სტუდენტობა ქართულად, ანუ სწავლის ძირი მწარეა-ს გაგრძელება

0
2154

მოყოლებული ბაღიდან და მერე, გაგრძელებული სკოლით, ვფიქრობდი იმ გამოთქმაზე, რომელიც მხსნელ და სტიმულ ფრაზად დაგვიტოვა გურამიშვილმა წლების წინ – „ სწავლის ძირი მწარე არის, კენწეროში გატკბილდებისო“.

ხოდა, გატკბილებულ კენწეროზე ფიქრი მაძლებინებდა, როცა დედის ძახილზე, დილის რვა საათზე, დიდი მონდომებით ვართმევდი თავს ძილს და მერე – სითბოს,  და სკოლისკენ მიმავალ გზაზე, ამ ტკბილ კენწეროდ, უნივერსიტეტი წარმომედგინა.

პატარა გოგონას ახალი ცხოვრება და დიდი სამყარო მაშინ დაიწყო, როდესაც 18 წლისამ საქართველოს პირველ უნივერსიტეტში ჩავაბარე  და ძალიან მარტო, სრულად  მარტოც კი აღმოვჩნდი  იმ უსაშველოდ დიდი სისტემის წინაშე, რასაც უმაღლესი განათლება ჰქვია.

უმაღლესი განათლებისა რა გითხრათ,  აი, უმაღლესი თუ არა, უდიდესი გაკვირვება მაინც გამოიწვია ჩემში იმ ფაქტმა, რომ მეექვსე კორპუსი, რომელშიც უნდა მესწავლა მე უახლოესი ოთხი წელი ( კარგ შემთხვევაში და უარესსში მტერმა უწყის ) , ძალიან ჰგავდა საცხოვრებელ კორპუსს, რომელშიც მამიდაჩემთან ერთად დავიდე ბინა.

მიუხედავად ბევრი სირთულისა, თავაზიან სიტყვაზე ნაპასუხები უხეშობისა, ვერმიკვლეული აუდიტორიისა და გაღიმებაშეყინული სახისა, სტუდენტობა თავიდანვე ნათელ ფერებში მესახებოდა.

სტანდარტული გოგო ვიყავი, ჩვეულებრივი , რიგითი აბიტურიენტი, ტრადიციული წარმოდგენებით სტუდენტობაზე და საუკეთესო ხანაზე ჩვენს ცხოვრებაში.

ცხოვრებამ ერთი რამ მასწავლა, უფრო მეტიც ვიდრე ერთი, თუმცა ეს ყველაზე მეტად მშველის და მგონი ყველაზე პრაქტიკულიც კია იმათ შორიც, რაც მისწავლია აქამდე. ნუ გექნება დიდი მოლოდინი და იმედგაცრუებაც ნაკლები იქნება.

მაშინ გვტკივა ყველაზე მეტად, როცა სიმაღლიდან ვენარცხებით, რაც უფრო დიდია მოლოდინის დონე, მით მეტია ვარდნის დროც და შანსიც.

ხოდა სად გავჩერდით?

იქ , სადაც ძალიან ბევრი  იმედით და დიდი  წარმოდგენებით შევაღე  საქართველოს პირველი უნივერსიტეტის კარი , არ შევიმჩნიე ინფრაქსტურქტურულ- სხვანაირული პრობლემები და იმაზე ფიქრით, რომ ზოგჯერ კენწეროც უბრალოა, სწავლა დავიწყე.

ისეთივე მონდომებით, როგორიც სკოლაში, ისეთივე სურვილით, ენთუზიაზმითა და პასუხისმგებლობით, როგორც ფორტეპიანოს გაკვეთილებზე.

დილით ადრე ადგომა

ნაკლები თავისუფალი დრო

თანდათან უფრო მეტი სამეცადინო

მეტი სირთულე

მეტი გაუგებრობა

ზოგჯერ უსამართლობა

ხშირად უსამართლობა

უკვე ტრადიციად ქცეული უსამართლობა

ნუთუ კენწერო ასეთი უნდა იყოს? ნუთუ ეს არის 12წლიანი და ახლა ოთხწლიანი სწავლის შედეგი? ნუთუ ამისკენ ვისწრაფვით და ეს დაგვისახა დიდმა გურამიშვილმა  დიდ სიტკბოებად?

მაღალი იმედების მაღალი მწვერვალებიდან მწარედ რომ დავენარცხე, თითქოს ვიღაცამ შემანჯღრიაო, ერთბაშად გამოვცოცხლი და იმაზე დავიწყე ფიქრი, როგორ გამეხადა ჩემი სტუდენტობა საინტერესო, რომ იგი უინტერესო ოთხწლიან ყოველდღიურობას არ დამსგავსებოდა და, საბოლოოდ, ისე არ გამქრალიყო ჩემი ცხოვრების პალიტრიდან, როგორც ბევრი ფერი და სიფერადე გაქრა წლების წინ.

ვიპოვნე მეგობრები, ისინი, ვისთანაც ბევრი საერთო მქონდა და არა მხოლოდ ლექციები. დავიწყეთ ერთობლივი მუშაობა, გართობაც , გავერკვიეთ საუნივერსიტეტო ცხოვრებაში, უსამართლობაზე ხმის ამოღება და საკუთარი თავის დაცვა ვისწავლე, დავუმეგობრდი უნივერსიტეტის მომსახურე პერსონალს, გავიხსენე სასკოლო ჩვეულება და, სადღესასწაულო დღეებში, სხვადასხვა სიახლე თუ კონცერტ-თამაშობა შევთავაზე კურსელებს.

ავტორი: ანა ურუშაძე

კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here