
90, 43, 54, 60, ისევ 90 და ბევრი, ძალიან ბევრი რიცხვი ირევა ჩვენ გარშემო. რიცხვები და კონკრეტული საზღვრები, საიდან, სადამდე, როგორ და, რაც მთავარია, რა განცდით. მაგრამ არასდროს არავინ არსად არ ამბობს და არ ხსნის, თუ რატომ?
რატომ?– რემარკმა შემაყვარა ეს კითხვითი სიტყვა, მან დამანახა, რომ, საბოლოოდ, ყველა და ყველაფერი დაიყვანება იმ მარტივ ჭეშმარიტებამდე, რასაც სიტყვა რატომ- ი ჰქვიაა…
ადამიანებმა შეძლეს დაა ააგეს პირამიდები ტექნიკის გარეშე, მიაღწიეს პროგრესს ბევრი თავისტკივილის გარეშე და შექმნეს ცხოვრება ბევრი ნორმალურობით, მაგრამ, მაინც, ყველა თავს იმტვრევს კითხვაზე – რატომ ?
რატომ ?
რატომ ?
ბევრი რატომ ჩემ გარშემო და არცერთი კონკრეტიკა ჩემ ირგვლივ.
ყველას ვეკითხები, რატომ, რატომ და მხოლოდ ჩემი პატარა მამიდაშვილი მპასუხობს უდარდელად : იმიტომ.
აი, სადამდე დადის ჩვენი ადამიანური ტვინის ყველაზე დიდი სირთულე. ჩვენ ვართულებთ ყველაფერს, საოცრად ვაბუქებთ და მერე ისე, რომ თავად გვიჭირს ამ ყველაფრიდან თავის დაღწევა, სასოწარკვეთისგან ვკვდებით, ან დარდს ვეწირებით.
რეალურად კი ყველაფერს ფარდა პატარა, 4 წლის ბიჭმა ახადა, მან ყველაზე რთულსა და ამოუცნობ კითხვას, რომლის მიღმაც ათასობით საფიქრალი, თუ თავისტკივილი იმალება, მარტივად და სრულიად ამომწურავად უპასუხა :
იმიტომ !
ყველაფერი სწორედ იმიტომაცაა, რომ იმიტომაა.
მარტივია ყველაფერი და თუ ამას ასე შევხედავთ, მაშინ ეს კიდევ უფრო გაგვიადვილებს ცხოვრებას.
ქალების ცხოვრება კი ნამდვილად არაა ადვილი..
ბევრი რიცხვი, ნორმა, წესი თუ სტანდარტი არსებობს ჩვენზე.
არადა ჩვენ ქალები ვართ, ჩვენ გვიყვარს, ჩვენ გვეშინია და მაინც ყველაზე ძლიერი არსებები ვართ მთელსმსოფლიოში, როცა ჩვენ საყვარელ ადამიანს საფრთხე ემუქრება.
ჩვენ ქალები ვართ, ანა ბოლეინები ვართ, დედოფლებიც ვართ და მაინც, ზოგჯერ, ვცდებით, მაგრამ ქალები ვართ და ზუსტად ისე გვინდა ცხოვრება, როგორც გვინდა.
წესები კი, დაწესებული და თავსმოხვეული სტანდარტები სილამაზეზე, ქცევაზე, საუბარზე, ოჯახში როლზე – ყველა და ყველაფერი ჩვენკენაა მომართული.
სხეული ჩვენი ბედისწერაა, ზოგჯერ სქესია ჩვენი ბედისწერა და მაინც…
არა 90- 60- 90 სხეული გვიკანკალებს , როცა გვიყვარს, არა სადიასახლისოდ გამზადებული ხელებით შეგვიძლია შევცვალოთ რეალობა, როცა ვეძებთ ბედნიერებას..ჩვენ ხომ ქალები ვართ…
სტანდარტებით ცხოვრება არათავისუფლებაა, შესაბამისად – არაბედნიერებაც.
ქალი კი ბედნიერების ყველაზე კარგი გამტარია, მას მთელი არსით სჭირდება ბედნიერებაისე, როგორც სიყვარული და, სულ ცოტა, მზე, მის კანზე მოწითალო ხაზებად შემხმარი…
გვიწევს ვიყოთ კონკრეტულ რიცხვებს მორგებული, კონკრეტულ აზრებსაც და ნორმებსაც..
მე კიდევ ვერასდროს ვხვდებოდი სიტყვა ნორმის ნორმალურ განმარტებას..
რა არის ნორმა?
რატომ არის ნორმა?
როგორ არის ნორმა?
ვინ არის ნორმა?
სადამდეა ნორმა?
ან თუნდაც ვინ განსაზღვრა რა არის ნორმა?
რა ფერის აქვს ნორმას? აბა , „ნორმალურებო“, მიპასუხეთ თუ სწორია ეს თქვენი ნორმა, მაშინ როგორი გემო აქვს, ან სად ჩნდება ყველაზე ხშირად ? !
ეს აბრკოლებს ბევრ ქალს, ბევრს.
განსაკუთრებით, ქალებს უწევთ,იცხოვრონ დაწესებული ნორმებით ფორმებზე, საქმიანობაზე, ჩაცმულობაზე და კიდევ ბევრ სხვა რამეზე…
ნუღარ ! ნუღარ , ქალებო !
თქვენ ხართ შექმნილი ბედნიერებისთვის. დაე, იბედნიერეთ იმით, რაც გაქვთ და რაც ხართ.
დაე, გიყვარდეთ ისეთი, როგორიც გიყვართ და აკეთეთ ის, რაც ყოველთვის, ყოველთვის მოგანიჭებთ თავისუფლებას, უბრალოდ, თავისუფლებას კი არა , ყველაზე დიდს, რასაც ცხოვრება ჰქვია..
დაე, იცხოვრეთ ცხოვრება..
ავტორი: ანა ურუშაძე