
გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციამ (FAO) და საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციამ ერთობლივი სამუშაო შეხვედრა გამართეს და გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების (SDG) განხორციელების პრინციპებზე იმსჯელეს.
შეხვედრაზე სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ, ნოდარ კერესელიძემ, გაეროს გლობალური მიზნების მიღწევაში სურსათისა და სოფლის მეურნეობის მნიშვნელობაზე ისაუბრა. მისი განცხადებით, FAO-ს მიერ ხორციელდება პროექტი, რომელიც მიზნად ისახავს გლობალური მიზნების განხორციელებასა და მონიტორინგში სოფლის მეურნეობის სამინისტროს გაძლიერებას. პროექტის საბოლოო დოკუმენტი სოფლის მეურნეობის სამინისტროს ორწლიანი სამუშაო გეგმა იქნება, რომლის წარდგენა 2018 წლის გაზაფხულზე მოხდება.
ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის წარმომადგენელი ნინა სარიშვილი და გაეროს მუდმივი კოორდინატორი საქართველოში ნილს სკოტი.
გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ შეიმუშავა ახალი გლობალური დღის წესრიგი, რომელიც განსაზღვრავს მსოფლიოს განვითარების პრიორიტეტებს 2030 წლამდე. გაეროს გლობალური მიზნები 17 ძირითადი კომპონენტისგან შედგება და მათგან რამდენიმე უშუალოდ FAO-ს სტრატეგიულ გეგმაში ასახულ საკითხებს უკავშირდება. ესენია: ნულოვანი შიმშილი, გენდერული თანასწორობა, სუფთა წყალი და სანიტარია, მდგრადი მოხმარება და წარმოება, ზღვის რესურსებისა და დედამიწის ეკოსისტემების ხელშეწყობა და შენარჩუნება.