
ფინანსთა სამინისტროს აკადემიაში საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) ახალი კურსი ,,მაკროეკონომეტრიკული პროგნოზირება და ანალიზი’’ დაიწყო.
პროგრამა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და საერთაშორისო სავალუტო ფონდის ეგიდით ტარდება და მასში მონაწილეობას ქართველ კოლეგებთან ერთად, სამხრეთ კავკასიისა და ცენტრალური აზიის ქვეყნების წარმომადგენლები მიიღებენ. სემინარში მონაწილეობენ: საქართველოს, აზერბაიჯანის, სომხეთის, ყაზახეთის, ყირგიზეთის და უზბეკეთის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროების და ეროვნული ბანკის თანამშრომლები.
სასწავლო კურსს უძღვებიან საერთაშორისო სავალუტო ფონდის შესაძლებლობების განვითარების ინსტიტუტის უფროსი ეკონომისტი ჰარის ქრისტოფიდესი და ამავე ინსტიტუტის ეკონომისტები ალექსეი მიკსჯუკი და მიხაილ პრანოვიჩი.
IMF-ის სასწავლო კურსის ჩატარება ხელს უწყობს საქართველოს აქტიურ ჩართულობას სავალუტო ფონდის საერთაშორისო საგანმანათლებლო პროგრამებში და ეხმარება ქვეყანას ჩამოყალიბდეს როგორც რეგიონის საგანმანათლებლო ცენტრი, სადაც ხდება მაღალი დონის პროფესიული გადამზადება/კვალიფიკაციის ამაღლება და ქართული რეფორების გაზიარება.