Home ბლოგი კაკუნი სიცარიელეში – ანუ გაუღე, სტუმარია

კაკუნი სიცარიელეში – ანუ გაუღე, სტუმარია

0
კაკუნი სიცარიელეში – ანუ გაუღე, სტუმარია

   „ სამყარო ზუსტად  რომ ერთი დიდი, ცარიელი სახლია, სადაც შენს დაძახებას არავინ ეხმაურება „.

  სიცარიელეში ყვირილი, ამაოება და ამ ამაოების ამოძახილი, ცხოვრება, რომელიც არ ჰგავს ჩვეულებრივს და ისიც არ იცი, არის კი რამე აქ და იქ ჩვეული და ჩვეულებრივი. ბევრი კითხვა, უფრო ბევრი პასუხი და კიდევ კითხვა- სჭირდება კი პასუხი ყველა კითხვას?

  ერიკ ემანუელ შმიდტის პოსტმოდერნისტული მოთხრობის თეატრის სცენაზე რეინკარნირებას მხოლოდ რამდენიმე დეკორაცია, პატარა სცენა და ოთხი მსახიობი დასჭირდა.

   ნახევრადჩაბნელებული სცენის წინა პლანზე მხოლოდ მცირე დეკორაცია, რამდენიმე სკამი, დიდი მაგიდა და სავარძელია. მაგიდაზე უდიერად მიმოფანტული წიგნები და მოხუცი, ჭაღარა წვეროსანი ახალგაზრდა ქალიშვილთან ერთად.

  მაყურებელს თვალწინ მეოცე საუკუნის 40-იანი წლების ვენის ერთერთი ტიპური ბინის სიმყუდროვე ესახება.

  ჩვენ ახლა სტუმრად ვართ, სტუმრად გამოჩენილ ფსიქოლოგთან და უდიდეს ექიმთან, ზიგმუნდ  ფროიდთან- კარს მისი სტუმართმოყვარე და მაინც არა-მამისმსგავსი ქალიშვილი- ანა გვიღებს.

  ირგვლივ ვენაა, სრული რეალობით და სიცხადით. ანტისემიტური მოძრაობის გააქტიურება და ებრაელების გახშირებულოი დევნა. ექიმი ფროიდის ცხოვრებაც დიაგნოზდასმულია- ის ებრაელია და, სჯობს, დროულად გაეცალოს ქვეყანას.

  მაგრამ მოხუცი მამა ჯიუტად უარყოფს ქალიშვილის წინადადებას, დატოვოს ქვეყანა და არ სურს, გაექცეს რეალობას. მზადაა. თვალი გაუსწოროს საფრთხეს. მაგრამ არასდროს, არასდროს თქვას უარი იმაზე. რაც არის, ვინც არის, რატომაც არის.

მაგრამ იცის კი ფროიდმა, ვინაა ის? !

იცის კი რა სურს , რატომ, როგორ და რანაირად?

  ბევრი მოდის მასთან, ბევრი ეთაყვანება, ბევრსაც მისი იმედი აქვს, აი, მან კი დიდი ხანია, დაივიწყა საკუთარი თავი, საკუთარი არსი და არსებობაც კი .

  მხოლოდ ანას დაპატიმრებისა და გესტაპოში გადაყვანის შემდეგ უეცრად მოვლენილი უცნობი მამაკაცი ახსენებს ფროიდს საკუთარ თავს და საკუთარ არსებობას.

  უცნობი მამაკაცის მონათხრობიდან ვიგებთ , რომ ხუთი წლის ასაკში, სხვა ბევრი ხუთი წლის ბიჭუნას მსგავსად, ფროიდს უცნაური კითხვები აწუხებდა, უფრო მეტად, ბევრი კითხვა აწუხებდა და ყველა მათგანზე ცდილობდა პასუხის მიღებას. იდგა სიცარიელეში, იდგა ცარიელი და არ სურდა ეს ამდენი სიცარიელე. ამიტომაც ყვიროდა გამალებით, დაჟინებით, ითხოვდა პასუხებს და ეძებდა საკუთარ თავს. ამ ექომ, მხოლოდ და მხოლოდ ექომ სიცარიელიდან, ფროიდი მიახვედრა, რომ ის არსებობდა. დიახ, ის არსებობდა !

  მაგრამ არსებობა და ყოფნა-არყოფნის დადგენა, მხოლოდ და მხოლოდ, იმ ლაბირინთის ერთი ნაწილია, რომლის თავი და ბოლო ადამიანის ცხოვრების განუყრელ ნაწილად რჩება.

  აცნობიერებ რა შენს არსებობას, მერე უფრო დიდი და რთული გზა იწყება. გზა იმ დიდისა და დიადის შესაცნობად, რასაც სამყარო და დასაწყისი ჰქვია.

  ფროიდმა იპოვნა საკუთარი თავი, მაგრამ ცხოვრებისეულმა სირთულეებმა და გზად შეხვედრილმა პრობლემებმა მას საკუთარ თავში ღმერთი დააკარგვინა. სწამდა კი ? იცოდა კი რა იყო ღმერთი, ან, საერთოდ, რატომ იყო იგი?

  მთელი მოქმედება ერთი დიდი დილემაა. დილემა და პასუხგაუცემელი კითხვების უთავბოლო ორომტრიალი. მთელი სპექტაკლის მოქმედება ქაოსია. არა ქრონოლოგია, არა ლოგიკა, არა დასკვნა და არც შედეგი.

მხოლოდ სიტყვები, მხოლოდ დიალოგები, მხოლოდ ემოცია და მკრთალი განათება განწყობისთვის.

  კონტრასტული ცხოვრების ფონზე ბევრი დილემა და ბევრი ამოცანა, თავსატეხად ქცეული, არა მხოლოდ ფროიდს, მაყურებელსაც რომ უკარგავს მოსვენებას.

ღმერთი, თუ უღმერთობა?

ცხადი, თუ რეალობა?

შემოქმედი, თუ უბრალოდ გიჟი?

სტუმრობა, თუ გამოცხადება?

რეალობა, თუ სიზმარი?

  უცნობი მამაკაცის ღამისეული შემოსერინება, რომელიც, მხოლოდ და მხოლოდ, ნახევარ საათს გრძელდება, მთელ ცხოვრებას უდრის. ზიხარ ნახევრადჩაბნელებულ  დარბაზში, სუნთქვაშეკრული უსმენ ამ დიალოგების ხროვას, იბნევი, ნერვები გეშლება, მაინც მიყვები ყველა სიტყვას, ყველა ფრაზას, ეძებ ამ გორგიას კვანძის დასასრულს და ხვდები, რომ ამ სტუმარმა თავისი მისია შეასრულა, მან შენ ძალიან ბევრ რამეზე დაგაფიქრა.

  ამბობს კიდეც სტუმარი, მოვიწყინე და ამიტომ მოვედი შენთანო, ჩემი გამოცხადებით მინდა გაგინათო გონება, ან, იქნებ, თავგზაც აგიბნიოო.

  ფროიდისა რა მოგახსენოთ და მაყურებელს კი, ერთდროულად, აღაფრთოვანებს და აღიზიანებს გოგა ბარბაქაძის მოულოდნელი გამოჩენა- გაქრობები და მისი ხშირად ცვალებადი მიმიკა-ფრაზები.

  მოქმედება ერთ სივრცეში მიმდინარეობს. არის მხოლოდ ნახევრადჩაბნელებული ფროიდის კაბინეტი, არის მხოლოდ ორი მამაკაცი პირისპირ და უფრო დიდი და ღრმა არ ყველაფერის მიღმა- ცხოვრება, ადამიანის არსებობა და მისი არსებობის ერთადერთი გამართლება- სიყვარული.

  კვანძი იხსნება, შმიდტი და ყველა ერთხმად აღიარებს, რომ ერთადერთი მიზეზი, მიზანი და გამართლება, რის გამოც ღმერთმა შემქნა სამყარო და შემდეგ –  ადამიანი- სიყვარულია.

  სწორედ ამიტომ მისცა შემოქმედმა ადამიანებს თავისუფლება, აზიარა ისინი სიკეთებს, ბოროტებასაც, აჩვენა მათ სწორი გზა და არც გზააბნეულს აიძულა მობრუნება, რადგან ნება თავისუფალი ღმერთს ხდის ღმერთს და არა ყოვლისშემძლე შემოქმედს.

  „ ღმერთის რწმენა ხაფანგში მომწყვდეული ნადირის სურვილია, იგი ძაღლებით გარშემორტყმული ქარაფზე მდგარი ირმის მზერაა, რომელიც გამოსავალს ეძებს… ღმერთი, ეს არის სხეულის ყვირილი, სხეულის ამბოხი! „ – ამბობს უცნობი სტუმარი და ყველა ეჭვს ფანტავს , ყველა კითხვას, რომელიც აწუხებს ყველას. არის კი ის საგიჟეთიდან გაქცეული საშიში ავადმყოფი, თუ ანას ადევნებული თაყვანისმცემელი? არის კი ის ღმერთი, ან, უბრალოდ, ძალიან ნაკითხი ინტრიგანი, რომელსაც სურს ფროიდის აფორიაქება. ან, იქნებ, ის, უბრალოდ, მორიგი სიზმარია. ყველა სიზმარი ხომ ისევ ადამიანიდან მოდის.

  მთელი ცხოვრება შეალია ფროიდმა სიზმრების ახსნას, მისეული თეორიაც შემქნა და, მაინც,  ყველაზე უსუსური აღმოჩნდა საკუთარი სიზმრის შემთხვევაში. ბევრმა გაუთქმელმა და, გულის სიღრმეში, ღრმადდამარხულმა აზრმა, სურვილმა, წაშალა ზღვარი რელოაბასა და სიზმარს, ცხადსა და წარმოსახვას შორის.

  ატომების უაზრო გროვაა სამყარო, ჩვენ ადამიანების ატომთა და მოლეკულათა ერთი დიდი ქაოსური ერთიანობა ვართ. ესაა ცხადი და ყველაზე რეალური. ესაა აქსიომა, რომელიც ფროიდამდეც და მის მერეც იცოდა ბევრმა.

ორიოდ სიტყვა მსახიობთა უბადლო შესრულებაზე.

  გოგა ბარბაქაძე სტუმრის როლში და ფროიდის როლში ბაჩო ჩაჩიბაია- შესანიშნავი ტანდემი. მსახიობთა დიდი ოსტატობით შესრულებული თამაში და დამაჯერებელი მოქმედებების მთელი კასკადი.

ჩემი მორიგი შემოდგომის მორიგი საღამოს მორიგი დასასრული შეცვალა ამ მინიდადგმამ.

  მე მხოლოდ ერთს  მივხვდი, არ აქვს მნიშვნელობა ვინ იყო ეს სტუმარი – ღმერთი, უბრალოდ, სულით ავადმყოფი, თუ აკვიატებად ქცეული თაყვანისცემა, არც იმას აქვს მნიშვნელობა, იყო კი ეს სტუმრობა ცხადი, თუ სიმზარი, არც იმას, გწამს თუ არა ადამიანს ღმერთის , მთავარი ერთი რამეა – აქციო შენი გული და გონება ღია კარად და გაუღო იგი სიცარიელიდან შემოსული კაკუნის მერე უცნობ სტუმარს, სტუმარს, რომელიც ბევრი კითხვით, უფრო ბევრი თავსატეხით და მაინც ქარიშხალივით სწრაფად შემოიჭრება თქვენში და გაგხდით იმაზე მეტს, ვიდრე თქვენ აქამდე იყავით.

ავტორი: ანა ურუშაძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here