Home ბლოგი წერილი ჩარლის, რომელსაც უნდოდა, ყოფილიყო ადამიანი

წერილი ჩარლის, რომელსაც უნდოდა, ყოფილიყო ადამიანი

0
წერილი ჩარლის, რომელსაც უნდოდა, ყოფილიყო ადამიანი

    ბავშვობაში, შავ-თეთრი ტელევიზორის პაწაწინა ეკრანზე ხშირად ჩანდი ხოლმე. მაშინ  ერთი დაბალი კაცი მეგონე, მახინჯი სახით,  შავი შარვლით  და უცნაური ულვაშით. იმასაც კი ვფიქრობდი შენზე, რომ ლაპარაკი მართლა არ შეგეძლო და გულით მეცოდებოდი. დამღლელი და მომქანცველი სოფლური დღის მერე ნამდვილად იყავი შვება სულისა და მიზეზი მეორე დღის მათემატიკის გაკვეთილების არსწავლისა. ამისთვის მადლობა, ჩარლი!

     მე შენი გვარის არ ვარ. უფრო მეტიც, თითქმის საუკუნით ვართ დაშორებულები ერთმანეთს და მე ჩემი ცხოვრების გზა ჯერ კიდევ გასავლელი მაქვს. ამას რთულად ვუყურებ, ზოგჯერ მეშინია კიდეც, რადგან, როგორც ამბობ, ეს სამყარო მხოლოდ ცეკვისთვის და სიმღერისთვის არაა შექმნილი. მე კი ყველაზე მეტად ეს ორი რამ მახარებს ამქვეყნად, და კიდევ სიყვარული.

    შენც ხომ გიყვარდა, ჩარლი. გოგონამ, რომელმაც შენ ვერ გიცნო, შენი სული შეიცნო და ბედნიერი ცხოვრება გაჩუქა. როგორ გიხაროდა მაშინ ალბათ და როგორ გრძნობდი ცხოვრების ძალას, შეეცვლა შენი ისტორია. შენ ეს შეძელი და სწორედ ამის დამსახურებით გახდი ადამიანი, რომელსაც დღესაც ეტრფიან.

    ამბობენ, დიდი და ლამაზი ლურჯი თვალები ჰქონდაო. არადა, ყოველთვის მეგონა, რომ ნახშირივით შავი თვალების კაცი იყავი, რომელმაც ფეხსაცმელი შეჭამა. არა, ნუ იცინი, მაშინ მართლა მაინტერესებდა, რა გემო ჰქონდა იმ ფეხსაცმელს და ლურსმნებს განსაკუთრებით. დროის ცვლილებასთან ერთად კი შენში, ბავშვობისდროინდელი მოგონების გარდა, სხვა ადამიანიც დავინახე. ისეთი, როგორიც იყავი და არა ისეთი, როგორიც ჩანდი.

    ადამიანობა მარტივი არაა, ჩარლი, მაგრამ შენ ეს შეძელი. იქნებ, მეც შევძლო და შობის ღამის სასწაულებისაც ვირწმუნო. არა, ეს ჩვენ ყველამ უნდა შევძლოთ, რადგან სიცოცხლე ისეთი ხანმოკლეა, შეიძლება, ხვალ შავი კაბების ჩაცმა მოგვიხდეს. არ უნდა დავკარგოთ გზა, რომელზეც შენ მოგვიყევი და დაგვარწმუნე, რომ ის თავისუფალი და ლამაზია. უბრალოდ, უნდა ვეცადოთ. შენსავით.

    ჩარლი, შენ ხომ მსოფლიოს სიყვარული ასწავლე უხმოდ. დღეს კი, ამდენი ლაპარაკის მიუხედავად, კვლავ სიძულვილი სუფევს სამყაროში. არ მოგეწონებოდა დღევანდელი მსოფლიო, ის ხომ სწორედ ისეთია, როგორიც არ გინდოდა, რომ ყოფილიყო.

    ახლა კი რა უნდა ვქნათ? უნდა გვჯეროდეს და ვირწმუნოთ საკუთარი თავის. ჩვენ ხომ  შეგვიძლია სამყაროს შეცვლა. ამდენსაც არ უნდა ვფიქრობდეთ და უფრო მეტს ვგრძნობდეთ. მეტად ვეცადოთ იმის შეცვლას, რაც არ მოგვწონს. ეს უკეთეს სამყაროს აჩუქებს სხვებს. ვიცი, შენც ამას იტყოდი ჩარლი და თვალს მაცდურად ჩაგვიკრავდი.

    იცი ჩარლი, ჩვენთან ახლა ცა გვიანი შემოდგომის ფოთლებს ითვლის. მერე რა, რომ შობა არაა, სასწაულები ყოველდღე ხდება, მთავარია, ვისწავლოთ ცვლილების დანახვა, რომელიც გვინდა, რომ ვიყოთ.

შენ ხომ ეცადე, ადამიანი ყოფილიყავი, ჩვენც ვეცდებით.

მერე რა, რომ ანგელოზები არ ვართ, ეს ხომ ძალიან მარტივია, გაცილებით რთულია, ვიყოთ ადამიანები. ხომ მეთანხმები, ჩარლი?!

ავტორი: მარიამ გვარამია

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here