რძის მწარმოებელ კოოპერატივს ლაბორატორიული ხელსაწყოები გადაეცა

სამცხე-ჯავახეთის რეგიონში სასოფლო-სამეურნეო კოოპერაციის განვითარების სახელმწიფოს მხარდაჭერის პროგრამები გრძელდება.
„რძის მწარმოებელი სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამის“ ფარგლებში, კოოპერატივს „მთის გემო“ 1500 ლიტრის მოცულობის რძის მიმღებ-გადამამუშავებელი აღჭურვილობა და ნედლი რძის კონტროლის საველე ლაბორატორიული ხელსაწყოები გადაეცა.
სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი კოოპერატივის „მთის გემო“ წევრებს საწარმოში შეხვდა და იმერული ყველისა და სულგუნის წარმოების პროცესს გაეცნო.
კოოპერატივმა „მთის გემო“ სურსათის უვნებლობის სტანდარტების შესაბამისი შენობის აშენება უზრუნველყო, სადაც პროგრამის ფარგლებში გადაცემული აღჭურვილობა განთავსდა და რძის მიმღებ-გადამამუშავებელი საწარმო მოეწყო. კოოპერატივი პროდუქციის რეალიზაციას ადგილობრივ ბაზარზე ახდენს.
სოფლის მეურნეობის მინისტრთან ერთად, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების წარმომადგენლებს მინისტრის მოადგილე გიორგი ხანიშვილი, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარე გიორგი მიშელაძე და სამცხე-ჯავახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორის მოადგილე გიორგი მიქელაძე შეხვდნენ.

საქართველოს სამხედრო მოსამსახურეებმა კანადაში გამართულ მჯდომარე ფრენბურთში ოქროს მედალი მოიგეს

გუნდი თავდაცვის სამინისტროს საბრძოლო მოქმედებების დროს და სამშვიდობო მისიებში დაჭრილი და დაშავებული სამხედრო მოსამსახურეებით იყო დაკომპლექტებული.

დაძაბულ, ფინალურ შეხვედრაში ქართველი სამხედროების ნაკრები გაერთიანებული სამეფოს ნაკრებს დაუპირისპირდა და გამარჯვება მოიპოვა. „ძლიერთა თამაშებში“ გამარჯვებულ ქართველ სამხედროებს ოქროს მედლები დიდი ბრიტანეთის პრინცმა ჰარიმ გადასცა.

ქართული გუნდი „ძლიერთა თამაშებში” მჯდომარე ფრენბურთის გარდა სპორტის კიდევ 5 სახეობაში ასპარეზობს: ველორბოლა, ცურვა, წოლჭიმი, მშვილდით სროლა, ავტორბოლა. ქართველი სამხედრო მოსამსახურეები გაერთიანებული სამეფოს პრინცის, მისი აღმატებულება პრინც ჰარის პატრონაჟით გამართულ „ძლიერთა თამაშებში” მესამედ მონაწილეობენ. პირველად ქართველმა სამხედროებმა ლონდონში გამართულ თამაშებზე იასპარეზეს, შემდეგ კი აშშ-ში, ქალაქ ორლანდოში.

შეხვედრები უფროსკლასელებთან

განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ეროვნული სასწავლო გეგმების დეპარტამენტი აგრძელებს შეხვედრების ციკლს უფროსკლასელებთან ახალი ეროვნული სასწავლო გეგმის გაცნობის მიზნით.

ამჯერად თბილისის 150-ე საჯარო სკოლის IX და X-კლასელი მოსწავლეები საბაზო საფეხურის მათემატიკის ახალ სტანდარტს გაეცნენ და ძალიან საინტერესო მოსაზრებები და შენიშვნები მიაწოდეს ეროვნული სასწავლო გეგმების დეპარტამენტის ექსპერტებს, რაც მნიშვნელოვანია ეროვნული სასწავლო გეგმის რევიზირების პროცესისთვის.

მეცნიერებისა და ინოვაციების საერთაშორისო ფესტივალი რიყის პარკში გაიხსნა

ფესტივალი 24 სექტემბერს გაიხსნა, ის რვა ოქტომბრამდე გაგრძელდება და საქართველოს მასშტაბით დამთვალიერებელს 150-მდე ღონისძიებას შესთავაზებს, მათ შორის ლექციებს, სემინარებს, კონფერენციებს და სამეცნიერო პიკნიკებს.

როგორც საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, ალექსანდრე ჯეჯელავამ განაცხადა, მეცნიერება ქვეყნის განვითარებისთვის უმნიშვნელოვანესია.

“იმედი მაქვს, რომ მსგავსი ღონისძიებები დაეხმარება სფეროს განვითარებას. ბავშვები მაქსიმალურად უნა დავაინტერესოთ მეცნიერებით. მეცნიერების როგორც კარიერის პოპულარიზაციაა ჩვენი მიზანი. ჩვენ ვცდილობთ დავარწმუნოთ ბავშვები, რომ ამ სფეროში დიდი პერსპექტივაა. მომავალში ჩვენი ბიზნესის ეკონომიკის განვითარება პირდაპირ კავშირშია მეცნიერების განვითარებასთან”, – განაცხადა ჯეჯელავამ.

ღონისძიება უკვე მესამედ იმართება, მასში საქართველოს ხუთი ქალაქია ჩართული. მისი მიზანი კი ახალგაზრდებში მეცნიერების პოპულარიზაციის ხელშეწყობაა.

 

აღჭურვილობის მომწოდებლების გამოფენა და ლიზინგის ფორუმი 2017 წლის 17 ოქტომბერს გაიმართება

ბია“–ს ორგანიზებით, “თიბისი ლიზინგის” სპონსორობითა და “საქართველოს ლიზინგის ასოციაციის” მხარდაჭერით, 2017 წლის 17 ოქტომბერს, იმართება „აღჭურვილობის მომწოდებლების გამოფენა და ლიზინგის ფორუმი“.
ფორუმის მიზანია ტექნოლოგიური განვითარებით დაინტერესებული 500-ზე მეტი ბიზნესმენის, მთავრობის წარმომადგენლების, სავაჭრო პალატებისა და მეზობელი ქვეყნებიდან (კავკასია, დსთ, შუა აღმოსავლეთი) დელეგატების შეკრება სასტუმროში ბილტმორ თბილისი, რათა გაეცნონ მსოფლიოში არსებულ თანამედროვე ტექნოლოგიურ მიღწევებს.

ფორუმი დელეგატებს მისცემს შესაძლებლობას გაეცნონ სამშენებლო, აგრო, სამედიცინო, სატრანსპორტო და “ჰორეკა” სექტორისთვის საჭირო ტექნიკის მომწოდებლებსა და დილერებს, აქვე გაიგონ ლიზინგის მომსახურების უპირატესობების შესახებ და ისარგებლონ კონკურენტული შეთავაზებებით. ღონისძიების მიზანია იაფი ფინანსური რესურსის შეთავაზება მეწარმეებისთვის ტექნიკური პარკის განსაახლებლად, რაც, თავის მხრივ, ხელს შეუწყობს ქვეყნის ეკონომიკის წინსვლას.

სალიზინგო კომპანიები, ტექნიკის მომწოდებლების ინტერესების გათვალისწინებით, მეწარმეებს, რომლებიც ბიას ფორუმის ფარგლებში დაამყარებენ კავშირს მომწოდებლებთან, ექსკლუზიურ პირობებს შესთავაზებენ აღჭურვილობის შესაძენად, რაც თავის მხრივ, ხელსაყრელი წინადადებაა როგორც მომწოდებლებისათვის, ასევე ბიზნესის წარმომადგენლებისთვის. 

მშვიდობის კორპუსი საჯარო სკოლებისთვის კონკურსს აცხადებს

ა.შ.შ.-ის მშვიდობის კორპუსი საქართველოში იწვევს მოტივირებულ საჯარო სკოლებს მშვიდობის კორპუსის განათლების პროგრამასთან თანამშრომლობისთვის.

მშვიდობის კორპუსის მოხალისეები ჩვიდმეტი წელია წარმატებით ახორციელებენ განათლების პროექტს საქართველოს რეგიონებში. კონკურსში შერჩეული სკოლები ინგლისური ენის სწავლების დონისა და სასწავლო პრაქტიკის გაუმჯობესების მიზნით იმუშავებენ ამერიკელ ინგლისური ენის მასწავლებელთან 2018-2020 სასწავლო წლების განმავლობაში.

კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ საჯარო სკოლებს შემდეგ რეგიონებში: კახეთი (ახმეტის ჩრდილოეთით მდებარე სოფლების გარდა), მცხეთა-მთიანეთი (სტეფანწმინდის გარდა), ქვემო ქართლი, შიდა ქართლი, სამცხე-ჯავახეთი, აჭარა, გურია, იმერეთი, სამეგრელო, რაჭა-ლეჩხუმი და სვანეთი. სოფლებიდან და ქალაქებიდან, რომლებიც განლაგებულია ადმინისტრაციული საზღვრიდან 5 კმ-იან ზონაში, განაცხადები არ განიხილება.

თუ თქვენი სკოლა არის ზემოთაღნიშნულ რეგიონში, ინგლისური ენის მინიმალური საათობრივი ბადე შეადგენს 24 საათს და დაინტერესებული ხართ მოხალისესთან თანამშრომლობით 2018-2020 აკადემიურ წლებში, გაეცანით საინფორმაციო დანართს და დაიტოვეთ სკოლაში, შეავსეთ მოხალისის მოთხოვნის ფორმა მასპინძელი ოჯახის განაცხადებთან ერთად და მოგვაწოდეთ მშვიდობის კორპუსის ოფისში მისამართზე ვაჟა-ფშაველას გამზირი #29ა, თბილისი, 0160 ან გამოაგზავნეთ ელექტრონული ფოსტით მისამართზე education@ge.peacecorps.gov

მოხალისის მოთხოვნის ფორმის და საინფორმაციო დანართის მიღება შესაძლებელია საქართველოს მშვიდობის კორპუსის ოფისში ან საგანმანათლებლო რესურს ცენტრებში. მოხალისის მოთხოვნის ფორმების ჩამოტვირთვა ასევე შესაძლებელია საქართველოს მშვიდობის კორპუსის ვებ-გვერდიდან: https://www.peacecorps.gov/georgia/ask-for-a-volunteer/

სკოლის მიერ შევსებული მოხალისის მოთხოვნის ფორმის მიღების საბოლოო ვადაა 20 ოქტომბერი, 2017 წელი.

დამატებითი ინფორმაციისთვის დაუკავშირდით:

• ასმათ სიხარულიძე

განათლების პროგრამის ხელმძღვანელი

ტელ: 595906444;

• თეო ნეფარიძე

განათლების პროგრამის ხელმძღვანელი

ტელ: 591969881;

• ია გელაშვილი

განათლების პროგრამის ხელმძღვანელი

ტელ: 595950406;

• ნინო ფიროსმანიშვილი

პროგრამების და ტრენინგების სპეციალისტი

ტელ: 595027979;

ქართული ძირტკბილა ექსპორტზე გავა

სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ მხარდაჭერით კომპანია ”ჯორჯიან ჰერბს” თავის ნაწარმს ექსპორტზე მაროკოსა და საფრანგეთში გაიტანს. კომპანია ძირტკბილას აწარმოებს.

სიახლის შესახებ ინფორმაციას თავად სააგენტო ”აწარმოე საქართველოში” ავრცელებს.

”ჩვენი მხარდაჭერით კომპანიამ ”ჯორჯიან ჰერბს”, რომელიც ძირტკბილას აწარმოებს, 2016 წელს საკვები და სასმელი პროდუქტების წამყვან გამოფენაზე ”Sial Paris 2016” მიიღო მონაწილეობა. შედეგად კი, საკუთარი პროდუქციის გატანა საფრანგეთსა და მაროკოში შეძლო.

”საერთაშორისო გამოფენაზე ”Sial Paris 2016” თავს იყრის 6 500-ზე მეტი ადგილობრივი და საერთაშორისო მონაწილე კომპანია 20 სხვადასხვა სექტორიდან, ხოლო ვიზიტორების რაოდენობა 155 000 ადამიანს აღემატება” – წერს სააგენტო.

გვირაბის ბოლოს სინათლე არ ჩანს

უპატრონო ტაძარს ეშმაკები დაეპატრონებიანო ნათქვამია, ეშმაკების არვიცი რა, მაგრამ ზურმუხტისფერ სოფელს ~პატრონი~ რომ თავს არ ევლება ადვილი მისახვედრია.

ოზურგეთიდან არცისე შორს არსებობს ერთი არცთუ პატარა სოფელი ზღაპრულად ლამაზი, მაგრამ რეალური და სევდიანი, მიტოვებული, ეს კონჭკათის ძველი, მრავალჭირნახული სოფელია. მდ.სუფსას ხეობაში ჩაბუდებულა და ძალიან დიდი ხანია თავისთვის არსებობს, ახლა კი უჭირს, ხმაამოუღებლად უჭირს და ჩუმად ებრძვის ~ცეცხლსა და ურაგანს~.

გურული სოფელი უხვი სიმწვანით, დიდი, ლამაზი ეზოებით და ამ ყველაფრისთვის შეუფერებელი მიტოვებული, გამოკეტილი სახლებით, თითქოს ერთნაირად აუღიათ ხელი კონჭკათელებს საკუთარი ეზოებისთვის, ამიტომაც ვახსენე უპატრონო ტაძარი, სოფლის ~ეშმაკი~კი უგზოობა, უწყლობა, უხალხობაა…

ძალიან თამამი უნდა იყო მამულიშვილი, რომ მეორე მამულიშვილს იქ მოსთხოვო ცხოვრება, სადაც შიდა გზები აბსოლუტურად გაუმართავია, სადაც წყალი ნახევარ სოფელს არ მიეწოდება, სადაც ბავშვებს სათამაშო მოედანი არ აქვთ, არ არის სპორტული წრეები, სადაც სკოლის გარდა არცერთი საგანმანათლებლო დაწესებულება და აქტივობები არ არსებობს, სადაც ხალხი მცენარეულ კულტურას ვერ თესავს უფულობის და საწვავის სიძვირის გამო, სადაც სოციალურად დაუცველ ოთარის ორი შვილი თურქეთში ყავს სამუშაოდ, დიახ, საკმაოდ თამამი უნდა იყო!

ბატონი ოთარისთვის შემოსავლის ძირითადი წყარო სოციალური დახმარება და თხილის ჩაბარებიდან მიღებული მცირედი თანხაა. “ახლახანს გავიკეთე ოპერაცია, კი ვისარგებლე საყოველთაო ჯანდაცვით, თუმცა ოპერაციის შემდეგ ბევრი წამალი დამინიშნეს და თანხა არ მყოფნის შესაძენად. ყველაზე მეტად სწორედ მკურნალობაზე არ მყოფნის ფული,” ამბობს ოთარი ჩვენთან საუბრისას.

სოფელში 530 კომლია რეგისტრირებული, აქედან 420 ფაქტობრივი მოსახლეა. სოფლის მეურნეობა სწორედ ის დარგია, რომელიც ადგილობრივებისთვის შემოსავლის მთავარ წყაროს წარმოადგენს.

ფშავია ჟერლო კონჭკათის მკვიდრია. თხილი მისი ერთადერთი შემოსავლის წყაროა, თუმცა მისი მოვლა უჭირს, რადგან შეწამვლა საკმაოდ ძვირი უჯდება.  ფშავია ბაბუ გულისტკივილით გვიყვება ადგილობრივი ახალგაზრდების გასაჭირზეც. დარწმუნებულია, რომ მიგრაციის დონემ საგრძნობლად იმატა სოფელში, რადგან მათთვის აქ ცხოვრება გაუსაძლისი გახდა. “რამდენია იცით თურქეთში გადასული? ნახევარი საქართველო იქაა, მგონი… სეზონი უკვე მალე იხსნება და შესაბამისად, აქ ვერცერთ ახალგაზრდას ვერ ნახავთ. თურქეთში მთელი დღე, წვიმასა თუ ქარში, ბრიზენტში ჩაცმულები მუშაობენ, წვალობენ… დავარდა ახალგაზრდობა.“

გამგებლის მოადგილე ირწმუნება, რომ მალე გზების პრობლემა მთლიანად მოგვარდება. “სოფლის შიდა გზები ძალიან ცუდ მდგომარეობაში იყო. საკმაოდ დიდი სოფელია კონჭკათი და შესაბამისად, ბევრი სამუშაოა ჩასატარებელი. გამოყოფილი თანხები კი იხარჯებოდა სოფლის შიდა გზების კეთილმოწყობაზე, დაახლოებით 80% თანხებისა სწორედ ამ მიმართულებით დაიხარჯა.” თავისთავად, სოფლის განვითარებისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი სწორედ ინფრასტრუქტურის მოწესრიგებაა, თუმცა, როგორც უკვე აღვნიშნეთ, მოსახლეობის მთავარი საარსებო წყარო სწორედ მეურნეობიდან მიღებული შემოსავალია.

მუნიციპალიტეტის გამგეობის სპეციალური სამსახური უფასოდ შეუწამლავს მოსახლეობას თხილის პლანტაციებს, პრინციპში დღესდღეისობით ეს ერთადერთი პროექტია სოფლის მეურნეობაში.

კონჭკათიდან ახალგაზრდები გარბიან, დიახ, სწორედ ეს სიტყვა შეეფერება იმ მდგომარეობას, რომელიც დღეს სახეზე გვაქვს. ქალბატონი ვენერას ვაჟებიც თურქეთში არიან სამუშაოდ წასულები, სოფელში პირობების არქონის გამო ყველა შრომისუნარიანმა ადამიანმა ფაქტობრივად დატოვა სოფელი და ახლა მწვანე სოფელში დაკოჟრილი, ბებრი ხელები ებრძვიან მარტოსულობას და ბუნებას.

ოთარი ბაბუაც საკუთარი ძალებით, შვილების გარეშე უვლის საკუთარ ეზოსა და სახლს, წუხს და განიცდის მოხუცი, რომ ცარიელ, ვერან გზებზე მარტო უწევს სიარული.

სოფელში ერთადერთი სკოლაა, ამჟამად 120 მოსწავლეღა სწავლობს, თუმცა 15 -20 წლის წინ ეს რიცხვი 400 აღწევდა. არაფერია იმაზე დამთრგუნველი, ვიდრე სოფელი – პერსპექტივის გარეშე. ხედავ სოფელს ცარიელს, ცარიელს არა მარტო ადამიანებით, არამედ საგანმანათლებლო და სპორტული დაწესებულებებით, სოფელში სტადიონიც კი არ არის, ამ ბავშვების მცირე კონტიგენტსაც არ აქვს ხელშეწყობა, ასეთია კონჭკათის მძიმე რეალობა.

სეზონურად, ახალგაზრდებისგან დაცარიელებული სოფელი, რომლებიც მეზობელ თურქეთში მძიმე სამუშაოს შესასრულებლად გაედინებიან, კონჭკათში უფროსები იკრიბებიან და ბჭობენ თუ რითი შეუძლიათ თავიანთ შთამომავლებს მომავალი შეუმსუბუქონ, თუმცა წლიდან წლამდე მძიმე რეალობა არ იცვლება.   და უფრო მძიმე ის გახლავთ, რომ გვირაბის ბოლოს სინათლე არ ჩანს.

ავტორი: ვიკა შაუთიძე

 

მედალიონის ორი მხარე: სქესობრივი განათლება თუ ნაადრევი ქორწინება?!

   ხშირად საუბრობენ საქართველოში სქესობრივი განათლების აუცილებლობაზე, თუმცა, როგორც წესი, ამას საზოგადოებაში მწვავე კრიტიკა მოჰყვება ხოლმე. ნაადრევი ქორწინება, მოზარდებში რეპროდუქციული ჯანმრთელობისა თუ გადამდებ დაავედებებზე ინფორმაციის არქონა  – სწორედ ამის აღმოფხვარს ისახავს მიზნად სკოლებში სქესობრივი განათლების შემოღება. 

განათლების სპეციალისტები, ფსიქოლოგები თუ სექსოლოგები მრავალი წელია საუბრობენ, რომ ამ საგანს სკოლებში კვალიფიციური პირები  უნდა ასწავლიდნენ, მეტიც, სახალხო დამცველის ერთ-ერთი მთავარი რეკომენდაციაა,  სკოლებში სქესობრივი და რეპროდუქციული ჯანმრთელობის ფორმალური ან არაფორმალური სწავლება.

სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ სქესობრივი ცოდნის შეძენა და სწორი შეხედულებების ჩამოყალიბება მნიშვნელოვნად შეამცირებს ნაადრევ ქორწინებასა თუ აბორტებს, რომლის ერთ-ერთ გამომწვევ მიზეზად ხშირად არასათანადო განათლება სახელდება.

 სახალხო დამცველის ანგარიშში ვკითხულობთ, რომ 2016 წელს 1224 არასრულწლოვანი გახდა დედა. აქედან, ნაადრევი ქორწინების გამო სწავლა 13-დან 17 წლამდე 115-მა მოსწავლემ მიატოვა, მაშინ როდესაც 2015 წელს სწავლა 408 მოსწავლემ შეწყვიტა. სტატისტიკური მონაცემები უკეთესობისკენ არის შეცვლილი, თუმცა განსხვავებული სურათი გვაქვს აბორტებთან დაკავშირებით.

დაავადებათა კონტროლის  ეროვნული ცენტრის მონაცემებით, აბორტების დაახლოებით 47% 15-29 წლის ასაკობრივ ჯგუფზე მოდის.

ეს მონაცემები  მიუთითებს, რომ ახალგაზრდებს არ აქვთ შესაბამისი ცოდნა, როგორ აირიდონ არასასურველი ორსულობა. მოზარდებისთვის სქესობრივ და რეპროდუქციულ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული ინფორმაციის მიღების ძირითად წყაროს  თანატოლები და მეგობრები წარმოადგენენ.

ფსიქოლოგი სალომე საბიაშვილი ჩვენთან საუბრისას აღნიშნავს, რომ ძირითადი პრობლემა ხსენებული საკითხების ტაბუირებაა. „მოზარდებს შემეცნებითი პერიოდი აქვთ, ამ დროს ინტერესდებიან ყველაფრით. თემების აკრძალვით თუ დაფარვით, საკმაოდ ცუდ შედეგს ვიღებთ. ამ დროს, მოზარდი სხვადასხვა საშუალებით თავად ნახულობს ინფორმაციას. პირადად მე ვფიქრობ, რომ ეს საკითხები უნდა ისწავლებოდეს სკოლაში. თუნდაც იმიტომ, რომ მშობლებისგან ეს თემა ხშირად უგულებელყოფილია. ეს სწავლება კი მოზარდს დაეხმარება, იცოდეს რას რა მოჰყვება და ეს ყველაფერი გათვითცნობიერებული ჰქონდეს, რათა საკუთარ თავზე აიღოს პასუხისმგებლობა.“

განსხვავებულად ფიქრობს 14 წლის მარიამის მშობელი, ნატა გავაშელი. ის ფიქრობს, რომ სწორედ ოჯახი უნდა იყოს ის პირველი რგოლი, რომელიც რეპროდუქციულ საკითხებს გააცნობს მოზარდს. „მე მგონია, რომ სკოლა არ უნდა იყოს ის დაწესებულება, სადაც ჩვენი შვილები პირველად გაიგებენ ჰორმონალური ცვლილებების შესახებ ან თუნდაც იმას, რომ ნაადრევი ქორწინება არ არის კარგი. მართალია, დღეს მშობლებს, ასე ვთქვათ, არ აქვთ მსგავს საკითხებში დიდი ცოდნა, თუმცა, მიმაჩნია, რომ მათი განათლებით უფრო მეტს მოიგებს როგორც მოზარდი, ასევე მშობელი.“ ის ასევე აღნიშნავს, რომ ოჯახში ინფორმირებული მოზარდებისთვის სქესობრივი საკითხების განხილვა დამამთავრებელ კლასებში უფრო ნაყოფიერი და შემეცნებითი იქნება.

განსხვავებულად ფიქრობენ თავად მოზარდებიც. 17 წლის ნიკა გუბელაძე, თბილისის გურამ რამიშვილის სახელობის მეოცე საჯარო სკოლის მოსწავლეა. ის ამბობს, რომ ყველა მოზარდს უნდა ჰქონდეს გარკვეული სქესობრივი განთლება და ეს უნდა უზრუნველყოს სკოლამ. „რა თქმა უნდა, სკოლებში გარკვეული ასაკიდან უნდა ისწავლებოდეს სქესობრივი განათლება, რადგან მოზარდს შეექმნას ზოგადი წარმოდგენა ამ საკითხის შესახებ. ვფიქრობ, რომ მსგავსი საკითხების სწავლება დაეხმარება მათ თავიდან აიცილონ არასასურველი ორსულობა და სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები.“

16 წლის თიკა ყურულაშვილი, რომელიც 61-ე საჯარო სკოლის მოსწავლეა, ჩვენთან საუბრისას ამბობს, რომ მოზარდი წინასწარ უნდა იყოს მომზადებული მსგავს თემებზე სასაუბროდ. ,,თავისთავად, ეს გაკვეთილები გარკვეულ უხერხულობას შექმნის, თუმცა თუ მოზარდს აქვს მშობლებთან ერთად განხილული მსგავსი თემები, უფრო მომზადებული იქნება და აღარ გაუკვირდება. ვფიქრობ, რომ  ბევრმა მოზარდმა არ იცის სქესობრივი გზით გადამდები დაავადებების შესახებ და ამიტომაც უნდა ისწავლებოდეს ეს საგანი სკოლებში.“

ამ მხრივ ცვლილებები საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, ალექსანდრე ჯეჯელავამ, 2017 წლის თებერვალში დააანონსა. საბაზო საფეხურის ბიოლოგიის ახალი პროგრამის მიხედვით, დაგეგმილია სასწავლო თემის – „ადამიანი და ჯანმრთელობა“- ფარგლებში შემდეგი თემების განხილვა:

  • ადამიანის რეპროდუქციული სისტემა (ორგანოთა აგებულება და ფუნქცია);
  • სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები (ვირუსული ჰეპატიტები; აივ-ინფექცია და სხვა.)
  • ნაადრევი ქორწინება, როგორც დედისა და ნაყოფის ჯანმრთელობის დარღვევის რისკ-ფაქტორი, აგრეთვე სოციალური პრობლემების მიზეზი.

დღემდე სადავო საკითხად რჩება, თუ რომელი კლასიდან უნდა ისწავლებოდეს სქესობრივი განათლება  სკოლებში. ფსიქოლოგი, სალომე საბიაშვილი ამბობს, რომ მე-7 კლასიდან მოზარდი უკვე ინფორმირებული უნდა იყოს ორგანიზმში მიმდინარე ჰორმონალური ცვლილებებისა და მისი თანმხლები პროცესების შესახებ. საქართველოს სამედიცინო სექსოლოგიის საზოგადოების პრეზიდენტი, ექიმი ზურაბ მარშანია აცხადებს, რომ 16 წლიდან სქესობრივი ურთიერთობების სწავლება სავსებით დასაშვებია. „საქართველოში კანონი გრთავს ნებას, რომ 16 წლის ასაკში შექმნა ოჯახი და შესაბამისად, თუ მოზარდი აღმოჩნდება მსგავს სიტუაციაში, საჭიროა მას სრული ინფორმაცია ჰქონდეს, იმაზე რა და როგორ ხდება. ვფიქრობ, ეს ასაკი არის ყველაზე მისაღები საზოგადოებისთვისაც. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ სქესობრივ ურთერთობებზე არასწორი წარმოდგენები, რომლითაც დღევანდელი საზოგადოება საზრდოობს, იწვევს სხვადასხვა გართულებებს, მათ შორის სექსუალურ დისფუნქციებს“.  ზურაბ მარშანია ჩვენთან საუბრისას ასევე ამბობს, რომ  მსგავსი საგანმანათლებლო გაკვეთილების შემუშავების პროცესში განათლების სამინისტრომ სწორედ სექსოლოგები უნდა ჩართონ, რადგან მედიცინის ამ სფეროს წარმომადგენლების კომპეტენცია მსგავსი საკითხების შესწავლა-გაანალიზებაა. „ასე ვფიქრობ, რადგან თუ ფსიქოლოგები არიან ჩართულნი საკითხების შემუშავებისას, მედიცინის ამ მიმართულების უარყოფა არ შეიძლება. პირადად მე მიკვირს, თუ რატომ არ ინტერესდება სამინისტრო ჩვენი კვლევებით, რომლებიც სწორედ მსგავს საკითხებს ეხება.“

სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტის და გაეროს ერთობლივი პროგრამის მონაცემებით, საქართველოში მშობლების 83% 18 წლამდე ბავშვებს რეპროდუქციული ჯანმრთელობისა და უფლებების შესახებ არ ესაუბრება.

ამ საკითხზე ვესაუბრეთ ბიოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორს, სამედიცინო ფსიქოლოგსა და ფსიქოთერაპევტს, ნანა ოზიაშვილს, რომელიც 35-ე საჯარო სკოლაში ბიოლოგიას ასწავლის.

მისი თქმით, არსებულ ვითარებას დაბალი სიციო-კულტურალური მდგომარეობა იწვევს. მშობლების მხრიდან ამ საკითხების უგულებელყოფა კი, სწორედ ამაზე მიუთითებს. ნანა ოზიაშვილი ეწინააღმდეგება სქესობრივი განათლების დაბალ კლასებში სწავლებას. ,,კარლ გუსტავ იუნგს აქვს ნათქვამი: „ნაადრევ ასაკში სექსუალურ ურთიერთობებზე ინფორმაციის მიწოდება, ბავშვის ფსიქიკაში იწვევს სტრესს და ეს ძალიან ცუდი შედეგით მთავრდებაო…“ ეს არის ძალიან დიდი ადამიანის აზრი. ამიტომ, პირადად მე მიმაჩნია, რომ არაა საჭირო, კიდევ დამატებით დავტვირთოთ ბავშვის ფსიქიკა.“ ის თვლის, რომ სკოლებში, პირველი კლასიდან დაწყებული მეთორმეტე კლასის ჩათვლით, ისწავლება სრულიად საკმარისი მასალა, იმისთვის, რომ მოზარდების ჯანმრთელ განვითარებას შეუწყოს ხელი.

,,მე-12 კლასში მე ვასწავლი  სამედიცინო ბიოლოგიას. ეს, ფაქტობრივად ყველანაირი ბრჭყალების გახსნაა. მოსწავლეებს ვესაუბრები ყველა მნიშვნელოვან თემაზე, ტაბუ არცერთ საკითხზე არ გვაქვს დადებული. ეს ჩემთვის პრობლემა არაა, რადგან სამედიცინო ფსიქოლოგი ვარ.“

იმისთვის, რომ მოზარდების განვითარებასა და ინფორმირებულობას ხელი შეუწყოს,  ნანა ოზიაშვილმა დირექციას წინადადებით მიმართა, რომ სკოლის სივრცეში ჩამოყალიბდეს მშობელთა და შვილთა კლუბი, სადაც ფსიქოლოგები და ბიოლოგები ერთობლივი ძალისხმევით გაუწევენ მშობლებს კონსულტირებას. ის ფიქრობს, რომ სწორედ მშობლების ჩართულობა და განვითარება არის მთელი რიგი პრობლემების აღმოფხვრის ყველაზე სწორი გზა.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს თქმით, ამჟამად მიმდინარეობს ბიოლოგიის სასწავლო გეგმაზე მუშაობა. აღნიშნულ პროცესში, ჩართულნი არიან არა მხოლოდ საგნობრივი ექსპერტები, არამედ შესაბამისი დარგის სპეცილისტები, მათ შორის ბავშვთა ფსიქოლოგებიც.

 ავტორი: ვიკა შაუთიძე

ერთი მიწა და ერთზე მეტი ენა

  ინფორმაციის მოპოვების, გარდაქმნისა და რედაქტირების ხელოვნებას ჟურნალისტიკას ეძახიან. ინფორმაციის მომპოვებელს, გარდამქმნელსა და რედაქტორს – ჟურნალისტს. ვისთვისაც ჟურნალისტიკა და ჟურნალისტი ერთობლივადაა საჭირო – აუდიტორიად მოიხსენიებენ. სწორად და დაინტერესოდ ინფორმირებული აუდიტორია – სასარგებლო მოქალაქეა.

ყველა მოქალაქე რომ სასარგებლო იყოს, მედიამ ნებისმიერი ქვეყნის ნებისმიერ კუთხე-კუნჭულში უნდა შეაღწიოს. ისეთ პატარა ქვეყანაში, როგორიც საქართველოა, მიკროფონი და კამერა აუცილებლად ყველგან უნდა იყოს.

ჩვენს ქვეყანაში სულ რაღაც 12 თვითმმართველი ქალაქია. აქედან ერთი – ჩვენი დედაქალაქი. დედაქალაქის სტატუსის შესაბამისად, თბილისს, რეგიონებთან შედარებით, მეტი რესურსი აქვს ჟურნალისტური პროდუქტების საწარმოებლად. დანარჩენი საქალაქო ერთეულები უამრავ რაიონს მოიცავს, დედაქალაქის სტატუსის არქონის გამო კი – კიდევ მეტ პრობლემას, ანუ – დამატებით საჭიროებას, მთელი ქვეყნის მასშტაბით, რაც შეიძლება ბევრი ინფორმაცია იყოს ცნობილი.

ქვემო ქართლი რუსთავის, ბოლნისის, დმანისის, მარნეულის, თეთრიწყაროს, წალკისა და გარდაბნის რაიონების ტერიტორიებს მოიცავს. რეგიონის მოსახლეობა საქართველოს მოსახლეობის 11,3 %-ია. წარსულ ისტორიიდან ვიცით, რომ ქვემო ქართლი ეთნიკურად ჭრელია. გარდა ქართველებისა, აქ ცხოვრობენ ეთნიკურად სომხები, აზერბაიჯანელები, ბერძნები და სხვ.

ეთნიკურად მრავალფეროვანი გარდაბნის პატარა მუნიციპალიტეტიცაა. ქართველები და აზერბაიჯანელები აქ თანაბარი რაოდენობით ცხოვრობენ. ადგილობრივებისთვის ( და არა მხოლოდ) კომუნიკაცია, არც თუ ისე იშვიათად, პრობლემას წარმოადგენს. ქვემო ქართლში არაერთი მედიასაშუალებაა – იქნება ეს ბეჭდური, ტელე, რადიო თუ ონლაინ მედია. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ კონკრეტულად გარდაბნის მუნიციპალიტეტს საკუთარი მედია არ აქვს. ეთნიკურად ჭრელი ტერიტორიისთვის კი ეს საკმაოდ დიდი პრობლემაა.

რატომაა ერთი სახელმწიფოს კონკრეტული რეგიონის კონკრეტილი მუნიციპალიტეტისთვის საკუთარი მედიის არქონა პრობლემა?

თუნდაც იმიტომ, რომ დღეს, 21-ე საუკუნეში, მოვლენები და პროცესები ერთმანეთს ელვის სისწრაფით ენაცვლება. თუნდაც იმიტომ, რომ ამავე 21-ე საუკუნეში ჟურნალისტური კონკურენცია მაღალია. თუნდაც იმიტომ, რომ ადამიანები გაიზარდნენ და მოთხოვნილებებიც გაეზარდათ. ყველაფერს რონ თავი დავანებოთ, ინფორმაციები, ელემენტარულად, დიალოგისთვისაა საჭირო. მაგრამ, გარდაბნის მუნიციპალიტეტის შემთხვევაში, უფრო მწვავე პრობლემა ლოკალურია. როგორც უკვე აღვნიშნე, გარდაბანში ერთი მოსახლე თუ ქართველია, მეორე აუცილებლად აზერბაიჯანელია. იქ ჩასული ორივე ერის ენას თანაბარი რაოდენობით გაიგებთ. ისიც აღვნიშნე, რომ განსხვავებული ენები მათთვის, საკონტაქტოდ, დიდი პრობლემაა. ადგილობრივებისთვის მედიასთან კომუნიკაცია მნიშვნელოვანი დაბრკოლებაა. თუკი კამერითა და ფურცლით ხელში დაგინახეს, თანამშრომლობის იმედი ნაკლებად უნდა გქონდეს. უფრო მეტი ალბათობით, აგრესიის ობიექტი ხარ.

ვინ ავრცელებს სიახლეებს, რომელიც გარდაბანსა და გარდაბნელებს ეხება?

ამ კითხვაზე პასუხს იმით დავიწყებ, თუ როგორი დამოკიდებულება აქვს თავად მუნიციპალიტეტის გამგეობას მედიასაშუალებების მიმართ. ქრისტინა ასლამაზიშვილი ქვემო ქართლის ტელე-რადიო კომპანიის ჟურნალისტია. მისი თქმით, მას იშვიათად ჰქონია შემთხვევა, როდესაც რომელიმე კონკეტულ ინფორმაციაზე მათგან პასუხი არ მიუღია. მისივე შეფასებით, ადგილობრივი სიახლეების გაშუქების კუთხით, გამგეობა იშვიათადაა ინიციატორი. ხსენებული კომპანია სოციალურ პლატფორმაზეც მუშაობს, რაც ფეისბუქ გვერდსა და facebook და youtube არხებს გულისხმობს. ტელევიზიის გარდა, რეგიონში მუშაობს რამდენიმე საინფორმაციო სააგენტოც.

“ქვემო ქართლის ტელე-რადიო კომპანია აშუქებს ყველა სიახლეს, რომელიც, კონკრეტულად, გარდაბნის მუნიციპალიტეტს უკავშირდება – იქნება ეს მოსალხეობის პრობლემები სოციალურ-ეკონომიკური კუთხით, თუ სხვა. ასევე, დაგეგმილ და განსახორციელებელ პროექტებს, რომელსაც მუნიციპალიტეტი და სახელმწიფო რაიონში ახორციელებს” – აღნიშნავს ქრისტინა.
იმ მიზეზით, რომ გარდაბნის მუნიციპალიტეტში არამარტო ქართველები ცხოვრობენ, მათთვის ინფორმაციის ძირითადი წყარო რუსული და თურქული ტელეარხებია. აღსანიშნავია, რომ ქვემო ქართლის ტელე-რადიო კომპანია ერთადერთი მედიასაშუალებაა, რომლის ფარგლებშიც ახალი ამბები აზერბაიჯანულ ენაზე შუქდება.

დღეს მსოფლიო გლობალიზაციის პროცესშია. ქვეყნები პირველობისთვის იბრძვის. სხვა ქვეყნებს საქართველოც “ეჯიბრება”. საქართველო პატარა ქვეყანაა, კიდევ უფრო პატარა მისი ცალკეული რეგიონებია. ჯანსაღი კონკურენციისთვის კი იმის გააზრებაა საჭირო, რომ ქვეყნის თითოეული მაცხოვრებლის ინტერესები უნდა იქნას გათვალისწინებული. კიდევ მეტად მნიშვნელოვანი კი მისთვის ალტერნატივების შეთავაზებაა. სწორედ არაინფორმირებული ინდივიდია პრობლემა, რომელიც ალტერნატივას არ ითხოვს, რომელიც ვაკუუმს, ინფორმაციულ ვაკუუმს არ ივსებს.

მარიამ ტიელიძე