Home ბლოგი მესამე ნაპირი

მესამე ნაპირი

0
მესამე ნაპირი

მე- როგორ ხარ?

ის- seen

მე- როგორ მიდის საქმეები?

ის – seen

ორი დღის შემდეგ :

ის- როგორ ხარ?

მე- რადგან კი გამოჩნდი :))) არა მიშავს? შენ?

ის- ბოდიში, რომ ვერ გწერდი პასუხებს. სკოლაში ვიყავი. ხომ იცი, აქ რომ დაინახონ ქართულად ვწერ,პრობლემები შემექმნება.

მე- მაპატიე. არ მინდა, ჩემ გამო საფრთხეში ჩავარდე.

ის- ყველა მომიკითხე. სალამი სოხუმიდან.

  მიმოწერის მცირე ნაწილი ჩემს აფხაზ მეგობართან სოხუმიდან. ის მარტო ჩემი ახლობელი არაა, ის შენი ახლობელიცაა, მისიც, ყველა ქართველის ახლობელია. ის მთლიანი საქართველოს ახლობელია, ყველაზე ახლობელი წარსულის მძიმე მოგონება.

  მას ვიცნობ წლებია, მაგრამ შორიდან. მხოლოდ სოციალური ქსელით და მხოლოდ მიმოწერით. ის მიცნობს კიდევ უფრო შორიდან და მე მეჩვენება, რომ ჩვენ საერთო შავი ზღვა კი არა, დიდი უფსკრული გვაქვს შუაში, რომელიც გვაშორებს ერთმანეთთან.

არის კი აფხაზეთის ზღვის ტალღა ბათუმის ზღვის ტალღაც?

ან, იქოჩრება კი ტალღის წვერი მაღლად აზიდული ურეკში ისე, როგორც გაგრაში.?

  საერთო ზღვა გვაქვს, ცაც და კიდევ უფრო დიდი, რაც ამ ყველაზე და, საერთოდ, ყველაფერზე მეტიცაა – ჩვენ საერთო წარსული გვაქვს.

და რატომ არ გვაქვს საერთო აწმყო?

  ამ კითხვაზე პასუხები ახლოწარსულშია საძიებელი. თუმცა, თუ ისტორიის ლაბირინთებს გადავხედავთ, ეს წარსული არც იმდენად ახლოა.

 შეიარაღებული კონფლიქტი აფხაზეთში  1992 წლის 14 აგვისტოსდაიწყო.  ძირითადი საბრძოლო მოქმედებები 1993 წლის 27 სექტემბერს კი აფხაზი სეპარატისტების მიერ სოხუმის, ხოლო 28-30 სექტემბერს, ოჩამჩირისა და გალის რაიონების დაკავებით, დასრულდა.

 სამხედრო კონფლიქტის პოლიტიკური შედეგი გამოიხატა საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მხრიდან აფხაზეთისავტონომიურ რესპუბლიკაზე კონტროლის დაკარგვით და საქართველო სშემადგენლობიდან აფხაზეთის დეფაქტო გასვლით.

  აფხაზური სეპარატიზმის ისტორიიდან, შეიძლება ითქვას, რომ თანამედროვე აფხაზური სეპარატიზმი სათავეს მე-20 საუკუნის 20-იანი წლებიდან, საქართველოს პირველი რესპუბლიკის არსებობის წლებში იღებს. 1917წლის თებერვალში რუსეთში მეფის ხელისუფლების დამხობამ და რუსეთის იმპერიისაგან საქართველოს ჩამოცილებამ აფხაზების ერთ ნაწილში სეპარტისტული განწყობები გააჩინა. 1917 წლის 7-8 ნოემბერს სოხუმის ოლქში ჩატარდა „აფხაზი ხალხის ყრილობა”, რომელმაც აფხაზთა სახალხო საბჭო აირჩია და კავკასიის მთიელთა კავშირში აფხაზეთის გაწევრიანების შესახებ განაცხადა. მთიელთა კავშირმა და აფხაზეთის სახალხო საბჭომ ერთმანეთში წარმომადგენლებიც კი გაცვალეს. აფხაზებში სეპარატისტული განწყობების ზრდას, თავის მხრივ, ხელი შეუწყვეს ბოლშევიკებმა, რომლებიც რუსეთის ხელისუფლებაში ოქტომბრის გადატრიალების გზით მოვიდნენ და საქართველოს სწრაფვას დამოუკიდებლობისაკენ აფხაზეთში სეპარატიზმის მხარდაჭერით უპასუხეს.

  1918 წლიდან, ბოლშევიკების წაქეზებით, აფხაზეთში გააქტიურდა პროპაგანდა აფხაზეთის „ბურჟუაზიული საქართველოსგან”  ჩამოცილების მოწოდებით. პარალელურად, ჩამოყალიბდა შეიარაღებული „სახალხო-რევოლუციური” რაზმები,  რომლებიც, 1918 წლის ზამთარსა და ზაფხულში, რუსეთიდან შემოჭრილი ბოლშევიკების მხარდაჭერით, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ხელისუფლებას შეიარაღებული გზით დაუპირისპირდნენ. იყო ფარული შიდადაპირისპირებებ, ღია ბრძოლები და,  საბოლოოდ, აშკარა გაუცხოება.

ყველა დავასა თუ კონფლიქტს, იქნებოდა ეს პიროვნული თუ – ორგანიზაციული, საფუძვლად დიდი გაუცხოება ედო.

  1992-1993 წლების საომარ მოქმედებებს წინ უძღოდა კონფლიქტის ესკალაცია, რაშიც კატალიზატორის როლი,  90-იან წლებში, საბჭოთა კავშირში განვითარებულმა მოვლენებმა ითამაშა. კერძოდ, საბჭოთა კავშირის დასუსტებამ და შემდგომში – დაშლამ საქართველოში სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის, ხოლო აფხაზებში – საქართველოსგან ჩამოცილების მცდელობები განაახლა. ამ ნიადაგზე დაპირისპირების ზრდას ხელს უწყობდა მოსკოვიც, რომელიც საქართველოში, სამოქალაქო და ეთნიკური კონფლიქტების პროვოცირების გზით, დამოუკიდებელი საქართველოს საშინაო და საგარეო პოლიტიკაზე გავლენის შენარჩუნებას ისახავდა მიზნად.

  ეთნიკური კონფლიქტი, რომელიც აშკარად გარეძალებით იყო მოტივირებული, ერთერთი ყველაზე სისხლიანი და ტრაგიკული აღმოჩნდა საქართველოს ისტორიაში.

  ჩვენ ორივე ამ კონფლიქტიდან წლების მერე დავიბადეთ, წლების მერე გავიცანით ერთმანეთი და წლების მერე დავმეგობრდით. თუმცა გენეტიკური კოდის დამსახურებით, მუდმივად ვცდილობთ ჩვენ-ჩვენი მხარის უპირატესად წარმოჩენას და კონფლიქტის საწყისების მოწინააღდეგისთვის გადაბრალებას.

ბრალი კი ორივე მხარეს თანაბრად მიუძღვის. ერთს მეტისმეტი გულგრილობისა და წინდაუხედაობის  გამო, მეორეს მეტისმეტი გულუბრყვილობისა და მანიპულაციისთვის კარგი სამიზნეობისთვის, მესამე მხარემ კი გამამწვავებლის როლი შეასრულა და სათავისოდ გამოიყენა არსებული ეთნიკური ნიადაგი .

რეალობა ერთია, ცხადი. მიზეზები კი დღემდე ბუნდოვანი და მაინც საეჭვო.

აფხაზეთი საქართველოა ისევე, როგორიც გურია, სამეგრელო, ან ქართლი.

ჩვენ ერთნი ვართ.

  ისევ საერთო ზღვა გვაქვს, ისევ საერთო ცა, ისევ საერთო სიყვარული და ეს, სამომავლო პერსპექტივაში, იმედისმომცემია.

  ქართული ნაპირიდან გავყურებ აფხაზურ ნაპირს და მეჩვენება, რომარ ვიცი არც არითმეტიკა, არც თვლა და ქრონოლოგია კარგად. ვიცი, რომ ერთს ორი მოსდევს და მხოლოდ ამის მერეა სამი. ვიცი, რომ ერთის მერე, რიგითობის პრინციპით, ორია. ვიცი, რომ პირველ ნაპირს მეორე მოსდევს, მაგრამახლა ისე შორია სოხუმის სანაპირო, რომ მე მესამე ნაპირს ვხედავ . მხოლოდ მესამე ნაპირს, რომლის შესართავთან დგას ხელაშვერილი ჩემი მეგობარი. ის ხელებს აფრიალებს, ცარიელ ხელებს, ის მეგობრობას აფრიალებს.

ავტორი: ანა ურუშაძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here