საქართველოს ეროვნული მუზეუმი წარმოგიდგენთ გივი თოიძის 85 წლის საიუბილეო რესტროსპექტულ გამოფენას დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში. გივი თოიძე ქართველ მხატვართა იმ თაობას ეკუთვნის, რომელიც აქტიურად გამოვიდა სახვითი ხელოვნების ასპარეზზე მე-20 საუკუნის 60-იან წლებში. როგორც არტისტი, გივი თოიძე ჩამოყალიბდა თავისი ბაბუის, დიდი ქართველი მხატვრის მოსე თოიძის სახელოსნოში. გივი თოიძის მრავალმხრივი შემოქმედების თემებია ძველი თბილისი, საქართველოს კუთხეებისა და მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქის პეიზაჟები, ნატურმორტი, პორტრეტი, ჟანრული სურათები, მრავალფიგურიანი კომპოზიციები და მონუმენტური მხატვრობა. მისი ნამუშევრები გამოირჩევა თემატური და ჟანრობრივი მრავალფეროვნებით, ინტენსიური კოლორიტითა და მაჟორული გამით. ის იყენებს სხვადასხვა სამხატვრო ტექნიკას – ზეთი, ტემპერა, გუაში, აკრილი, პასტელი, ტუში, სანგინი და სხვა. მრავალმხრივი შემოქმედი გივი თოიძე თბილისისა და საქართველოს ისტორიის ერთგვარი მემატიანეცაა, რადგან მის ფერწერულ ტილოებსა თუ გრაფიკულ ნამუშევრებში ასახული მრავალი ხედი, სამწუხაროდ, დღეს უკვე აღარ არსებობს. გივი თოიძე დღემდე აგრძელებს პედაგოგიურ საქმიანობას თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში. მას მინიჭებული აქვს სახალხო მხატვრის წოდება, ასევე შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემია ფრესკისთვის „დღესასწაული ხევსურეთში“, დავით კაკაბაძის სახელობის პრემია, არის თბილისის საპატიო მოქალაქე, ღირსების ორდენის კავალერი, საქართველოს განათლების მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი, სამხატვრო აკადემიის პროფესორი, მინიჭებული აქვს კულტურის რაინდის წოდება. გივი თოიძის ნამუშევრები დაცულია: ტრეტიაკოვის გალერეაში, აღმოსავლეთის ქვეყნების ხალხთა მუზეუმში (მოსკოვი, რუსეთი), პიტერ ლუდვიგის გალერეაში (გერმანია), ასევე მრავალ სხვა ქვეყანაში (აშშ, დიდი ბრიტანეთი, კანადა, საფრანგეთი, ესპანეთი, უნგრეთი და სხვ.), ასევე ინახება არაერთ კერძო კოლექციაშიც. გამოფენა ხორციელდება საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს და თბილისის მერიის მხარდაჭერით. გახსნა: 15 დეკემბერი, 19:00 საათი ხანგრძლივობა: 15 დეკემბერი, 2017 – 16 იანვარი, 2018 მისამართი: დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნული გალერეა, შოთა რუსთაველის გამზ. 11
ფოტოგამოფენა „ერმაკოვიდან ერმაკოვამდე“
⭕ 26 დეკემბერს, 18:00 საათზე, ფაბრიკაში გაიმართება ფოტოგამოფენა „ერმაკოვიდან ერმაკოვამდე“.
▪ რომ არა დიმიტრი ერმაკოვი, რომელიც 1878 წლიდან იღებდა ბათუმს, ბევრი არაფერი გვეცოდინებოდა მაშინდელი ქალაქის შესახებ.
იმის შემდეგ ბათუმი ძალიან შეიცვალა. ეს განსაკუთრებით ბოლო წლებში მოხდა, როცა ბათუმის მერი გიორგი ერმაკოვი გახდა. ჩვენი ფოტოგამოფენაც ამ ეპოქას ასახავს – ბათუმი ერმაკოვიდან ერმაკოვამდე.
⭕ ფოტოგამოფენის ორგანიზატორები: საზოგადოება „ბათომი“ და „თბილისის ჰამქარი“
ანა დოლიძის წიგნის “აკადემიური წერა სამართლაში” პრეზენტაცია
25 დეკემბერს, 19:00 საათზე, წიგნის მაღაზია „შაქრო ბაბუაში“ გაიმართება სამართლის დოქტორის – ანა დოლიძის ახალი წიგნის „აკადემიური წერა სამართალში“ პრეზენტაცია.
სახელმძღვანელო „აკადემიური წერა სამართალში“ შექმნილია ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მიერ მხარდაჭერილი „კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში“ პროგრამის ხელშეწყობით, რომელსაც საქართველოში აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტი (EWMI/PROLoG) ახორციელებს.
2017 წლის გამოცემების პრეზენტაცია
2017 წლის 28 დეკემბერს, 17:00 საათზე კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი გამართავს 2017 წელს გამოცემული წიგნების პრეზეტაციას. ღონისძიება ჩატარდება საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში.
ღონისძიების მიზანია, საზოგადოებისათვის ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის სამეცნიერო მიმართულებით ჩატარებული კვლევის შედეგების წარდგენა სამეცნიერო გამოცემების სახით.
ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი დაარსების დღიდან მუშაობს სხვადასხვა სამეცნიერო მიმართულებით. ისეთი, როგორიცაა, უძველესი ხელნაწერების ტექსტის გამოცემა, ასევე ცენტრში დაცული სხვადასხვა საზოგადო მოღვაწის პირადი არქივების აღწერა, ისტორიული დოკუმენტების შესწავლა, უძველეს ხელნაწერებში წარმოდგენილი მინიატურების კვლევა, მათი მხატვრული კუთხით შესწავლა და ა.შ. ამ კვლევათა შედეგია გამოცემული წიგნები, რომლებიც მეცნიერებს დახმარებას გაუწევს სამომავლო კვლევებში.
მაღალ სამეცნიერო დონეზე შესრულებული პუბლიკაციები დასტურია იმისა, რომ ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი ერთ-ერთი უმთავრესი სამეცნიერო დაწესებულებაა ქვეყანაში, რომელიც მუდმივად ზრუნავს ჰუმანიტარული სამეცნიერო სფეროს განვითარებაზე.
ღონისძიებაზე 12 სამეცნიერო და ასევე 4 სამეცნიერო-პოპულარული წიგნი იქნება წარმოდგენილი. გამოცემებს მათი ავტორები წარადგენენ. და წიგნის შინაარსსა და მნიშნველობაზე ისაუბრებენ.
საცნობარო ლიტერატურა
1. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი – წარმდგენი ზაზა აბაშიძე
სამეცნიერო-პოპულარული წიგნების სერია
1. „ხელნაწერი“– წარმდგენი ზაზა აბაშიძე
2. მარიამ ლორთქიფანიძე, რუსთაველის ეპოქა – წარმდგენი ზაზა აბაშიძე
3. მანანა ხომერიკი, ფიროსმანზე და არა მხოლოდ – წარმდგენი მანანა ხომერიკი
4. ვალერიან გაბაშვილი, ვახუშტი ბაგრატიონი – წარმდგენი მანანა გაბაშვილი
ფილოლოგია
1. მანანა მაისურაძე, „დროსის წამების“ ქართული ვერსია
2. ლია ახობაძე, ნოემბრის მეტაფრასები – წარმდგენი ლია ახობაძე
3. გიორგი მთაწმიდელი, დიდი სÂინაქსარი – წარმდგენი დალი ჩიტუნაშვილი
4. ქართული პალიმფსესტები კატალოგი-ალბომი – წარმდგენი დალი ჩიტუნაშვილი
ისტორია
1. გონელი არახამია, ახალი ქართლის ცხოვრება – წარმდგენი გონელი არახამია
2. ჯუანშერ ვათეიშვილი, ქართული წიგნის ისტორია – წარმდგენი ჯუანშერ ვათეიშვილი
3. ტაო-კლარჯეთი _ ისტორიისა და კულტურის ძეგლები (კატალოგი) – წარმდგენი ნესტან ბაგაური
4. სერგი გორგაძე, თხზულებანი I – წარმდგენი ზაზა აბაშიძე
5. მეფე თეიმურაზი, ქეთევანიანი – წარმდგენი თეა ქართველიშვილი
6. კალისტრატე ცინცაძე 150 – წარმდგენი ნუგზარ პაპუაშვილი
პერიოდული გამოცემა
1. ისტორიულ-ფილოლოგიური კრებული „მრავალთავი“, N25 – წარმდგენი ნინო მელიქიშვილი / დარეჯან კლდიაშვილი
მისამართი: ქ. თბილისი, ლ.გუდიაშვილის ქუჩა №7 III კორპუს
ბარბალე მზიურში
6 იანვარს, შობის წინა დღეს, 13:00 საათიდან ბარბალე • Barbaleმეგობრებთან ერთად მზიურში გელოდებათ.
დააგემოვნეთ ჩვენი უგემრიელესი ორგანული პროდუქტები, შეხვდით ჩვენს მეგობრებს, დაათვალიერეთ და შეიძინეთ მათი ხელნაკეთი ნივთები, უსაყვარლესი თოჯინები, ღვინო, ნატურალური ხელნაკეთი საპონი და სხვა.
ფოთს თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი წყალარინების ინფრასტრუქტურა ექნება
საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორმა, გიორგი კობერიძემ და ჰოლანდიური კომპანია „TAHAL Group BV“-ის საერთაშორისო განყოფილების აღმასრულებელმა ვიცე-პრეზიდენტმა, ალონ იეგნესმა, ასევე საოპერაციო დირექტორმა,
ირის იანციკმა ხელი მოაწერეს ხელშეკრულებას ქალაქ ფოთში წყალარინების სისტემის მშენებლობის შესახებ.
პროექტის ფარგლებში მოეწყობა თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი წყალარინების ქსელი და სატუმბო სადგურები, რაც ხელს შეუწყობს სანიტარული პირობების გაუმჯობესებას და შეამცირებს გარემოზე მავნე ზემოქმედებას. სამშენებლო სამუშაოებს აზიის განვითარების ბანკი (ADB) 89 943 800.22 ლარით დააფინანსებს.
პროექტის ფარგლებში 150-ზე მეტი ადგილობრივი დასაქმდება. სამუშაოების დასრულება 2020 წელს იგეგმება, რის შემდეგაც ქალაქ ფოთს სრულიად ახალი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი წყალარინების ინფრასტრუქტურა ექნება.
დაშავებული ჯარისკაცების შვილებმა ინგლისური ენის კურსი გაიარეს
დაჭრილი და დაშავებული სამხედრო მოსამსახურეების შვილებმა ინგლისური ენის შემსწავლელი ორთვიანი კურსი უსასყიდლოდ გაიარეს. პროექტი საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, საინფორმაციო ცენტრის ნატოსა და ევროკავშირის შესახებ და განათლების საერთაშორისო აკადემია IAF-ის ორგანიზებით განხორციელდა. კურსი, რომელშიც თბილისის მასშტაბით, 8-დან 15 წლამდე, 22 მოსწავლემ მიიღო მონაწილეობა, სოციალური პროგრამის ფარგლებში საგანმანათლებლო ცენტრ “ედუ ჰაბში” ჩატარდა.
დღეს მონაწილეებს კურსის გავლის დამადასტურებელი სერტიფიკატები გადაეცათ. ღონისძიებას თავდაცვის სამინისტროს დაჭრილ და დაშავებულ სამხედრო მოსამსახურეთა მხარდაჭერის დეპარტამენტის წარმომადგენლები დაესწრნენ, რომლებმაც პარტნიორ ორგანიზაციებს სიმბოლურად მადლობის სიგელები გადასცეს.
თავდაცვის სამინისტრო და დაჭრილ და დაშავებულ სამხედრო მოსამსახურეთა მხარდაჭერის დეპარტამენტი დაჭრილი და დაშავებული სამხედრო მოსამსახურეებისა და მათი ოჯახების მხარდაჭერის მიზნით, სხვადასხვა სახის ღონისძიებას ახორციელებს. საგანმანათლებლო ცენტრ “ედუ ჰაბი“-სთან თანამშრომლობის ფორმატში, სამხედრო მოსამსახურეების შვილებს მსგავსი კურსების გავლის შესაძლებლობა ახლო მომავალში კვლავ ექნებათ.
საქართველოს თავდაცვის მინისტრი ამერიკელ გენერალს შეხვდა
საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია აშშ-ის საზღვაო ქვეითი ძალების მეთაურს, გენერალ რობერტ ნელერს შეხვდა.
შეხვედრაზე მხარეებმა აშშ-საქართველოს შორის სამხედრო სფეროში არსებული ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. ლევან იზორიამ სტრატეგიული პარტნიორის მხარდაჭერის მნიშვნელობა ხაზგასმით აღნიშნა.
თავდაცვის მინისტრის განცხადებით, სწორედ, აშშ-ის საზღვაო ქვეითი ძალები ამზადებს ქართველ სამხედროებს საქართველოსა და გერმანიაში იმისათვის, რომ მათ ავღანეთის რესპუბლიკაში საპასუხისმგებლო მისია შეასრულონ. მხარეებმა ერთობლივი სამხედრო წვრთნების მნიშვნელობაზეც გაამახვილეს ყურადღება. თავდაცვის მინისტრმა აღნიშნა, რომ აშშ-ის საზღვაო ქვეითი ძალები მრავალეროვნულ სამხედრო სწავლების – Agile Spirit-ის მომზადებაში აქტიურად არის ჩართული. შეხვედრაზე სურვილი გამოითქვა, რომ Agile Spirit-ს საზღვაო კომპონენტიც დაემატოს.
თავდაცვის მინისტრმა ამერიკელ სტუმარს კათოლიკური შობა და დამდეგი ახალი წელი მიულოცა.
შეხვედრას თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე ლელა ჩიქოვანი, შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვლადიმერ ჩაჩიბაია, შეიარაღებული ძალების მთავარი სერჟანტი კობა ცირეკიძე, ასევე საქართველოში აშშ-ის ელჩის მოადგილე ელიზაბეთ რუდი, საქართველოში აშშ-ის თავდაცვის ატაშე, პოლკოვნიკი ჯეფრი ჰარტმანი და აშშ-ის საელჩოს წარმომადგენლები დაესწრნენ.
ვიზიტის ფარგლებში, აშშ-ის საზღვაო ქვეითი ძალების მეთაური ქართველ და საქართველოში მყოფ ამერიკელ სამხედროებს შეხვდება.
მიწის მდგრადი მართვის მნიშვნელობაზე იმსჯელეს სასტუმრო “ამბასადორი კაჭრეთში “
სასტუმრო „ამბასადორი კაჭრეთში“ პროექტზე – „ლანდშაფტისა და მიწის რესურსების მდგრადი მართვის დანერგვა სასოფლო ტერიტორიებზე მიწის დეგრადაციისა და სიღარიბის შემცირების მიზნით“ იმსჯელეს. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ ნინო თანდილაშვილმა, მედიის წარმომადგენლებთან, მიწის დეგრადაციის თვალსაზრისით არსებულ პრობლემებსა და მიწის მდგრადი მართვის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
შეხვედრა გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის ორგანიზებით გაიმართა, სადაც მიწის დეგრადაციის კუთხით არსებულ მდგომარეობაზე, მიწის მდგრადი მართვის მნიშვნელობაზე, საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და ეროვნული კანონმდებლობის როლზე იმსჯელეს. მედიის წარმომადგენლები საქართველოში განხორციელებულ და მიმდინარე პროექტებს გაეცნენ. ასევე, მიიღეს ინფორმაცია დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტებში საპილოტე პროექტზე, სადაც ქარსაფარი ზოლების აღდგენა მიმდინარეობს.
პროექტს, გლობალური გარემოსდაცვითი ფონდის (GEF) ფინანსური მხარდაჭერით, გაეროს გარემოს დაცვის პროგრამა (UNEP) ახორციელებს, ხოლო აღმასრულებელია – კავკასიის რეგიონული გარემოსდაცვითი ცენტრი (REC Gaucasus), გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხარდაჭერით.
პროექტის მესამე კომპონენტს – „ეროვნული შესაძლებლობების განვითარება და ცოდნის მართვა“ – გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი ახორციელებს.
საქართველო მომავლის ერთერთ საუკეთესო საინვესტიციო ლოკაციად დაასახელეს
ცნობილმა ბრიტანულმა გამოცემამ „FDI intelligence“ 2017/18 წლისთვის ტურიზმის სფეროში მომავლის საუკეთესო საინვესტიციო ლოკაციები დაასახელა, რომელთა შორის საქართველო ერთ-ერთ მოწინავე ადგილზეა. საქართველომ საუკეთესო საინვესტიციო ლოკაციის ჯილდო დაიმსახურა რამდენიმე მიმართულებით კერძოდ კი: სპა და გამაჯანსაღებელ სექტორში, ფინანსური მხარდაჭერის მექანიზმის დარგში, უცხოელი ვიზიტორების მრავალფეროვნებისა და ქვეყანაში საერთაშორისო ვიზიტორების გამარტივებული პროცედურებით შემოსვლის მიმართულებით საქართველო წამყვანი ქვეყანა გახდა.
2016 წლის მანძილზე საქართველოში 6.35 მილიონზე მეტი უცხოეთის მოქალაქე იმყოფებოდა, რაც წინა წელთან შედარებით 7.6%-ით მეტია, ამავდროულად, უნდა აღინიშნოს, რომ ტურისტების ეთნიკური მრავალფეროვნება საკმაოდ მნიშვნელოვანი კომპონენტია ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისთვის და სწორედ ამიტომ, საქართველომ სტუმრების მრავალფეროვნების დარგშიც მიიღო განსაკუთრებული ჯილდო.










