
საქართველოს კალათბურთის ფედერაციამ ევრობასკეტ 2021-ის ქვეჯგუფის მასპინძლობის სურვილი ფიბა-ევროპის ხელმძღვანელობასთან დააფიქსირა. მოგეხსენებათ, ფიბა-მ მნიშვნელოვანი ცვლილებები განახორციელა და ამიერიდან ევრობასკეტი 4 წელიწადში ერთხელ გაიმართება.
„ფიბა-ს ხელმძღვანელებთან უკვე დავაფიქსირეთ ჩვენი ფედერაციის სურვილი, ვუმასპინძლოთ ევროპის ჩემპიონატის ერთ-ერთ ჯგუფს – განაცხადა საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტმა, მიხეილ გაბრიჩიძემ – მომავალ გაზაფხულს ფიბა-ს აღმასრულებელი ორგანო, ეგრეთ წოდებული ბორდი შეიკრიბება და საბოლოოდ გადაწყდება მომავალი ევრობასკეტის ჩატარების ფორმატი. ბოლო ორმა ჩემპიონატმა აჩვენა, რომ ტურნირის რამდენიმე ქვეყანაში ჩატარება საკმაოდ მისაღებია…
შეგახსენებთ, რომ მომავალ ნოემბერში დაიწყება მსოფლიოს 2019 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირი. რაც შეეხება კონტინენტურ პირველობას, ევრობასკეტზე მოსახვედრი შესარჩევი ტურნირი მსოფლიო ჩემპიონატის დასრულების შემდეგ დაიწყება.