[:ge]სტუდენტობა ქართულად, ანუ სწავლის ძირი მწარე არის. მე-2 ნაწილი[:]

0
1074

[:ge]

  მოყოლებული ბაღიდან და მერე, გაგრძელებული სკოლით, ვფიქრობდი იმ გამოთქმაზე, რომელიც მხსნელ და სტიმულ ფრაზად დაგვიტოვა გურამიშვილმა წლების წინ – „ სწავლის ძირი მწარე არის, კენწეროში გატკბილდებისო“.

  ხოდა, გატკბილებულ კენწეროზე ფიქრი მაძლებინებდა, როცა დედის ძახილზე, დილის რვა საათზე, დიდი მონდომებით ვართმევდი თავს ძილს და მერე – სითბოს,  და სკოლისკენ მიმავალ გზაზე, ამ ტკბილ კენწეროდ, უნივერსიტეტი წარმომედგინა.

  პატარა გოგონას ახალი ცხოვრება და დიდი სამყარო მაშინ დაიწყო, როდესაც 18 წლისამ საქართველოს პირველ უნივერსიტეტში ჩავაბარე  და ძალიან მარტო, სრულად  მარტოც კი აღმოვჩნდი  იმ უსაშველოდ დიდი სისტემის წინაშე, რასაც უმაღლესი განათლება ჰქვია.

  უმაღლესი განათლებისა რა გითხრათ,  აი, უმაღლესი თუ არა, უდიდესი გაკვირვება მაინც გამოიწვია ჩემში იმ ფაქტმა, რომ მეექვსე კორპუსი, რომელშიც უნდა მესწავლა მე უახლოესი ოთხი წელი ( კარგ შემთხვევაში და უარესსში მტერმა უწყის ) , ძალიან ჰგავდა საცხოვრებელ კორპუსს, რომელშიც მამიდაჩემთან ერთად დავიდე ბინა.

  მიუხედავად ბევრი სირთულისა, თავაზიან სიტყვაზე ნაპასუხები უხეშობისა, ვერმიკვლეული აუდიტორიისა და გაღიმებაშეყინული სახისა, სტუდენტობა თავიდანვე ნათელ ფერებში მესახებოდა.

  სტანდარტული გოგო ვიყავი, ჩვეულებრივი , რიგითი აბიტურიენტი, ტრადიციული წარმოდგენებით სტუდენტობაზე და საუკეთესო ხანაზე ჩვენს ცხოვრებაში.

  ცხოვრებამ ერთი რამ მასწავლა, უფრო მეტიც ვიდრე ერთი, თუმცა ეს ყველაზე მეტად მშველის და მგონი ყველაზე პრაქტიკულიც კია იმათ შორიც, რაც მისწავლია აქამდე. ნუ გექნება დიდი მოლოდინი და იმედგაცრუებაც ნაკლები იქნება.

  მაშინ გვტკივა ყველაზე მეტად, როცა სიმაღლიდან ვენარცხებით, რაც უფრო დიდია მოლოდინის დონე, მით მეტია ვარდნის დროც და შანსიც.

ხოდა სად გავჩერდით?

  იქ , სადაც ძალიან ბევრი  იმედით და დიდი  წარმოდგენებით შევაღე  საქართველოს პირველი უნივერსიტეტის კარი , არ შევიმჩნიე ინფრაქსტურქტურულ- სხვანაირული პრობლემები და იმაზე ფიქრით, რომ ზოგჯერ კენწეროც უბრალოა, სწავლა დავიწყე.

  ისეთივე მონდომებით, როგორიც სკოლაში, ისეთივე სურვილით, ენთუზიაზმითა და პასუხისმგებლობით, როგორც ფორტეპიანოს გაკვეთილებზე.

დილით ადრე ადგომა

ნაკლები თავისუფალი დრო

თანდათან უფრო მეტი სამეცადინო

მეტი სირთულე

მეტი გაუგებრობა

ზოგჯერ უსამართლობა

ხშირად უსამართლობა

უკვე ტრადიციად ქცეული უსამართლობა

  ნუთუ კენწერო ასეთი უნდა იყოს? ნუთუ ეს არის 12წლიანი და ახლა ოთხწლიანი სწავლის შედეგი? ნუთუ ამისკენ ვისწრაფვით და ეს დაგვისახა დიდმა გურამიშვილმა  დიდ სიტკბოებად?

  მაღალი იმედების მაღალი მწვერვალებიდან მწარედ რომ დავენარცხე, თითქოს ვიღაცამ შემანჯღრიაო, ერთბაშად გამოვცოცხლი და იმაზე დავიწყე ფიქრი, როგორ გამეხადა ჩემი სტუდენტობა საინტერესო, რომ იგი უინტერესო ოთხწლიან ყოველდღიურობას არ დამსგავსებოდა და, საბოლოოდ, ისე არ გამქრალიყო ჩემი ცხოვრების პალიტრიდან, როგორც ბევრი ფერი და სიფერადე გაქრა წლების წინ.

  ვიპოვნე მეგობრები, ისინი, ვისთანაც ბევრი საერთო მქონდა და არა მხოლოდ ლექციები. დავიწყეთ ერთობლივი მუშაობა, გართობაც , გავერკვიეთ საუნივერსიტეტო ცხოვრებაში, უსამართლობაზე ხმის ამოღება და საკუთარი თავის დაცვა ვისწავლე, დავუმეგობრდი უნივერსიტეტის მომსახურე პერსონალს, გავიხსენე სასკოლო ჩვეულება და, სადღესასწაულო დღეებში, სხვადასხვა სიახლე თუ კონცერტ-თამაშობა შევთავაზე კურსელებს.

  დღეს მე, მეოთხეკურსელი ჟურნალისტი თსუ-დან, ვფიქრობ, ძალიან გამიმართლა ამ უნივერსიტეტში რომ ვსწავლობ , რომ ვარ უნივერსიტეტელი და მალე, წითელი დიპლომის ხელში დაჭერის შემდეგ,  მივხვდები, რამდენად ბევრი და ფერადი ფერია ისევ ჩემს ფერთა პალიტრაში.

  თქვენ კი, ვინც ახლა ამთავრებთ სკოლას და/ან უკვე დაამთავრეთ და თქვენი სასკოლო ცხოვრებიდან გაქცევის შემდეგ ნათელ წერტილად უნივერსიტეტი გესახებათ, მაშინ,  ჯობს, რეალობა უფრო ცხადად აღიქვათ და ნაკლები იმედებიც დაამყაროთ მომავალ ცხოვრებაზე, რომელიც ნამდვილად არ არის ბარამბოსავით ტკბილი კენწერო და არც იმ მწარე ძირის დასასრული, რომელიც აქამდე გამოიარეთ.

  ახლა თქვენ წინ ისევ იგივე სასკოლო გარემო გელით, იმავე სირთულის დავალებებით, გამოცდებით, მოჩვენებითი თავისუფლებით და მაინც ეკონომიკურ-სულიერ დამოკიდებულებით სხვებზე.  ისევ იგივე დისციპლინა, სიმკაცრე, ზოგჯერ, შეიძლება, მოგეჩვენოთ კიდეც, რომ არც არაფერს სწავლობთ ახალს და ეს იგივე სკოლაა, რომლისგანაც თავის დაღწევაზე ბევრჯერ გიფიქრიათ , მომავალი კი ასეთი არასდროს წარმოგედგინათ.

  იმაშიც გარწმუნებთ, რომ ბევრი არავინ დაინტერესდება თქვენი პრობლემით , არც არავინ ჩაგიკრავთ გულში და გეტყვით, რომ ყველაფერი კარგად იქნება, რადგან არაფერიც არ იქნება კარგად და არც თქვენ ხართ მარტო , მანამ სანამ საკუთარი თავი გახლავთ თან , სანამ ზუსტად იცით რა და რატომ გინდათ და რას და როგორ აპირებთ.

  მოუსმინეთ გამოცდილ ბოლოკურსელს, წინასწარ დაინახეთ რეალობა ისეთი , როგორიცაა და ნაკლებად გეტკინებათ, მეტი მოლოდინი მაინც არ გექნებათ, რადგან ეს ასეა ყველა უნივერსიტეტსა თუ უმაღლეს სასწავლებელში და არც თქვენ ხართ ყველაზე უიღბლო სტუდენტი ყველაზე ბევრი და მძიმე პრობლემით, რადგან, შეიძლება, თქვენმა მეზობელმა ისევ ვერ გადაიხადოს სწავლის საფასური და შეუჩერდეს სტუდენტის სტატუსი, თქვენი მეგობრის ძმას კი, ძალიან გაურკვეველი კრიტერიუმის გამო, სტიპენდია არ მიეცეს, სამაგიეროდ, ფანჯრიდან თუ გაიხედავთ, ან სოციალურ ქსელს გადაავლებთ თვალს, სტუდენტთა იმ ნაწილსაც დაინახავთ , ვინაც მიღებული განათლების შესაბამისი სამსახური იპოვნა, ან ვინც სწავლა საზღვარგარეთ გაგრძელა, თუმცა დაბრუნებას, აუცილებლად, თავის ქვეყანაში აპირებს.

  ხოდა, ბოლო რჩევა. თუ გინდათ, რომ თქვენი სტუდენტობა მართლაც საუკეთესო ხანა იყოს თქვენს ცხოვრებაში, ნურც განათლების სამინისტროს, ადმინისტრაციის, ან ღმერთის წყალობას დაელოდებით, ხელი თავად გაანძრიეთ, არ მიენდოთ სისტემებს, იმოქმედეთ, თავად იპოვნეთ, გამოსცადეთ, ისწავლეთ შეცდომებზე და დაუშვით კიდეც ეს შეცდომები, რომ მეორედ აღარ გაიაროთ იგივე გზა არასწორად.  სტუდენტობას ქმნით თავად თქვენ და ისიც, თუ როგორი იქნება იგი, მხოლოდ და მხოლოდ, თქვენზეა დამოკიდებული.

  ხომ და კიდევ,  ეცადეთ, ამას თავიდანვე მიხვდეთ და პრაქტიკაში გაიაზროთ, რათა, ჩემსავით, ორი წელი არ დაკარგოთ ამის მიხვედრაში და მერე  წლების მანძილზე არ ინანოთ ეს დაკარგული ორი წელი.

  სტუდენტობა დიახაც რომ არის ძალიან კარგი და საინტერესო ხანა ადამიანის ცხოვრებაში, მრავალჯერ ხსენებული პატივცემული კენწეროს მოლოდინში კი დაიპყარით ბევრი მწვერვალი, გაიარეთ ბევრი გზა და, მთავარია, არასდროს,  არასდროს შეგეშინდეთ შეცდომების დაშვების, რადგან, როგორც ერთხელ უთქვამთ, ცხოვრება ღირს სწორედ წამად.

ავტორი: ანა ურუშაძე [:]

კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here