საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობა 20 , 9 %-ით გაიზარდა

0
690

2017 წლის სექტემბრის მონაცემებით, საქართველოს 763 729 საერთაშორისო ვიზიტორი ეწვია, რაც 20.9%-ით მეტია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. ტურისტების რაოდენობა (24 საათი და მეტი) 380 895-ს გაუტოლდა და წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 24.8%-იანი ზრდა დაფიქსირდა.

ტურიზმის სექტორში სექტემბრის თვისა და მიმდინარე წლის 9 თვის გაზრდილი მაჩვენებლები ჟურნალისტებს პრესკონფერენციაზე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ ნინო ჯავახაძემ, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა გიორგი ჩოგოვაძემ და მთის კურორტების განვითარების კომპანიის ხელმძღვანელმა სანდრო ონოფრიშვილმა გააცნეს.

როგორც ნინო ჯავახაძემ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, 2017 წლის 9 თვეში საერთაშორისო მოგზაურების რაოდენობამ 5 822 835 შეადგინა, რაც 19.2%-ით მეტია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. მისი თქმით, ტურისტების რაოდენობა 9 თვეში 28.8%-ით არის გაზრდილი.

„საქართველოს მთავრობა გააგრძელებს ტურიზმის სფეროში განხორციელებული ეკონომიკური აქტივობის ზრდის ხელშეწყობას და უზრუნველყოფს საქართველოს, როგორც 4 სეზონის ტურისტული დანიშნულების ქვეყნად გადაქცევას, სადაც მთელი წლის განმავლობაში იქნება დასვენების, გართობის, საქმიანი ურთიერთობებისა თუ სარეკრეაციო მიზნებისთვის საჭირო გარემო და შესაბამისი მაღალი ხარისხის მომსახურება“ – განაცხადა ნინო ჯავახაძემ.

კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here