტიკის საფუძვლებს ვასწავლი. სეუ ჩემი მეორე სახლია. არ მეგონა, ამხელა სიამოვნებას თუ მივიღებდი საგანმანათლებლო საქმიანობით, სტუდენტებთან ურთიერთობით. ძალიან საინტერესო პროცესია და, რა თქმა უნდა, საკმაოდ საპასუხისმგებლო. თანაც, ჩემი სტუდენტები და მე თითქმის თანატოლები ვართ,  მაქსიმუმ 3–6 წელი იყოს განსხვავება და, შესაბამისად, ბევრი რამ მესმის მათი. ბევრი საინტერესო ახალგაზრდაა.

კიდევ, ამჟამად შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ვარ.

  1. თქვენი რეჟისორული კარიერა როდის და როგორ დაიწყო?

ბავშვობიდან ყველაფერი მაინტერესებდა, ყველაფერში ცხვირს ვყოფდი, უამრავ კითხვას ვსვამდი. ძალიან მიზანდასახული ბავშვი ვიყავი. ყველაფერს ვაკეთებდი იმისათვის, რომ ჩემი ოცნებები, თუ მიზნები სისრულეში მომეყვანა. ძალიან პატარაობიდანვე ვიცოდი, რომ ჟურნალისტობა მინდოდა და აუცილებლად ტელევიზიაში უნდა მემუშავა….  კი, ყველაფერი დაიწყო ტრადიციული ფიქრებით, უფრო სწორად, ცხოვრებისეული აკვიატებით, რომ მინდოდა ჟურნალისტობა, თანაც აუცილებლად ტელევიზიაში უნდა მემუშავა. საკმაოდ პატარა ასაკიდან დავიწყე ზრუნვა იმისათვის, რომ მიზნისთვის მიმეღწია. ამიტომაც, გავბედე, მივედი, ვცადე და გამიმართლა. ასე დაიწყო ჩემი უმნიშვნელოვანესი გაკვეთილებიც. ჩემი პირველი სამსახური ტელეკომპანია “იმედში”….. მომდევნო ათი წლის განმავლობაშიც სხვვადასხვა ტელევიზიაში ვმუშაობდი. ყოველთვის მჯეროდა, რომ, ადრე თუ გვიან, მე ადამიანებს ამბებს მოვუყვებოდი ცისფერი ეკრანებიდან. საბედნიეროდ, მოვხვდი ადამიანებში, რომლებმაც მომცეს საკუთარი თავის მაქსიმალურად რეალიზაციის საშუალება.

საჭირო თეორიული ცოდნისა და პრაქტიკული გამოცდილების დაგროვების შემდეგ უკვე ტელეკომპანია “ტვ 3–ის” ბაზაზე გავახორციელე ორი საავტორო სატელევიზიო პროექტი – „ეპოქა და ადამიანი“ და „ზეციური მთიები“. ორივე პროექტი წარმოაჩენს უნიკალურ დეტალებს უძველესი ქართული კულტურის ისტორიიდან; ასევე, ხელს უწყობს ამა თუ იმ ადამიანის განსაკუთრებული როლის განსაზღვრას ჩვენი ქვეყნის ისტორიაში და პოპულარიზაციას უწევს ქართულ კულტურას, ისტორიას, ეთნოგრაფიას, ფოლკლორს, ეროვნულ წეს-ჩვეულებებსა და ტრადიციებს.

ამ პროექტების ფარგლებში 40-მდე დოკუმენტური ფილმი გადავიღე. კიდევ იყო ფილმები სამთავროს დედათა მონასტრისა და გოდერძი ჩოხელის შესახებ. საბედნიეროდ, არაერთი წარმატება მომიტანა ამ ფილმებმა საერთაშორისო კინოფესტივალებზე…

  1. თქვენი ოჯახის რომელიმე წევრი თუ არის ამ საქმიანობით დაკავებული?

არა, ოჯახის წევრი კი არა, საერთოდ, ნაცნობიც კი არ მყავდა ჟურნალისტი, არც რეჟისორი მანამ, სანამ ამ სპეციალობების შესწავლა დავიწყე.

  1. რას ნიშნავს თქვენთვის რეჟისორობა?

კინო, გადაღებები, ინფორმაციის მოძიება, ეკრანიდან ამბების მოყოლა – ეს ყველაფერი პატარა ასაკიდან იყო ჩემი ცხოვრების მიზანი. მგონია, რომ ტელევიზია და ჟურნალისტობა, რეჟისორობა არა პროფესია, არამედ ცხოვრების წესია. და ასეთი ცხოვრების წესი იმდენად მქონდა გამჯდარი ბავშვობიდან, რომ განსაკუთრებული მიზეზი არც მჭირდებოდა, რომ გადაღება დამეწყო… უბრალოდ, აუცილებელი იყო რაღაც დონეზე პრაქტიკული გამოცდილების მიღება. თუმცა, არც ასე მარტივად მომხდარა ყველაფერი. მიზნის მისაღწევად თავს ავუკრძალე სიზარმაცე, ავადმყოფობა, მასალის ვერმომზადება, დაგვიანება და, საბოლოოდ, პროფესია ცხოვრების წესად ვაქციე, რადგან ეს ნამდვილად იყო ჩემი ოცნების სამსახური და ის ფაქტი, რომ მე ტელევიზიაში ვმუშაობდი და ჩემი საავტორო სატელევიზიო პროექტის ყველა გადაცემაში ადამიანებს ეკრანიდან მათთვის საინტერესო ამბებს ვუყვებოდი, უფრო მეტი იყო, ვიდრე ოცნება.  და მგონია, უფრო სწორად, დარწმუნებულიც ვარ, რომ, ყველა სირთულის მიუხედავად, ყველაზე საინტერესო და მრავალფეროვანი პროფესიები მაქვს.

  1. ამ მიმართულებით, რა მასალები გაქვთ შექმნილი?

მაქვს სატელევიზიო პორტრეტები გაკეთებული იმ ადამიანების შესახებ, რომლებსაც საქართველოს ისტორიაში მნიშვნელოვანი ადგილი უკავიათ და რომლებმაც ეპოქა შექმნეს. კერძოდ, ფილმები შეეხო ილია ჭავჭავაძის, ექვთიმე თაყაიშვილის, ნატო ვაჩნაძის, სოფიკო ჭიაურელის, ლევან თედიაშვილისა და დავით ყიფიანის, ბეთანიელი ბერების, გიორგი სააკაძისა და სხვათა ცხოვრებასა და მოღვაწეობას. შესაძლებლობის ფარგლებში და არსებული ტექნიკური რესურსის გათვალისწინებით, ვცდილობდი, ყველა გადაცემა მაქსიმალურად საინტერესო ყოფილიყო ჩემი მაყურებლისთვის. ყოველთვის ვცდილობდი, თითოეულ ჩემს გადაცემაში რაღაც ახალი, განსხვავებული ინფორმაცია მიმეწოდებინა მაყურებლისთვის, ისეთი, რაც მანამდე არ გამოჩენილა ტელეეკრანებზე… აქტიურად ვთანამშრომლობდი შინაგან საქმეთა სამინისტროს უშიშროების არქივთან, ხელნაწერთა ინსტიტუტთან, მუზეუმებთან, სადაც არაერთი საინტერესო ინფორმაცია მომაწოდეს. მათი დამსახურებით, ყოველთვის მქონდა ექსკლუზიური მასალა, თუნდაც ერთ დეტალი მაინც.

  1. თქვენს კარიერაში თქვენს ყველაზე დიდ მიღწევად რას დაასახელებთ ?

ლონდონის კინოაკადემიაში სწავლა, ვფიქრობ, ძალიან მნიშნელოვანი იყო ჩემთვის, მით უფრო, რომ პირველი ქართველი ვარ, ვისაც ამ სასწავლებელში სწავლის საშუალება მიეცა და სწავლაც თავად ლონდონის კინოაკადემიამ  დამიფინანსა სრულად.

ლონდონში გამგზავრებამდე რამდენიმე თვეს დისტანციურად გავდიოდი ლონდონის კინო-აკადემიაში დოკუმენტური კინოს რეჟისურის კურსს, რომლის მიმდინარეობისასაც შემომთავაზეს პროგრამის ლონდონში დასრულება და დამატებით პრაქტიკული კურსის გავლაც. ასე აღმოვჩნდი მეორედ ჩემი ოცნების ქალაქში,  საოცნებო სასწავლებელში. მანამდე, 2011 წელს, ინგლისური ენის საზაფხულო კურსიც გავიარე კენტის უნივერსიტეტში.

საკმაოდ მნიშნელოვანი იყო ლექტორებთან ურთიერთობა. გამოცდილებას გვიზიარებდნენ საკმაოდ ცნობილი რეჟისორები და პროდიუსერები. სწორედ მათთან ერთად გავაკეთე ათწუთიანი დოკუმენტური ჩანახატი ლონდონში აკადემიის ბაზაზე, ამ სასწავლებელში მოხდა ფილმის ჩვენება და დღესაც კინოაკადემიის ბაზაში ინახება ჩემი ეს ნაშრომი.

ასევე, მნიშნელოვანი იყო შემდეგი: კიევის მართლმადიდებლური ფილმების IX საერთაშორისო ფესტივალის “პოკროვ-კინო” გამარჯვებული გახდა ჩემი ფილმი სამტავროს დედათა მონასტრის შესახებ, რომელიც ფესტივალის საპატიო დიპლომით დაჯილდოვდა “მონასტრული ცხოვრების სილამაზის გადმოცემისათვის”.

  1. ამ დროისთვის რა კარიერულ მიღწევებზე შეგიძლიათ საუბარი?

ახლახან დაიბეჭდა ჩემი მონოგრაფია სახელწოდებით: „მედიის როლი პოლიტიკური კრიზისების ვითარებაში“. წიგნში გამოყენებულია ჩემთვის საკმაოდ პატივსაცემი ადამიანის, ფოტორეპორტიორ გიორგი აბდალაძის ფოტოები და უღრმესი მადლობა მას ამ ნამუშევრებისთვის.

თანამედროვე სამყაროში დიდი ყურადღება ეთმობა მედიის საკითხების კვლევას მისი განუზომელი როლის გამო. ქართული მედია კი, ამ მხრივ, ყურადღების მიღმა დარჩა, ის სისტემური და ობიექტური კვლევის საგნად დღემდე ვერ იქცა. წინამდებარე მონოგრაფია ამ პრობლემის გამოსწორების დაწყების მცდელობაა. ნაშრომი საქართველოში პოლიტიკური კრიზისისას მედიისა და პოლიტიკის ურთიერთმიმართების საკითხს ეძღვნება. მასში განხილულია ქართული მედიასივრცის პრობლემები და მისი განვითარების ტენდენციები 2003–2013 წლებში; გაანალიზებულია, თუ რა ზეგავლენას ახდენს ქართული მედია ქვეყნის პოლიტიკურ პროცესებზე, საკვლევი პერიოდის განმავლობაში, სახელმწიფოს მხრიდან რამდენად ხშირად ფიქსირდებოდა სარედაქციო პოლიტიკაში ჩარევის ფაქტები და სხვ. საკვლევი პერიოდი მოიცავს ვარდების რევოლუციიდან ციხეში განვითარებული მოვლენების ამსახველი კადრების გავრცელებამდე პერიოდს. მედიის როლი პოლიტიკურ პროცესებში, ისევე, როგორც პოლიტიკური ინსტიტუტების დაინტერესება მედიით, განსაკუთრებით თვალსაჩინო კრიზისულ სიტუაციებშია, როდესაც ქვეყანა მნიშვნელოვანი ცვლილებების წინაშე დგება.
წიგნი განკუთვნილია მედიის, პოლიტიკის, სოციალურ მეცნიერებათა სპეციალისტებისთვის, სტუდენტებისა და, აგრეთვე, ამ საკითხებით დაინტერესებულ მკითხველთა ფართო წრისათვის.

  1. საკუთარ მასალებზე მუშაობისას რაიმე იმედგაცრუება თუ გიგრძნიათ?

ზოგადად, სირთულეებისა და იმედგაცრუების გარეშე ცხოვრება წარმოუდგენელია, გააჩნია, როგორ მიუდგები… მიუხედავად იმისა, რომ უამრავი სირთულე შემხვდა ცხოვრებაში და საშინელი წვალების გარეშე არაფერი მომსვლია, ყოველთვის ვცდილობ, ეს სირთულე აღვიქვა პოზიტიურად და ასმაგად ვხდები ორიენტირებული მისი მოგვარების გზებზე, და, ძირითად შემთხვევაში, ჩემს მიზანს ყოველთვის ვაღწევ კიდეც.

  1. რომელ რეჟისორულ ნამუშევარს გამოარჩევთ? რატომ?

ყოველი გადაცემა მნიშვნელოვანია ჩემთვის, თითოეული მათგანს განსაკუთრებულ ყურადღებას ვუთმობდი… ჩემთვის ყველაზე დიდი სიამოვნებაა ამ გადაცემებზე მუშაობა და რთულია, რომელიმე მათგანი გამოვარჩიო, ყველა მათგანში მთელი გული და სული მაქვს ჩაქსოვილი. ფაქტობრივად, ოპერატორობის გარდა, თითქმის ყველაფერს ვითავსებდი….

ვფიქრობ, ერთ-ერთი ყველაზე მნიშნელოვანი გადაცემა მქონდა მამა გაბრიელის ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ. აღნიშნულ გადაცემაში მქონდა 21-ე საუკუნის ამ უდიდესი წმიდანის საფლავის გახსნის ექსკლუზიური ვიდეომასალა. საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის უახლესი ისტორიის მანძილზე წმინდანად შერაცხული ბერის საფლავი პირველად გაიხსნა. საზოგადოება  ბერი გაბრიელის წმინდა ნაწილების საფლავიდან აღმოყვანების მომსწრე გახდა.  ამ მოვლენას მორწმუნეები წლობით ელოდნენ. შესაბამისად, ვფიქრობ, ამ შემთხვევაში, ძალიან სერიოზული მასალა გამომივიდა.

შესაძლოა, გამოვარჩიო “სამთავროს დედათა მონასტრის” შესახებ გაკეთებული ფილმი, რომელიც გადაღებულია სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ, ილია მეორის ლოცვა-კურთხევით და, რა თქმა უნდა, უწმინდესის ინტერვიუს, მის მოგონებებს მონასტერთან დაკავშირებით, ნაშრომში მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს. ამ ნაშრომში შევეცადე, მაყურებლისთვის მომეყოლა მონასტრული ცხოვრების სირთულეების შესახებ და ამესახა სამთავროს დედათა მონასტრის ისტორია დაარსებიდან დღემდე. ჩემთვის ყველაზე მნიშნელოვანია, რომ გადამაღებინეს მონაზვნად აღკვეცის რიტუალი, რაც ადამიანის გარდაცვალებისა და ხელახლა დაბადების გამომხატველია. ფაქტობრივად, ეს ჩემი ექსკლუზიური კადრებია. დედების აღკვეცა მანამდე არავის აქვს გადაღებული.

ამავე ფილმშა გამჟღავნებულია უწმინდესის  ერთგვარი ანდერძი, რის შესახებაც მონასტრის სულიერი მოძღვარი, არქიმანდრიტი ლაზარე გაგნიძე მიყვება. მონასტერში ერთ–ერთი სტუმრობისას უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე ეზოში, საკურთხევლის კედელთან გაჩერებულა და იღმენია ქეთევანისთვის (მონასტრის წინამძღვარი) უკითხავს: დედა იღმენია, თქვენ სად გინდათ დაგასაფლაოთ. სადაც ინებებთ – იყო პასუხი. შემდეგ კი პატრიარქმა საკურთხევლის კედელთან ახლოს მიუთითა. უწმინდესს თავისი საბოლოო განსასვენებელის შესახებაც უსაუბრია და აღნიშნავს, რომ ის სიონის საპატრიარქო ტაძარში უნდა დაიკრძალოს, იმ ადგილას, სადაც გარდამოხსნაა დაბრძანებული. ესეც ფილმის ერთ-ერთი ემოციური ნაწილია.

ასევე, გამოვარჩევდი „ცასწავალას“, რომელიც ორმოცწუთიანი მხატვრულ-დოკუმენტურ ფილმია  გოდერძი ჩოხელის ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ. მუსიკა კომპოზიტორმა ზურა მახნიაშვილმა სპეციალურად ამ ფილმისთვის შექმნა. აუცილებლად უნდა აღვნიშნო, რომ „ცასწავალას“ გადაღება დიდ ბრიტანეთში მოღვაწე ქართველი მეცენატის, ჯორჯ ქესიდის  ფინანსური მხარდაჭერით გავახორციელე. ეს არის ადამიანი, რომელსაც კარგად ესმის, რომ კულტურული მემკვიდრეობა საქართველოს  მნიშვნელოვანი სიმდიდრეა და  მადლობას ვუხდი მას დახმარებისთვის. „ცასწავალა“, როგორც იცით, გოდერძის ერთ–ერთი მოთხრობის პერსონაჟს – პატარა მეოცნებე, ცისფერთვალება ჩიტს ქვია, რომელიც ზეცაში ამაღლების სურვილს შეეწირება. თავად მწერალი ამ ჩიტში საკუთარ ცხოვრებას ხედავდა. აქედან გამომდინარე, სიმბოლურიცაა, რომ ფილმს ამ მოთხრობის სახელი ვუწოდე.

საქართველოს საელჩოსა და მაცხოვრის შობის საკათედრო ტაძარში, ლონდონში გაიმართა როგორც „ცასწავალას“, ასევე „სამთავროს დედათა მონასტრის“ შესახებ ფილმის ჩვენებაც. ეს იყო ივნისში. ღონისძიებები საელჩოს ორგანიზებით, ასევე, დმანისისა და აგარაკ-ტაშირის, დიდი ბრიტანეთისა და ირლანდიის მთავარეპისკოპოს ზენონის (იარაჯული) ლოცვა-კურთხევითა და ქართული დიასპორის თხოვნით მიმდინარე წლის ივნისში გაიმართა.  აქვე, უღრმესი მადლობა მინდა გადავუხადო ლონდონში საქართველოს ელჩს, ქალბატონ თამარ ბერუჩაშვილს, ვისი ინიციატივით დაიგეგმა საელჩოში ეს ღონისძიება. ასევე, მეუფე ზენონსა და მამა დოროთეს, ვის გარეშეც ნამდვილად ვერ ჩაივლიდა ასე კარგად ჩვენება.

მე-20 საუკუნის საქართველოს მართლამადიდებელი ეკლესიის ისტორიაში კათოლიკოს-პატრიარქ ამბროსი ხელაიას განსაკუთრებული ადგილი უჭირავს. როგორი რთული და წინააღმდეგობრივიც იყო გასული საუკუნის პირველი  მეოთხედი საქართველოსთვის, ასეთივე მძიმე იყო ის უწმინდესისა და უნეტარესი ამბროსისათვის. მისი ცხოვრება და მოღვაწეობა მძიმე იყო, ეკლიანი, მაგრამ, ამავე დროს, ამაღლებული და მისაბაძი. ამბროსი ხელაიას ცხოვრების ეკლიანი გზაა წარმოდეგნილი მომდევნო გადაცემაში, რომელსაც გამოვარჩევ.  უამრავი საინტერესო მასალა მომაწოდეს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრიდან, ასევე, შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივიდან. ძალიან საინტერესო არქივებია დაცული ორივე უწყებაში და დიდი სიამოვნებით ვამუშავებდი მასალას. მადლობა მათ ამ მასალისთვის.

11.საკუთარ რეჟისორულ შესაძლებლობებს თავად როგორ შეაფასებთ?

მგონია, რომ ეს მაყურებელმა უნდა შეაფასოს.

  1. რას გვეტყვით თქვენი სამომავლო გეგმების შესახებ?

13 ოქტომბერს ლონდონში იმართება ჩემი წიგნის – „მედიის როლი პოლიტიკური კრიზისების ვითარებაში“ პრეზენტაცია, რომელსაც უამრავი მნიშნელოვანი ადამიანი დაესწრება. ამავე წიგნის პრეზენტაცია უკვე საქართველოში 3 ნოემბერსაა ჩანიშნული, საჯარო ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში.

მარი ტიელიძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here