Home სოციალური სუბიექტურად ღარიბ ადამიანთა რიცხვი გაიზარდა

სუბიექტურად ღარიბ ადამიანთა რიცხვი გაიზარდა

0
სუბიექტურად ღარიბ ადამიანთა რიცხვი გაიზარდა

გაეროს ბავშვთა ფონდის მონაცემებით, საქართველოში სიღარიბე შემცირდა, თუმცა გაიზარდა სუბიექტური სიღარიბე, ანუ ადამიანები მიიჩნევენ, რომ უფრო ღარიბები არიან. ამის შესახებ გაეროს ბავშვთა ფონდის კომუნიკაციის პროგრამის ხელმძღვანელმა, მაია ქურციკიძემ, მოსახლეობის კეთილდღეობის შესახებ „იუნისეფის“ მიერ ჩატარებული კვლევის პრეზენტაციის დაწყებამდე ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

                CRRC-ის ყოველწლიური გამოკითხვა – კავკასიის ბარომეტრი – მოიცავს ბევრ კითხვას, რომელიც საქართველოში სიღარიბის დონის დადგენას ისახავს მიზნად. ერთ-ერთი მათგანია: „თქვენირგვლივ მცხოვრები ოჯახების უმრავლესობასთან შედარებით, როგორ შეაფასებდით თქვენი ოჯახის ეკონომიკურ მდგომარეობას ამჟამად?“ სავარაუდო პასუხებია: ძალიან ცუდი, ცუდი, საშუალო, კარგი და ძალიან კარგი. ეს კითხვა გამორჩეულია სხვა კითხვებისგან სუბიექტურობის მაღალი ხარისხით და იმით, რომ სიღარიბის შესაფასებლად სოციალურ შედარებას იყენებს. შედეგად, ვიღებთ სუბიექტური სიღარიბის მაჩვენებელს, რომელიც ასახავს, თუ რამდენად ღარიბად გრძნობს თავს ინდივიდი  და არა იმას, თუ რამდენად ღარიბია ის სინამდვილეში. სიღარიბის ეს ორი – ობიექტური და სუბიექტური – მაჩვენებელი, ხშირად, კავშირშია ერთმანეთთან.

               საქსტატის 2015 წლის მონაცემებით,  საქართველოს მოსახლეობის სიღარიბის ზღვარს ქვევით მყოფი მოსახლეობის წილი (რეგისტრირებული სიღარიბე) განისაზღვრება 10. 1 %-ით, რაც, წინა წელთან შედარებით, დაბალი მაჩვენებელია. 2014 წელს სიღარიბის მაჩვენებელი 11. 6 %-ით განისაზღვრებოდა.

                 რეალურად, ქვეყანაში სიღარიბის მაჩვენებელი შემცირდა, თუმცა გაიზარდა სუბიექტური სიღარიბის მაჩვენებლი. რაც იმას ნიშნავს, რომ უფრო მეტი ადამიანი მიიჩნევს თავს ღარიბად.

               კავკასიის ბარომეტრის მონაცემები მიუთითებს, რომ სიღარიბის სუბიექტური აღქმა კავშირშია არა მხოლოდ კონკრეტულ აქტივობებში მონაწილეობასთან, არამედ, ზოგადად, ინდივიდის ფსიქო-სოციალურ სტატუსთან. საქართველოს მოსახლეობის ის ნაწილი, რომელიც საკუთარ ეკონომიკურ მდგომარეობას აღიქვამს, როგორც ცუდს სხვა ოჯახებთან შედარებით, განიცდის სოციალური მხარდაჭერის ნაკლებობას: ისინი ნაკლებად ეთანხმებიან მოსაზრებებს, რომ ჰყავთ ბევრი ახლობელი ადამიანი, ვისი ნდობაც შეუძლიათ და რომელთა იმედიც ექნებათ გაჭირვებაში. ამის საპირისპიროდ, ის ადამიანები, რომლებიც თავის ეკონომიკურ მდგომარეობას აფასებენ, როგორც სხვებზე უკეთესს, ნაკლებად გრძნობენ თავს გარიყულად და განიცდიან სიცარიელის გრძნობას, ვიდრე საზოგადოების ის ნაწილი, რომელიც საკუთარ ეკონომიკურ მდგომარეობას, სხვებთან შედარებით, უარესად მიიჩნევს.

               აფასებს ფსიქოლოგი სალომე თოფურია, რომელიც ყურადღებას, ასევე, სუბიექტური სიღარიბის საფრთხეებზეც ამახვილებს : „რეალურად, სუბიექტური სიღარიბე ბევრ სუბიექტურ ფაქტორზეა დამოკიდებული. ერთერთი ასეთი განმაპირობებელი ფაქტორი შეიძლება იყოს ადამიანის ფსიქო-სოციალური სტატუსი და მისი მდგომარეობა საზოგადოებაში. ასევე, ამას იწვევს მათი მოთხოვნილებების და ამის დასაკმაყოფილებლად არსებული შესაძლებლობების შეუთავსებლობა. რეალურად, სუბიექტური სიღარიბე საფრთხისშემცველია. მან, შეიძლება, ნეგატიურად იმოქმედოს ადამიანის შრომისუნარიანობაზე და გამოიწვიოს მისი დაშორება რეალობასთან.“

              სიღარიბე დღევანდელი მსოფლიოს ერთ-ერთი გადაუჭრელი პრობლემაა, რაც განსაკუთრებით მწვავედ დგას განვითარებად ქვეყნებში. თუმცა, ზოგჯერ, მხოლოდ სოციალური გარემოს გაუმჯობესება და ეკონომიკური წინსვლა არ კმარა ქვეყნის სიღარიბის მაჩვენებლის გასაუმჯობესებლად, რადგან ეს არ არის პირდაპირ კავშირში ადამიანის საკუთარი ეკონომიკური მდგომარეობის თვითაღქმასთან.

ავტორი: ანა ურუშაძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here