
ფრეიზერის ინსტიტუტის „მსოფლიო ეკონომიკური თავისუფლების“ 2017 წლის ანგარიშის მიხედვით, რომელიც 2015 წლის პერიოდს აფასებს, საქართველო მე-8 ადგილზე იმყოფება 159 ქვეყანას შორის უმეტესად თავისუფალი სტატუსით. ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში აცხადებენ.
როგორც სამინისტროში აცხადებენ, საგულისხმოა ის გარემოება, რომ აღნიშნულ რეიტინგში 2016 წლის კორექტირებული ანგარიშის მიხედვით, საქართველო მე -7 ადგილს იყოფდა ავსტრალიასა და მაურიტუსთან ერთად.
„2017 წლის ანგარიშის მიხედვით, საქართველო მსოფლიო მასშტაბით 159 ქვეყანას შორის 4 კომპონენტში პირველ ადგილს იკავებს. ეს კომპონენტებია – ზღვრული საგადასახადო განაკვეთი, უძრავი ქონების გაყიდვებზე საკანონმდებლო შეზღუდვები, უცხოურ ვალუტაში საბანკო ანგარიშის ფლობის თავისუფლება, შავ ბაზარზე გაცვლითი კურსები. საქართველო პირველ პოზიციას იკავებს ასევე 5 ქვეკომპონენტში, ესენია – ზღვრული საშემოსავლო გადასახადი, ზღვრული მოგების გადასახადი, ბანკების საკუთრების სტატუსი, საპროცენტო განაკვეთის კონტროლი და ლიცენზირება“, – განაცხადა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ ნინო ჯავახაძემ.