წამიერად დაჭერილი წამის ამბავი

  “ფოტოგრაფია არის შეგრძნების, შეხების, სიყვარულის გზა. ის , რასაც შენ აღბეჭდავ ფირზე, გაგახსენებს იმ პატარა მოგონებებს, რომლებიც შენ აღარც კი გახსოვს”.

ფოტოგრაფია უკვე წლებია, ხელოვნების სრულფასოვან დარგად იქცა. ხშირად მოკრავთ თვალს უცნაურად მდგომ, თუ მწოლიარე ახალგაზრდა, ან უფრო ხნიერი ასაკის ადამიანებს, რომლებიც დაჟინებით აკვირდებიან ობიექტივის მიღმა მდგარ სუბიექტს და ფიქრობენ, ძალიან ბევრს ფიქრობენ. ინტელექტუალური საქმეა ფოტოგრაფია და ყველაფერი მასთან დაკავშირებული.

და არის ყველა გაჩხაკუნებამდე და ჩიტის გამოფრენამდე გარდამავალი წამი, როცა ემზადები წამის დასაჭერად, როცა სუნთქვა გიხშირდება, ხელები გიკანკალებს და ხვდები, რომ შავ-თეთრი ცხოვრების მიღმაც სიფერადის დაჭერა შენ და შენს ხელში მყოფ აპარატს შეგიძლიათ… მერე იქცევა კიდეც უბრალო წამი ყველაზე ბრალიან მარადისობად.

ამ ბნელი ცხოვრების მიმოხვეულ გზებს, სხვათა გვერდით, ახალგაზრდა ქართველი ფოტოგრაფი – ვახო ხეთაგურიც მიუყვება. მას უყვარს საქმე, რომელსაც ემსახურება .
ვახო თანამედროვე ფოტოგრაფიის გამოწვევებსა და სამომავლო გეგმებზე გვესაუბრა.

ლუმიერების მსგავსად, შენ ცხოვრებაშიც ყველაფერი მატარებლით დაიწყო. რა სიმბოლური დატვირთვა ჰქონდა ამ თემატიკას შენთვის და რატომ მანდამაინც ცხოვრება რელსებზე? მოგვიყევი, ამ პროექტის იდეა საიდან გაჩნდა, როგორ განვითარდა და ასე შემდეგ.

მატარებლით მგზავრობა ბავშვობიდან მიყვარდა და როდესაც 2012 წელს ხელში კამერა ავიღე, ჩემთვის ასე კარგად ნაცნობ სივრცეს მივაშურე და პირველი ფოტოების გადაღებაც სწორედ იქ დავიწყე. ბავშვური სენტიმენტები, მატარებლის რიტმული ხმა (რომელიც ასე ძაან მიყვარს), მალევე მეორე პლანზე გადავიდა, რადგან კამერის გავლით ბევრი ისეთი რამ გამოჩნდა, რასაც მანამდე ვერ ვამჩნევდი. აქედან დაიბადა სერია, რომელსაც შემდეგ რამდენიმე წელს ვიღებდი.

ფოტოგრაფია გეხმარება სამყაროსთან ურთიერთობაში. ეს ის ადგილია, რომელსაც ყველა ადამიანი ეძებს ცხოვრებაში, რომ დაიმკვიდროს ? ანუ იპოვე ეს ადგილი და არის ის ფოტოგრაფია?

ადგილი ჯერ ვერ 🙂 ფოტოგრაფია ჩემთვის ენაა რომელიც მართლაც მეხმარება გარესამყაროსთან ურთიერთობაში. ხანდახან, ერთ კადრს მართლაც უფრო მეტის თქმა შეუძლია, ვიდრე ათასს სიტყვას.

რომ გქონდეს შანსი, შენი აპარატით, დროის მანქანის დამხარებით დროში იმოგზაურო, რა ეპოქას, ქვეყანას და კონკრეტულ კადრს შეარჩევდი?

ვიღაცამ თქვა, რომ დიდი სიამოვნებით გაცვლიდა ქრისტეს ყველა ხატში მის ერთ ფოტოს. ასე რომ, მეც დიდი სიამოვნებით ვიმოგზაურებდი იმ ეპოქაში იმ ერთი კადრის გადასაღებად:)

თანამედროვე ხელოვნებაში ფოტოგრაფიის როლზეც რომ გვითხრათ ორიოდე სიტყვა და რამდენად დაფასებული საქმიანობაა?

ხო, დღეს მსოფლიოში უკვე აღარავინ კამათობს, რომ ფოტოგრაფია ხელოვნების სრულფასოვანი დარგია. თუმცა, საქართველოში ამის შესახებ ხმამ ძალიან ბუნდოვნად მოაღწია. ფოტოგრაფიას, ძირითადად, კომერციული მიზნებისთვის იყენებენ( ქორწილი, რეკლამა), რაც წმინდა ვიზუალური პრაქტიკაა. ჩემთვის კი, ფოტოგრაფია, პირველ ყოვლისა, ინტელექტულური პრაქტიკაა.

შენი, როგორც შემოქმედის, ინსპირაციის წყარო?

მხატვრული ლიტერატურა და კონკრეტული ავტორები ჩემზე ძალიან მოქმედებენ, მათგან ბევრს ვსწავლობ და ვიღებ. სხვადასხვა ფორმით, ჩემს სერიებში მათი ტექსტები ხშირად ხვდება.

რომ არა ფოტო და რომ არა კადრი, ვინ იქნებოდა ვახო ხეთაგური? რა პროფესიისა და საქმიანობის მიმდევარი?

ალბათ, ჩემი ზედმეტი ცნობისმოყვარეობის გამო, პროფესიონალი ”სხვის საქმეში ცხვირის ჩამყოფი” გამოვიდოდი, დიდი სიამოვნებით :)) ამჟამად, ობიექტივის ჩაყოფა მიწევს ხოლმე, ძირითადად. 🙂

უხმო ადამიანების ამბებს ყვები ხშირად შენი ფოტოებით. შენ ხარ მათი ხმა. თავად თუ ახერხებ ყველაფრის თქმას, რისი თქმაც გინდა ? არის კი რამე ისეთი, რაც უთქმელი დაგრჩა?

ხო, რა თქმა უნდა, ყველაფერს ვერ ამბობ. არ არსებობს ისეთი საშუალება, რომელიც სრულყოფილად გადმოსცემდა, მაგალითად, გძნობებს. თუმცა, ადამიანებმა ათასი რამ მოვიგონეთ, რომ, მეტ – ნაკლებად, გამოგვეხატა რაღაცები და, ხანდახან, ეს მართლაც გამოგვდის.

ამჟამად თუ მუშაობ რამე ახალ პროექტზე, ან პერსონალურ გამოფენას თუ გეგმავ?

კი, ამჟამად ფოტო – წიგნებზე ვმუშაობ. ჩემთვის, გამოხატვის ეს ფორმა, ძალიან საინტერესოა. პერსონალურ გამოფენას ვგეგმავ, თუმცა, იმის გამო, რომ ჩვენს ქვეყანაში ნორმალური საგამოფენო დარბაზების ნაკლებობაა, არ ვიცი, ეს რამდენად გამომივა.

სამომავლოდ, რა გეგმები გაქვს?

სამომავლოდ, მოგზაურობისთვის ვემზადები.. დიდი მოგზაურობისთვის:)

ანა ურუშაძე

სოფლის მეურნეობის განვითარებას რა უნდა ?!

  ერთი ქართული მულტიპლიკაციური ფილმის თანახმად, სოფლის შენებას მხოლოდ კარგად სიმღერის თქმა უნდა… სოფელი, პირველი და მეორე ხმის შენაცვლებით, თავისით აშენდება, ხოლო გლეხი, აკორდის ქვედა ბგერების შეწყობით, სარჩო-საბადებელს თავისით იშოვის. თუმცა, ის რეალობა, რომელშიც დღეს დუშეთის მოსახლეობას უწვეს ცხოვრება, ვერ გიქმნის სიმღერის განწყობას.

საქართველოში სოფლის მეურნეობის განვითარება და მასთან დაკავშირებული პრობლემები თითქმის ყველა მთავრობისთვის მნიშვნელოვან დისკურს წარმოადგენდა. განსაკუთრებული აქტუალობა კი 2015 წლის 31 ივლისს შეიძინა, როცა მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ კანონპროექტი დამტკიცდა. ხსენებული კანონის ერთ-ერთ მთავარ მიზანს სწორედ მთიან რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობისთვის სოციალური შეღავათების დაწესება, ინფრასტრუქტურის განვითარება და საარსებო პირობების გაუმჯობესება წარმოადგენს, რაც, სამომავლოდ, ხელს შეუწყობს მიგრირებული მოსახლეობის მთაში დაბრუნებას. შეიძლება ითქვას, რომ კანონპროექტი მოსწრებული ნაბიჯი აღმოჩნდა, რადგან, საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის 2015 წლის 1 იანვრის მდგომარეობით, მოსახლეობის 57.4% ქალაქად ცხოვრობს, ხოლო სოფლად – 42.6%.

აღსანიშნავია, რომ ყველაზე მეტი ნასოფლარი სწორედ მცხეთა-მთიანეთის მუნიციპალიტეტშია; აქედან დუშეთში 40 უკვე „ყოფილი“ სოფელია. მიგრაცია სხვადასხვა მიზეზის გამო ხდებოდა, თუმცა, ბოლო პერიოდში განვითარებულმა ეკონომიკურმა კრიზისმა და საარსებო პირობების გაუარესებამ ადგილობრივ მოსახლეს სხვა გზა არ დაუტოვა… მიატოვა მთა და ბარში დაიწყო სარჩო-საბადებელის ძიება.

დუშეთში განხორციელებული პროექტები
დუშეთის მუნიციპალიტეტში სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთს 1390 კვ.კმ უკავია. წამყვან დარგს, ოდითგნავე, სოფლის მეურნეობა წარმოადგენდა. გეოგრაფიულ-კლიმატური პირობებიდან გამომდინარე, ქალაქ დუშეთში სწორედ მესაქონლეობაა ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული მეურნეობა. თუმცა, „მცხეთა-მთიანეთის განვითარების სტრატეგია 2014-2021 წლებისთვის“-ში ვკითხულობთ, რომ: „საქონელი დაბალპროდუქტიულია. ამის ძირითადი მიზეზებია სანაშენე ფერმების არარსებობა, საკვები ბაზის არასათანადო დონე და ჩვენი მოსახლეობის დაბალი მატერიალური შესაძლებლობა. საჭიროა მაღალრენტაბელური, მათ შორის, ალპურ პირობებთან შეგუებული ჯიშების შემოყვანა-გამრავლება“.

აღსანიშნავია, რომ, ამ მხრივ, მუნიციპალიტეტში მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა. 2015 წელს, ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს(USAID) ხელშეწყობით, ქალაქ დუშეთში მცხეთა-მთიანეთის რეგიონული მეცხოველეობის ხელოვნური განაყოფიერების ცენტრი გაიხსნა. სწორედ აქ დანერგილი ხელოვნური განაყოფიერების ტექნოლოგიების გამოყენებით ფერმერს საშუალება მიეცა, შეარჩიოს პირუტყვის სქესი და ჯიში.

სპეციალისტების თქმით, დანერგილი ტექნოლოგიები მსხვილფეხა საქონელს უფრო პროდუქტიულს ხდის. „მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის გასანაყოფიერებლად ჩვენ ვიყენებთ ჯერსის ჯიშს. ეს გადაწყვეტილება ჩვენ და შესაბამისმა სამსახურებმმა ერთობლივად მივიღეთ. ამაზე ყურადღება შევაჩერეთ იმიტომ, რომ მეტი ცხიმიანობა აქვს და უფრო მეტად გამძლეა. ჩვეულებრივ ძროხას თუ აქვს 3.5% ცხიმიანობა, ამას – 7.5%-მდე აქვს“ – ამბობს პროექტის კოორდინატორი, გია ლაგაზაშვილი.

მიუხედავად იმისა, რომ ეს პროექტი წელიწადზე მეტია, რაც დაინერგა ქალაქში, დუშეთის მოსახლეობის გარკვეულმა ნაწილი, რომელსაც მსხვილფეხა საქონელი ჰყავს, არ იცნობს ამ სიახლეს. გია ლაგაზაშვილის თქმით, მას შემდეგ, რაც ოფისის ადგილმდებარეობა შეიცვალეს, მომართვიანობაც გაიზარდა. „დღე არ გავა, რომ მოქალაქემ არ დარეკოს. აქტიურობენ და ინტერესსაც გამოხატავენ, რადგან უკვე შედეგები გვაქვს. ამ საქმეში მუნიციპალიტეტის გამგებელი, ვაჟა ჩოხელიც ძალიან მეხმარება. ახალი ტენდერი იგეგმება, რისთვისაც 5 000 ლარამდეა თანხა გამოყოფილი. ამის შემდეგ, გლეხი მომსახურებაში გადაიხდის მხოლოდ ათ ლარს, მუნიციპალიტეტი კი ჩაურიცხავს 40 ლარს. ქვითრის წარდგენის შემდეგ, ჩვენ გავალთ ადგილზე და საქონელს ხელოვნური განაყოფიერებას ჩაუტარდებთ“ ამბობს გია ლაგაზაშვილი.

საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სოფლის მეურნეობის განვითარების სტრატეგიის ნაწილს ( 2015-2020 წლებში ) წარმოადგენს „ცხოველთა ჯნმრთელობის დაცვა და იდენტიფიკაცია-რეგისტრაცია.“ ევროკავშირთან სავაჭრო ხელშეკრულება ითვალისწინებს, რომ მსგავსი სისტემა უნდა მოქმედებდეს არაწევრ ქვეყანაშიც, რომელსაც სურვილი აქვს, ივაჭროს ევროკავშირთან ცხოველური წარმოშობის პროდუქციით. ეს მოთხოვნა საქართველოზეც ვრცელდება, როგორც ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების ხელმომწერთან (DCFTA). საბოლოოდ, ამ პროექტის მთავარი მიზანი ცხოველთა დაავადებების მონიტორინგია. თავისთავად, ეს, პირველ ყოვლისა, მომხმარებლისა და, ზოგადად, მოსახლეობის ჯანმრთელობის დასაცავად წინ გადადგმული ნაბიჯია, თუმცა, მოთხოვნების დაკმაყოფილება როგორც ინფორმირებულ მესაქონლეს, ისე ტექნიკურ ბაზას მოითხოვს.

ამ მხრივ, დუშეთი წინ მიიწევს. სოფლის მეურნეობის სამინისტორს ლაბორატორია 2015 წელს, ა.შ.შ – ის თავდაცვის საფრთხის შეცირების სააგენტოს (DTRA) მხარდაჭერით გაიხსნა. ლაბორატორიის ბაზაზე ცხოველთა განსაკუთრებით საშიში ინფექციური დაავადებების დიაგნოსტიკა ხდება, რაც ხელს უწყობს როგორც საქონელში დაავადების სწრაფ იდენტიფიცირებას, ასევე – დაავადებების პრევენციას. ლაბორატორიით სარგებლობა შეუძლია ნებისმიერ პირს, რომელსაც მსხვილფეხა პირუტყვი ჰყავს. ინდივიდუალური მომსახურება, რომელიც სისხლის ანალიზს მოიცავს, 3.50 თეთრი ჯდება, რაც გლეხისთვის სავსებით მისაღები ფასი უნდა იყოს. ლაბორატორიის უფროსის, გიორგი ჩქარეულის თქმით, სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორია მუშაობს ორ დაავადებაზე (საქონელში) – ესენია ბრუცელოზი (დაავადება, რომელიც ცხოველიდან ადამიანზე გადადის) და ჯილეხი (ციმბირის წყლული). დიაგნოზის დასმა შესაძლებელია როგორც რძის, ასევე – სისხლის ნიმუშითაც.

აღსანიშნავია, რომ სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორია კოორდინირებულად მუშაობს სურსათის ეროვნული სამინისტროს რეგიონულ სამმართველოსთან, რაც პოზიტიურად აისახება მესაქონლეობის დარგის განვითარებაზე. „ჩვენთან შემოდის ნიმუშები, რის შემდეგაც ვსვავთ დიაგნოზს. იმ შემთხვევაში, თუ აღმოვაჩინეთ დაავადება, ვაცნობებთ სურსათის ეროვნულ სააგენტოს, რის შემდეგაც ისინი რეაგირებას მოახდენენ“ – ამბობს გიორგი ჩქარეული.

სურსათის ეროვნული სააგენტოს მცხეთა-მთიანეთის რეგიონური სამმართველოს ინსპექტორი, ნოდარ წიკლაური, ჩვენთან საუბრისას აღნიშნავს, რომ სახელმწიფო პროგრამა „ცხოველთა ჯანმრთელობის დაცვისა და იდენტიფიკაცია-რეგისტრაციის“ ფარგლებში, 2015 წელს, ბრუცელოზზე 5311 სისხლის სინჯი აიღეს, რომლის ხარჯებიც სახელმწიფომ დაფარა. „დღეისათვის, ჩვენ შემდეგ დაავადებებზე ვმუშაობთ: თურქული, ჯილეხი, ცოფი და ბრუცელოზის ვაქცინაცია. ეს არის სახელმწიფო პროგრამა, რომელიც ვაქცინას, ვეტერინარის მომსახურებას და ეკიპირებას სრულად ანაზღაურებს” – ამბობს ნოდარ წიკლაური.

სოფლის მეურნეობის განვითარების პრობლემები
განხორციელებული თუ დაგეგმილი პროექტები, რომელიც მიზნად ისახავს სოფლად სიღარიბის დაძლევას და, ამავდროულად, გლეხს ხელს შეუწყობს, საკუთარ მიწა-წყალზე დააგროვოს დოვლათი, ეს, თავისთავად, მისასალმებელია. თუმცა, არსებობს მთელი რიგი პრობლემები, რომლებიც ამ დარგის განვითარების პროცესს აფერხებს. ამ პრობლემებზე საუბრობს დუშეთის ფერმერთა კლუბის წევრი, ბელა წვერაძე: „ქმარი მეფუტკრე იყო, თუმცა, მისი გარდცვალების შემდეგ, ეს სკები მე დამრჩა მოსავლელად. გადავწყვიტე, ამ საქმისთვის უფრო ორგანიზებული ხასიათი მიმეცა. თუმცა, ეს ვერ მოვახერხე, რადგან არ ვიცოდი არასამთავრობო ორგანიზაციების მუშაობის პრინციპი. თბილისმა ეს კი კარგად აითვისა, თუმცა ადგილობრივებმა ეს პროცედურები არ იციან: პროექტების დაწერა, დონორების მოძიება.. თავიდან ისე იყო, რომ ეს ორგანიზაციები სახელმწიფო სტრუქტურები ეგონათ“.

იმისთვის, რომ პრობლემის სრული სურათი დავინახოთ, ქალბატონი ბელას მაგალითიც საკმარისია. უკანაფშავი, სადაც მისი სკებია განთავსებული, მდებარეობს დუშეთიდან 75 კილომეტრში. ზოგადად, დიდთოვლობა საქართველოს თითქმის არცერთ რეგიონში არ უხარიათ, თუმცა აქაურებისთვის ეს მოვლენა განსაკუთრებული წინააღმდეგობის მომტანია. ქალბატონი ბელა, მსგავსად მისი სოფლის ოთხადოთხი მკვიდრისა, დაზამთრებამდე დუშეთში ჩამოდის, რადგან სოფელი, ცუდი ინფრასტრუქტურული პირობების გამო, გარე სამყაროს წყდება. დიახ, დიდთოვლობის პერიოდში (რომელიც ყოველ წელს სტუმრობს მთიანეთის სოფლებს), ეს ადგილი უკაცრიელი ხდება. იქ არ არსებობს კავშირგაბმულობის სისტემა, შესაბამისად, რომ გაგიჭირდეს, ცივილურ სამყაროსთან კავშირზე ვერ გამოხვალ. თუმცა, ეს მონოლოგი კიდევ უფრო შორს წაგიყვანს…

„დედაქალაქი მოწყდა სოფელს, სოფელი წავიდა დედაქალაქში და იქ დაიწყო შემოსავლის ძიება. აქ ვინც დარჩა, როგორც გითხარით, არ ფლობს ინფორმაციას ახალი პროექტების შესახებ. წევრიანდებიან ასეთ ორგანიზაციებში იმიტომ, რომ ფული სჭირდებათ – თანადაფინანსება. ასე გვესმის ჩვენ ადგილობრივებს, სოფლებში მაცხოვრებლებს“ – აღნიშნავს ქალბატონო ბელა. თავად ფერმერთა კლუბი, რომლის წევრი და ხელმძღვანელის მოადგილეც ის თავადაა, დახმარებას უწევს სოფლად მცხოვრებ ადამიანებს, რომლებსაც ფერმერებად სურთ ჩამოყალიბება. თუმცა, დაფინანსების არქონის გამო, ამ ეტაპზე, ოფისის დაქირავებას ვერ ახერხებენ. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხი, რომელზეც ის საუბრობს, არის ფულის არამიზნობრივი ხარჯვა. „ფული კი იხარჯება, მაგრამ შედეგი არ ჩანს. პლუს ამას, ინფრასტრუქტურის არქონა ბევრად ართულებს საქმეს. ახლაც ქვის ხანის დროინდელი მუშაობა მიდის სოფლებში, ისევ ხელით გვიწევს მუშაობა. მაგალითად, ფშავში ჯერ კიდევ კარგად გამოიყენება გუთანი. ფინანსური დხმარება კი მხოლოდ ტრენინგების ჩატარებით შემოიფარგლება, რაც ამ პრობლემებს ვერ მოაგვარებს“.

„მცხეთა-მთიანეთის რეგიონის განვითარების სტრატეგია 2014-2021 წლებისთვის“-ში ვკითხულობთ, რომ რეგიონის ერთ-ერთ სუსტ მხარეს „ფერმერების ნაკლები ინფორმირებულობა ტექნოლოგიებისა და ბაზრების შესახებ და კვალიფიციური კადრების სიმცირე“ წარმოადგენს. შესაბამისად, ამ მხრივ, კიდევ ბევრი ნაბიჯია გადასადგმელი. თუმცა, ადგილობრივი მოსახლეობის მხრიდან მზარდი ინტერესი სოფლის მეურნეობის საკითხებისადმი, უკვე დადებითი ნიშანია.

ვიკა შაუთიძე

„Hippie-ს“ მიზანი ადამიანების გაბედნიერება გახლავთ”

დემეტრე მარხვაიძე და ლალი თვალიაშვილი – ამ ორმა სახელმა და ამ ორმა გვარმა შექმნა სამყარო სახელად “Hippie”. ეს არის ბედნიერებისა და სიხარულის სამყარო, რომლის თითოეული დეტალი თავისთავად იწვევს ღიმილს. ფერადი და ჯადოსნური ნივთების შექმნა დემეტრემ და ლალიმ ერთი წლისა და ხუთი თვის წინ დაიწყეს.

როგორ გაჩნდა იდეა, რომ ხელნაკეთი ნივთები დაგემზადებინათ?

ყოველთვის გვაინტერესებდა სხვადასხვა სტილის ხელნაკეთი ნივთები. ამავდროულად, გვინდოდა, ჩვენითაც შეგვექმნა რაიმე განსხვავებული და შეგვეთავაზებინა ხალხისთვის. თავიდან, შევქმენით ფეისბუქ გვერდი “Hippie”, დავიწყეთ პატარა მინის კულონების დამზადება. შემდეგ გავზარდეთ პროდუქციის სახეობების რიცხვი და მომხმარებელს უფრო მრავალფეროვანი ნივთები შევთავაზეთ.

ძირითადად, რა სახის ნივთებს აკეთებთ?

“Hippie-ს“ პროდუქცია საკმაოდ მრავალფეროვანია. გვაქვს ყველა სტილის სამკაული, ჩანთები, დღიურები, საფულეები და სახლის დეკორაციები. ძირითადად, ნივთების დამზადება მომხმარებლის მოთხოვნის შესაბამისად გვიწევს. შეკვეთებს ვიღებთ. ჩვენი საქმიანობის წარმატების ერთ-ერთ მიზეზად შეიძლება მივიჩნიოთ ის, რომ ჩვენ შეგვიძლია შევქმნათ კონკრეტული ნივთი მომხმარებლის დიზაინისა და სურვილის მიხედვით.

რა ძირითადი მიზანი აქვს თქვენს საქმიანობას?

ჩვენი ძირითადი მიზანია მუქი და ნაცრისფერი ქუჩების გამოცოცხლება, გაფერადება. ვინაიდან ჩვენი ნივთები არის ფერადი და, ხშირ შემთხვევაში, სახალისო წარწერებით გაფორმებული, ადამიანებს ეხმარება ყოველდღიურად პოზიტიური განწყობის შექმნაში. აგრეთვე, გაყიდული ნივთებიდან შემოსული თანხის ნაწილით ვეხმარებით მიუსაფარ ცხოველებს.

ვინ არის თქვენი პროდუქციის ძირითადი მომხმარებელი?

ძირითადად, ჩვენს ნივთებს სკოლის მოსწავლეები და სტუდენტები ყიდულობენ. თუმცა, ხშირად გვყავს უფროსი ასაკის მომხმარებლებიც.
თქვენი შეფასებით, რატომ უნდა დაინტერესდეს მყიდველი თქვენი პროდუქციით?
“Hippie-ს“ ნივთები არის განსხვავებული, ფერადი, პოზიტიური და ყველასთვის ხელმისაწვდომი. ასევე, მათ შეუძლიათ შექმნან ნივთი, რომლის მსგავსიც მეორე არ დამზადდება და მხოლოდ მათი იქნება.


პროდუქციის წარმოებისას, რას აქცევთ ყურადღებას?

თითოეული ნივთი ჩვენთვის განსაკუთრებულია. დამზადების დროს დიდ ყურადღებას ვაქცევთ ხარისხს, სიზუსტესა და ვიზუალურ მხარეს. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, ნივთი გამოვიდეს ზუსტად ისეთი, როგორიც ჩაფიქრებული გვაქვს.

როგორ ფიქრობთ, გაამართლა თქვენმა იდეამ?

ვფიქრობთ, რომ ჩვენმა იდეამ გაამართლა და დასახულს მიზანს ნელ-ნელა ვუახლოვდებით. ქუჩაში ხშირად ვხვდებით მოღიმარე ადამიანებს, რომლებიც ჩვენს ნივთებს ატარებენ. „Hippie-ს“ მიზანიც სწორედ ადამიანების გაბედნიერება გახლავთ.

საქართველოში თქვენს კონკურენტად თუ მიიჩნევთ ვინმეს?
საქართველოში სხვადასხვა სახის ხელნაკეთ ნივთს უამრავი ადამიანი ამზადებს. ვფიქრობთ, რომ „Hippie-ს“ ნივთები სხვებისგან განსხვავებული და ინდივიდუალურია, ამიტომ სხვა მწარმოებლებს შესაძლო პარტნიორებად უფრო აღვიქვამთ, ვიდრე – კონკურენტებად.

მომავალში, რა გეგმები გაქვთ თქვენს საქმიანობასთან დაკავშირებით?

მომავალში ვაპირებთ ჩვენი საქმიანობის გაფართოებას, ახალი პროდუქციის დამატებას, საზღვარგვარეთ გატანასა და საქართველოს დიდ ქალაქებში ფილიალების გახსნას.

მარიამ ტიელიძე

“ჩვენი მოვალეობა ხალხის სამსახურია” – პრიორიტეტები და რეალობა გარდაბანში

  გარდაბნის მუნიციპალიტეტი საქართველოსთვის ერთ-ერთი მნიშნველოვანი და საინტერესო რეგიონია. მისი ეს თვისებები სასოფლო-სამეურნეო, სოციალური და კულტურული მახასიათებლებითაა განპირობებული. რეგიონის ისტორიული, კულტურული, ტერიტორიული და სხვა სახის რესურსი მისი განვითარებისა და მრავალფეროვნების რეალურ პერსპექტივებს ჰქმნის. საინტერესოა, გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილის, ირაკლი ჭელიძის თვალით დანახული რეგიონი. გთავაზობთ ინტერვიუს.

ძირითადად, რა სახის სოციალური პროგრამებით სარგებლობენ გარდაბნის მუნიციპალიტეტის მოქალაქეები?

გარდაბნის მუნიციპალიტეტის 2017 წლის სოციალური პროგრამა მოიცავს 12 კატეგორიას, მათ შორისაა – ავადმყოფთა სოციალური დაცვა, შშმ პირთა დახმარება, უსახლკაროდ დარჩენილთა და დაზარალებულთა დახმარება და სხვ. მოქალაქეებს, ასევე, შეუძლიათ, მოგვმართონ ერთჯერადი მატერიალური დახმარების თხოვნით.

სოციალური პროგრამის შესახებ დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ჩვენს ოფიციალურ ვებ. გვერდზე www.gardabani.gov.ge. მინდა კიდევ ერთხელ აღვნიშნო, რომ ჩვენი მოვალეობა ხალხის სამსახურია და სწორედ ჩვენი მოსახლეობის მოთხოვნებისა და საჭიროების მიხედვით გვაქვს ბიუჯეტი გაწერილი.

სამუშაო ადგილებთან დაკავშირებით გარდაბანში როგორი მდგომარეობაა?

უმუშევრობა, სამწუხაროდ, ჩვენი ქვეყნის პრობლემაა, რასაც, ლოკალურად, რა თქმა უნდა, ვერ გავუმკლავდებით. გარდაბნის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის უმრავლესობა თვითდასაქმებულია და სოფლის მეურნეობასა და მიწათმოქმედებას მისდევს. ამას გარდა, ხალხი საჯარო და კერძო სექტორშია დასაქმებული. ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ, შევქმნათ სამუშაო ადგილები და დავეხმაროთ ჩვენს მოქალაქეებს დასაქმებაში. ასევე, დაინტერესებულ პირებს ვშუამდგომლობთ ამა თუ იმ კერძო კომპანიებთან.

გარდაბნის მუნიციპალიტეტი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სასოფლო-სამეურნეო რეგიონია. რომელი ძირითადი საწარმოებია აქ და როგორ მუშაობს ისინი?

გარდაბანი მართლაც რომ მნიშვნელოვანი რეგიონია სასოფლო-სამეურნეო თვალსაზრისით. ჩვენს მუნიციპალიტეტში მრავალი საწარმოა, მათ შორისაა – თბოელექტროსადგური, “ჰენკელის” საწარმო, “პლანტას” სასათბურე მეურნეობა, “ჩირინას” მეფრინველეობის ქარხანა და მრავალი სხვა. საწარმოებში, ძირითადად, ადგილობრივები არიან დასაქმებულები, რაც, თავისთავად, დადებითად აისახება ჩვენი მოსახლეობის ეკონომიკურ მდგომარეობასა და რეგიონის განვითარებაზე.

მოწესრიგებულია თუ არა მოსახლეობისთვის კომუნალური პირობები?

უნდა აღინოშნოს, რომ მოსახლეობისთვის კომუნალური პირობების მოწესრიგება ჩვენი ერთ-ერთი პრიორიტეტია. აქტიურად მიმდინარეობს გარდაბნის მუნიციპალიტეტის გაზიფიცირების პროცესი. ამ ეტაპზე, დასრულდა ცხრა სოფლის გაზიფიცირება. უახლოეს მომავალში, სოფელ ფოლადაანთკარში დავიწყებთ სამშენებლო სამუშაოებს. მუნიციპალიტეტის პრობლემაა სასმელი წყალიც. თუმცა, 2017 წელს ჩვენ უპრეცენდენტო 22 მილიონიანი პროექტის გახორციელებას ვგეგმავთ, რომლის დასრულების შემდეგაც მუნიციპალიტეტის ხუთ დიდ სოფელს სასმელი წყლის პრობლემა მოუგვარდება.

რა კულტურული პროექტებია აქ?

გარდაბანი ეთნიკური უმცირესობებით დასახლებული რეგიონია. ყოველწლიურად, ვზეიმობთ “ნოვრუზ ბაირამს”, ” ხაბ-ნისანს”. იმართება სააღდგომო ღონისძიებები. ასევე, აღვნიშნეთ “გარდაბნობა 2016”. გვაქვს ახალგაზრდებისთვის ძალიან საინტერესო პროექტი “შემოიარე საქართველო”, რომლის ფარგლებშიც, გარდაბანში მცხოვრებს ახალგაზრდებს, შესაძლებლობა აქვთ, ესტუმრნონ საქართველოს სხვადასხვა კუთხეს. ჩვენთან ჩამოსულ ტურისტებს შესაძლებლობა აქვთ, ესტუმრონ ნორიოს ღვთაების მონასტერს, შავნაბადას მამათა მონასტერს.

რამდენად გამართულია გარდაბნის ინფრასტრუქტურა?

ინფრასტრუქტურული განვითარება ჩვენი პრიორიტეტია. აქტიურად ვმუშაობთ ქალაქისა და ტერიტორიული ერთეულების საგზაო ინფრასტრუქტურის კეთილმოწყობაზე. გასულ წელს, მხოლოდ ქალაქ გარდაბანში, 63 820 კვადრატული მეტრი ასფალტის საფარი დაიგო. კეთილმოვაწყეთ კორპუსების ეზოები, გაკეთდა ექვსი საბავშვო მოედანი, რეაბლილიტირდა და აშენდა ახალი სტადიონები. ნორიოსა და სართიჭალაში მიმდინარეობს ძიუდოს დარბაზების მშენებლობა. ავაშენეთ და გავარემონტეთ ბაღები. 2017 წელსაც დიდი გეგმები გვაქვს, თანხები მთლიანად იქნება მიმართული ინფრასტრუქტურის კეთილმოწყობისთვის. მიმდინარე პროექტების შესახებ ინფორმაცია ეტაპობრივად განთავსდება ჩვენს ვებ.გევრდზე.

როგორია მოსახლეობისთვის ჯანდაცვასთან დაკავშირებული პირობები?

სახელმწიფო პროგრამებთან ერთად მოქმედებს მუნიციპალური პროგრამები, რათა მოვიცვათ მოსახლეობის სხვადასხვა ფენა.

რამდენია ბიუჯეტი და რა პრიორიტეტი იკვეთება ბიუჯეტის ხარჯვასთან დაკავშირებით?

აღსანიშნავია, რომ 2017 წელს, გარდაბნის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი 31 მილიონ ლარს შეადგენს. პრიორიტეტად განსაზღვრული გვაქვს მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურული განვითარება, მოსახლეობის სოციალური დაცვა, სპორტისა და ახალგაზრდობის ხელშეწყობა და განათლება.

მარიამ ტიელიძე

„სიყვარული გადამდებია „- ანუ რითმად დაღვრილი მთიულის ამბავი

  შორეულ და ბნელ 90 – იანებში, დედოფლისწყაროს რაიონ სოფელ გამარჯვებაში დაიბადა, წარმოშობით ხევრურია, სულითაც.

მხოლოდ მთებშია თავისუფლებაო და ამ რწმენით სწამს და კიდევ სხვა ბევრი რწმენით, რომ თავისუფლება, უფრო მეტად, სულშია.
ახალგაზრდა პოეტის ამბავი მარტივად დაიწყო. წერის სიყვარულითა და ორი მუჭა გრძნობით, რომ თქმა ყოველთვის სჯობს არათქმას.

ბევრს გაუგია ახალგაზრდა შემოქმედის, თორნიკე ნაროზაულის სახელი.
ხშირად იმართება მისი შემოქმედებითი საღამოებიც.

თორნიკე თბილისის სახელწმიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტზე სწავლობს, თუმცა, უფრო ხშირად, თავს ეროვნული სამოსით იწონებს და დაუსრულებლად წერს, ყველას არიგებს და ამბობს მთავარს, რომ სიყვარული გადამდებია. მოუწოდებს კიდეც თანამემამულეებს, გადასდონ ერთმანეთს სიყვარული.
თონრიკე გვესაუბრება თავის ბავშვობაზე, წერისადმი სიყვარულსა და სამომავლო გეგმებზეც.

როგორი ბავშვობა გქონდა? მოგვიყევი ბავშვ თორნიკეზე.

ჩემი ცხოვრების ყველაზე ნათელი პერიოდი ბავშვობა იყო. მიუხედავად იმ ბნელი წლებისა. ვფიქრობ, ცუდი ბავშვი არ უნდა ვყოფილიყავი. მეტიც, შეიძლება კარგი ბავშვიც კი ვიყავი. ბევრ რამეს ჩემს თანატოლებზე მეტად ვიაზრებდი და ვაანალიზებდი ბავშვობაშივე, ბევრი რამე კი სრულიად უცხო იყო ჩემთვის, რითაც ისინი ერთობოდნენ. ერთი სიტყვით არც მთლად სტანდარტული ბავშვი ვიყავი და არც განსაკუთრებით გამორჩეული.

უნივერსიტეტის დასრულების შემდეგ, რას საქმიანობ?

უნივერსიტეტი ჯერ არ დამიმთავრებია. ამჟამად, აკადემიური მაქვს აღებული, თუ არ ვცდები მესამე წელია და ვმუშაობ ეთნოგრაფიული მუზეუმში. ეს არის სამსახური, სადაც ხელფასის გამო არ ვარ.

რას ნიშნავს წერა შენთვის? როდიდან დაიწყე წერა და რატომ? უკავშირდება თუ არა ეს რაიმე კონკრეტულ მიზეზს ან შემთხვევას?

ჩვენ ვსაუბრობთ პოეზიაზე და ყოველთვის ვგულისხმობთ ჰაერს. შესაბამისად, “წერა” ჩემთვის სუნთქვას ჰგავს. რომ არ ვწერო – ვერ ვისუნთქებ. მეტი არაფერი. ბავშვობიდან ვჯღაბნიდი, თუმცა არ მახსენდება, რაიმე კონკრეტული მიზეზის გამო დამეწყო ეს ჯღაბვნა.

ერთერთ ინტერვიუში თქვი, რომ სამომავლო გეგმებს არ აწყობ, დღევანდელი დღით ცხოვრობ და ფილოლოგიურზეც სწავლა შენთვის უბრალოდ განათლების მიღების საშუალებააა.
რას იტყვი ამაზე და რატომ ფიქრობ ასე?

ვფიქრობ, მე მხოლოდ ის წამი მეკუთვნის, რომელშიც ვარსებობ.მომავალი არ არსებობს და ხშირად წარსულის არსებობაც საეჭვო ხდება.შესაბამისად, მირჩევნია, ყოველთვის მზად ვიყო სიკვდილისთვის და მაქსიმალური გავაკეთო იმ მომენტში, რომელშიც ვცხოვრობ. ხშირად, ეს იდეის დონეზე რჩება, მაგრამ, ვცდილობ, ვისწვალო “წამის დაჭერა”…

რაც შეეხება არჩეულ პროფესიასა და უნივერსიტეტს… ცოტა რთული გასაგებია თანამედროვე ადამიანებისთვის, როგორ შეიძლება ისწავლო მხოლოდ განათლებისთვის და არა “დიპლომისთვის”, ან კარიერული წინსვლისთვის. ისე, ეს კარგად მეც არ მესმის, მაგრამ ასეა, ვსწვალობ განათლებისთვის, რადგან არ ვიცი, ხვალ ვიქნები თუ არა. შესაბამისად, სისულელე იქნება ჩემი მხრიდან იმაზე საუბარი, რაში გამოვიყენებ მიღებულ განათლებას.
თუმცა, არ ვიცი, რა იქნება მომავალში და იმედი მაქვს, რაც იქნება, ჩემი ღმერთის ნებით იქნება და არა ჩემი ნებით.

ზოგადად, ყველა შემოქმედს ჰყავს აღირეული, ან ვერ-არ აღიარებული მუზა? შენ შემთხვევაში ვინაა ის ?

მუზა რა არის, ნორმალურად, ისიც არ ვიცი.წერაში შთაგონება მეხმარება და როგორ შეიძლება, ის მხოლოდ ერთი წყაროსგან მოდიოდეს. თუ სატრფიალო პოეზიას ვგულისხმობთ, მაშინ ეს შთაგონების წყარო ჩემი საცოლეა.

შენი პოეზიის თემატიკაში, ძირითადად, იგრძნობა პატრიოტული მოტივები. რა განაპირობებს ამას და როგორ ფიქრობ, თანამედროვე პოეზიაში რამენად დიდი ადგილი უკავია, ზოგადად, ამ თემატიკას?

არ ვიცი, რა არის პატრიოტიზმი. მე ჩემს სახლზე ვწერ და ადამიანებზე, რომლებიც მასში ცხოვრობენ. ვწერ იმაზე, რასაც შიგნით ვეღარ ვიტევ.
თანამედროვე პოეზიაში დიდი ქაოსია და ისიც არ ვიცი, თვითონ პოეზიას რამდენად დიდი ადგილი უკავია მასში, არათუ პატრიოტიზმს.

რომ არა ლექსი და რითმა, სად და როგორ შეძლებდი შენი თავის გამოხატვას?

ალბათ, კარგი მქადაგებელი გამოვიდოდი ან აქტივისტი )))

შენი აზრით, ვინ იყავი წინა ცხოვრებაში?

ჩემი აზრით, წინა ცხოვრება არ ყოფილა და არც სანტა კლაუსი არსებობს (თურმე).

რისი გეშინია ყველაზე მეტად?

საკუთარი თავის. დანარჩენი არაფერია ამ ქვეყნად საშიში.
რაც შეეხება ფობიებს – სიმაღლეს ვერ ვიტან. თუმცა რატომღაც, როდესაც წვიმს, მიქრება ეს შიში. მთაში ყოფნისასაც.

რომ არა საქართველო, სად დაიბადებოდი?

სადმე წვიმიან და ნისლიან ადგილას, მიყრუებულ სოფელში.

რისი გჯერა ყველაზე მეტად?

შინაგანი რწმენის.

ის, რისი თქმაც სულ გინდოდა, მაგრამ ვერ ამბობდი?

ჩემი მთავარი საქმე იმის თქმაა, რასაც სხვები ვერ ამბობენ.
რა უნდა იყოს ისეთი, რისი თქმაც მინდა და ვერ ვიტყვი?

წიგნი, რომლის ავტორიც იქნებოდი?

ოოო… ასეთი უამრავია…
თუმცა, დიდი სიამოვნებით ვიქნებოდი ფრანსუა ვიიონის დიდი და მცირე ანდერძების ავტორი.
პროზაში, ალბათ, მაინ რიდის რომანებს მივისაკუთრებდი.

ზღაპრის გმირი, რომელსაც, შენი აზრით, ჰგავხარ?
კოკროჭინა მიყვარდა ბავშვობაში, როგორც მახსოვს, მაგრამ აღარ მახსოვს, როგორ იყო ეს ზღაპარი.

და ბოლოს, ერთ სიტყვაში ჩატეული თორნიკე ნაროზაულის დახასიათება?

უჟმური.

ანა ურუშაძე

დემოგრაფიული კრიზისის ზღვარზე

  სოსო გეწაძე ახალგაზრდა მუსიკოსია, რომელმაც. რამდენიმე წელია, დატოვა თბილისი და მშობლიურ ამბროლაურში დაიწყო ცხოვრება. მისი სოფლის, უწერის სკოლაში დღეს 300-400 ბავშვიდან მხოლოდ 25-ია დარჩენილი. სოფელი დაცლის და გაუკაცრიელების ზღვარზე იმყოფება. სოსომ ახალგაზრდების მოსაზიდად მაღალმთიან რაჭაში მუსიკალური სტუდია ჩამოაყალიბა და მათ მუსიკალური განათლების მიღებაში ეხმარება.
ეს ის იშვიათი გამონაკლისია, როდესაც ქალაქის მაცხოვერებeლი მთაში იწყებს ცხოვრებას. უფრო ხშირად კი პირიქით ხდება – ადამიანები ტოვებენ მთას და „ბარად იდებენ ბინას“.

რაჭა, დემოგრაფიული კუთხით, რეალურად, საფრთხის წინაშე დგას. მარტო ონის რაიონში 11 სოფელია, რომელშიც, არც ზაფხულში და არც ზამთარში, არავინ ცხოვრობს. იგივე ბედი ელის იმ სოფლებსაც, სადაც, მხოლოდ, მოხუცები არიან დარჩენილი. ექსპერტების შეფასებით, პროცესების ასე გაგრძელების შემთხვევაში, რაჭა, 15 წელიწადში, აღარ იარსებებს.
დაცარიელებული სოფლების სიმრავლით რაჭას ტოლს არც საქართველოს სხვა მაღალმთიანი რეგიონები უდებს. მათ შორისაა, თუშეთი და ხევსურეთი.

მთა დედამიწის მხოლოდ შემაღლებული ნაწილი არაა. ის, ჯერ კიდევ უძველესი დროიდან, იქცევდა ადამიანის ყურადღებას. პირველი ნასახლარებიც ხომ სწორედ მთაში გაჩნდა. და მიიწევდა ადამიანი მთისკენ..
თუმცა, დღესდღეობით, ჩვენს ქვეყანაში, სხვა მრავალის მსგავსად, ეს პროცესიც გაუკუღმართებულია. პირიქით, ხდება მიგრაციაც და შრომითი ძალების გადანაწილებაც. 1:0 ბარის სასარგებლოდ. მრავალჭირნალხულსა და ოდითგან ჩვენს მყარ ზღუდედ ქცეულ მთას კი მხოლოდ დაცარიელებული სოფლებიღა რჩება უწინდელი დიდების მოსაგონებლად.

2014 წლის მონაცემებით, საქართველოში 164 სოფელი მთლიანად გაუკაცრიელდა, ხოლო 152 სოფელში 10 და 10-ზე ნაკლები კომლი ცხოვრობს. 2015 წლისთვის დაცარიელებული სოფლების რაოდენობამ 200-ს გადააჭარბა. რამდენად საგანგაშოა ეს რიცხვი? თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ სულ საქართველოში 3668 სოფელია, მაშინ 200 ცოტა ნამდვილად არ უნდა იყოს.

მიმდინარე წლის 4 ივნისს საქართველოს მთავრობამ პარლამენტს წარუდგინა განსახილველად მთის კანონპროექტი, რომელიც მიზნად ისახავდა მაღალმთიანი რეგიონებიდან მიგრაციული პროცესების შეჩერებას და იქ ბიზნესის განვითარების ხელშეწყობას. ე.წ მთის კანონის მიხედვით იგეგმებოდა, ასევე, სოციალური დახმარების საკითხის გადახედვაც, ადგილზე დასაქმებული პედაგოგებისა და სამედიცინო პერსონალისათვის სახელფასო დანამატის გაზრდაც. პროექტი დღემდე განიხილება და, მთის სამინისტროსი არ იყოს, ( რომლის არსებობაც დღემდე იდეის დონეზეა) მზის შუქს ელოდება.
ეს კანონპროექტი, თავისი არსითა და პირობებით, მისაღებია 19 წლის შოთი წიკლაურისათვის, რომელიც, წარმოშობით, დუშეთის რაიონის სოფელ ზემო ბახანიდააა. ამჟამად, ეს სოფელი მთლიანად დაცარიელებულია და აქ მოსახლეობა უკვე დიდი ხანია, აღარ ცხოვრობს.

-„ჩემი სოფლიდან მიგრაცია მეოცე საუკუნის დასაწყისში დაიწყო. მთას ძალიან გაუჭირდა, არ იყო საკვები, გზა, სხვა საცხოვრებელი პირობები. და ვაჟა ფშაველამ მოუწოდა ხალხს ბარად გადასახლებისაკენ . ასე აღმოჩნდა გუდამაყრის მოსახლეობის ნაწილი შიდა ქართლსა და ქვემო ქართლში. ჩემი წინაპრები შირაქის ველზე დასახლდნენ. აქ მათ იჯარით გადმოეცათ მიწები დასამუშავებლად. მოსახლეობა სამ სოფელში დასახლდა: ზემო ქედაში, არხილისკალოსა და ქვემო ქედაში. ჩვენი სოფელი ხრიოკი იყო, არაფერი ხარობდა და გასაკვირიც არაა, რომ მოსახლეობამ დატოვა მთა. თუმცა, ჩემი სოფლიდან ყველა არ წამოსულა. ზოგი საცხოვრებლად ზემოდან ქვემო ბახანში გადმოვიდა. ჩემი ბიძაშვილები დღემდე იქ ცხოვრობენ. თუმცა, ეს სოფელიც იცლება, რამდენიმე კომლიღაა დარჩენილი. ზამთრობით განსაკუთრებით იცლება მთის სოფლები. ცივი ზამთარი იცის ჩვენთან. მხოლოდ რამდენიმე მოხუციღა რჩება”.

შოთი უარყოფს ინფორმაციას იმასთან დაკავშირებთ, რომ დაცარიელებულ მთის სოფლებს მეზობელი უცხტომელები იკავებენ.
-„ისინი საძოვრებზე ჩამოდიან ისევე, როგორც ქართველები გადადიან მათ მიწაზე. ეს ყველაფერი შეთანხმებითაა. ახლა ჩვენკენ ძირითადი მეცხვარეები აზერები არიან და ისინი იყენებენ მთის საძოვრებს. მე ცხვირს ძოვებაში საფრთხეს ვერ ვხედავ.“
შოთის ბევრჯერ უფიქრია, თუ რა შეუწყობს ხელს მთაში ადამიანის დაბრუნებას. მისი აზრით, ამ კუთხით, აუცილებელია მთის განვითარება, ტურისტული ზონების მშენებლობა მთაში.

-„არ შეიძლება მთის დაკარგვა. გადავხედოთ ისტორიას, ბარისთვის მთა ყოველთვის იყო იმედი და არ მინდა, ეს იმედი ჩაიფერფლოს!“-აცხადებს 19 წლის მთიელი მთიელისთვის შესაფერისი აქცენტითა და ტონით.
მთის გავითარების და მეტი ხელშეწყობის აუცილებლობაზე ამახვილებს ყურადღებას 26 წლის ჯარჯი ბაშინურძე. იგი, წარმოშობით, თუშეთიდან, სოფელ კოკლათიდანაა. სოფელი, დღესდღეობით, მთლიანად დაცარიელებულია და აქ მხოლოდ ზაფხულობით ადის რამდენიმე ოჯახი. ჯარჯის თქმით, მის სოფელსა და თუშეთში მიგრაციული პროცესები მეოცე საუკუნის დასაწყისში გააქტიურდა, როდესაც მოსახლეობა ბარში არსებულმა პირობებმა დააინტერესა და მიიზიდა.

-„არ იყო ჩვენთან გზა, ინფრასტრუქტურა, კავშირი ცივილიზაციასთან, ის, რაც ყველაზე მეტად სჭირდება ახალგაზრდებს. გზა კეთდება ნელი ტემპით. მსოფლიო ბანკის დაფინანსებული პროექტია. ეს კარგია, სამუშაო ადგილებიც ჩნდება და უგზოობის პრობლემაც მოგვარდება. თუმცა ზამთრობით აქ ცხოვრება მაინც შეუძლებელია. დიდი თოვლი იცის ჩვენთან. ბუნება არ გვაძლევს თითქოს აქ ცხოვრების საშუალებას. თუმცა, მთიელი მთის ერთგულია და სულ მცირე ხელშეწყობაც რომ იყოს, აქაურობას არცერთ შემთხვევაში არ დატოვებს. ტურისტული ზონის გამრავალფეროვნებაა აუცილებელი. ამ კუთხით გეგმები მაქვს, “კარვების ქალაქის“ პროექტის წარდგენას და განხორციელებას ვაპირებ.“

ბუნება რომ მბრძანებელია, ამაში, 90-იანი წლების ბოლოს, მაღალმთიანი აჭარის მოსახლებაც დარწმუნდა. გახშირებულმა ბუნებრივმა კატაკლიზმებმა ათასობით ადამიანი ეკომიგრანტად აქცია და მშობლიურ კერას მოსწყვიტა. შედეგი აქაც სავალალოა. ხულოს რაიონში უმეტესი სოფლები სრულად დაცლილი და გაუკაცრიელებულია. ამაზე მეტყველებს ისიც, რომ ახალ სასწავლო წელს ხულოს ცხრა სკოლა პირველკლასელების გარეშე შეხვდა. სტატისტიკის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, მაღალმთიან აჭარაში, პირველკლასელთა რაოდენობა თითქმის 53% -ითაა შემცირებული.
40 წლის ნანა შაინიძე ეკომიგრატი 90-იანი წლების დასაწყისში გახდა. დღეს იგი ქალაქ ლანჩხუთში ცხოვრობს, ოჯახთან ერთად.
-„წარმოშობით ხულოს რაიონის სოფელ რაფთადან ვარ. ჩვენს სოფელში ხშირი იყო მეწყერი, 4-ჯერ გაგვტაცა მდინარემ ხიდი. არ იყო გზა, გასართობი ახალგაზრდებისთვის და, ბუნებრივია, სოფელიც დაიცალა. გაუკაცრიელდა ჩემი უბანი, რომელსაც “პურის ყანას” ვეძახდით. საფრთხე მეზობელი თურქეთიდან შეფარვითი ფორმებით იჩენს თავს. ჯერ კიდევ ჩემს ბავშვობაში ამბობდნენ, რომ ხიხანის ციხესთან, რომელიც თამარ მეფის დროს აშენდა, თურქები მავთულხლართებიდან ჭრიდნენ ცელით ბალახს. საჭიროა ამაზე ყურადღების მიქცევაც, ახალგაზრდებისთვის გასართობი საშუალებების შექმნა და მთიელებიც თავისი ნებით აღარ დატოვებენ საცხოვრებლებს, რადგან ყველა მთიელი ერთი განუკურნებელი „სენით“ ვართ შეპყრობილნი- მთის სიყვარულით.“

2015 -17 წლების საქართველოს რეგიონული განვითარების პროგრამაში ნათქვამია, რომ შიდა მიგრაციის შესახებ სისტემური მონაცემები არ არსებობს.ეს ცალკე პრობლემაა. საინტერესოა, რატომ არ ხდება ამ სერიოზული პრობლემით დაინტერესება და მისი კვლევა-ძიება -ანალიზი?! ბოლო შეფასების თანახმად, 15 წელს ზემოთ ასაკის საქართველოს მოსახლეობის 66%-მა საცხოვრებელი შეიცვალა ქვეყნიდან გაუსვლელად, აქედან, 11 % ბოლო 5 წელზე მოდის. ეს პროცესი განსაკუთრებით აქტიური 1992-2002 წლებში იყო.
რაც შეეხება ტრანსპორტს, პროგრამაში, ასევე, მითითებულია, რომ ტრანსპორტის ნაკლებობა და ცუდი გზები ხშირი პრობლემაა, განსაკუთრებით – მაღალმთიან რეგიონებში.

ასევე, პროგრამის მონაცემებით ირკვევა, რომ ფიჭური ტელეკომუიკაციების ( მობილური, ინტერნეტი, ტელევიზია) გავრცელების კუთხითაც ხშირი პრობლემები იქმნება მთაში. ამას აჩვენებს ისიც, რომ, თუ სატელეფონო სიმკვრივემ და გავრცელების არეალმა ქალაქ ბათუმში 93,6 % შეადგინა, ზემო სვანეთში და რაჭა ლეჩხუმში მათი რაოდენობა 2, 9 %-ს უტოლდება.
ანგარიშის მიხედვით, მთის რთული ტოპოგრაფია და სპეციფიკური პირობები იწვევს ბუნებრივ კატაკლიზმებს ( მეწყერი, ზვავი, წყალდიდობა), რაც უარყოფითად აისახება მოსახლეობის ჯანმრთელობასა და ინფრასტრუქტურაზე.

გამოიკვეთა ძირითადი მიზეზები-არა წყალი, არა დენი, არა გზა და, შესაბამისად, აღარც ადამიანი!
შიდა მიგრაციის გააქტიურებასა და ამის გამომწვევ მიზეზებზე თსუ-ის პროფესორი, ს აზ .გეოგრაფიის ლექტორი , ბატონი გიორგი კვინიკაძე საუბრობს.

-„ მიგრაცია ერთი ფაქტორით კი არა , ფაქტორთა ერთობლიობითაა განპირობებული. 90-იანების ბოლოს, ჩვენს ქვეყანას, ფაქტობრივად, არ ჰქონდა ეკონომიკა, ამას თან დაერთო მწვავე კონფლიქტი რეგიონში და პროცესებიც გართულდა. ამან ეკონომიკური სტაგნაცია გამოიწვია. ( სტაგნაცია-შეფერხება, შენელება, ეკონომიკაში იგულისხმება ვაჭრობის და წარმოების შეჩერება.) მთასა და ბარში ცხოვრების დონეებს შორის გაჩნდა სხვაობა. რამაც გააქტიურა ურბანიზაცია-მოსახლეობის ქალაქებში გადასახლება. სამუშაო ძალები აღმოსავლეთისა და დასავლეთის ქალაქებში არათანაბრად გადანაწილდა და მთელმა ძალამ თბილისში მოიყარა თავი. ეს კიდევ ცალკე პრობლემაა. დემოგრაფიულად მკვებავ მხარეებში – აჭარასა და სვანეთში ეკონომიკური და ბუნებრივი ძვრები მოხდა. გაჩდნენ ეკომიგრანტები. ცალკე გამოსაყოფია ის საკითხიც, რომ, რეალურად, ჩვენს ქვეყანას გამაგრებული და დაცული საზღვარი არ აქვს. საბჭოთა კავშირში არ მომხდარა ჩვენი საზღვრების დემარკაცია და მას შემდეგ დაუცველია საქართველოს ჩრდილოეთ, აღმოსავლეთ და სამხრეთ საზღვარი. გლობალიზაციის პროცესში არ რჩება ცარიელი ადგილი. ამიტომაც რეალურად მივიჩნევ საფრთხეს, რომ დაცარიელებულ მთის სოფლებს უცხოტომელები დაიკავებენ, თან ამის პრაქტიკა ისტორიაში გვაქვს. „

პრობლემის გადაჭრის გზად ბატონ გიორგის ესახება მთაში გავრცელებული სახეობის- მეცხოველეობის განვითარება, ასევე – მთისთვის ტურისტული ფუქციის სრულად მინიჭება და ათვისება.
„მთის სამინისტროს შექმნას, სჯობს, კარგად გაერკვნენ თავად ტერმინ მთის მნიშვნელობაში. მთის სიმაღლე ხომ ზღვის დონიდან არ იზომება და მის განმსაზღვრელ კრიტერიუმად შეიძლება მთის დახრილობა, მისი ეკონომიკური ფუნქცია და სარგებლიანობა მივიჩნიოთ. ჯერ ამის ცოდნაა საჭირო და მერე თუნდაც სამინისტროს მთის ეწოდოს, თუნდაც ყინულის და თუნდაც მწვერვალის.’
საქართველოს შრომისა და ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით , 2016 წლის სექტემბრიდან მაღალმთიან რეგიონებში მცხოვრებ პენსიონერებს პენსია 192 ლარამდე გაეზრდებათ. საპენსიო თანხის 20 % -ით მატება მხოლოდ მთაში მცხოვრებთ შეეხებათ. პრემიერმინისტრის განცხადებით, ამით ხელი შეეწყობა მთაში მიგრაციის პროცესის შენელებასა და მოსახლეობის დაბრუნებას მშობლიურ სოფლებში.

სამომავლო დაპირებები მიგრაციული პროცესების პირდაპირპროპორციულად აქტიურდება. პარალელურად კი იზრდება ბარად ჩამოსახლებულთა რიცხვი. ზოგი ბუნებამ აიძულა, მშობლიური მთა დაეტოვებინა, ზოგი- ცივილიზაციის არარსებობამ. საჭიროება ყველა შემთხვევაში ერთია- მეტი ყურადღება დაეთმოს ამ რეალურად სერიოზულ და მასშტაბურ პრობლემას და ყველა დაპირება, მთის სამინისტროსი არ იყოს, საპნის ბუშტად არ იქცეს.
მანამდე კი სანამ მთიელი პენსიონერი 20% იანი ნამატის “ძალას“ შეიგრძნობს საპენსიო თანხაზე, მთიდან ამოწვერლი მზე მხოლოდ ერთეულებს გაათბობს. აწ უკვე ერთეულებს. მზესთან ასე ახლოს ხომ სოფლად უკვე ცოტანიღა შემორჩნენ…

ანა ურუშაძე

უკაცო სახლების სევდა, ანუ მიგრაცია იმერულად

  მიგრაცია გულისხმობს ცალკეული პირის, ან ჯგუფის მიერ საცხოვრებელი ადგილის შეცვლას გადასახლების მიზეზებისა და მიზნების მიუხედავად. მიგრაციის გამომწვევი მიზეზები შეიძლება იყოს როგორც ეკოლოგიური კატასტროფები თუ პოლიტიკური მოტივები, ისე – უკეთესი ეკონომიკური პერსპექტივები, ან პოლიტიკური დაცულობა.

უკონტროლო მიგრაციულმა პროცესებმა ნეგატიური ზეგავლენა მოახდინა ქვეყნის განვითარებაზე და დღეს, ჩვენს რეალობაში, 164 სოფელი გაუკაცრიელებულია, 200-ზე მეტი მთის სოფელი კი – მოსახლეობისგან დაცლილი.
დემოგრაფიული კრიზისის ფონზე, ყოველდღიურად იზრდება მიგრანტების რიცხვი. ადამიანებისა, რომლებიც, სხვადასხვა მიზეზით თუ მიზნით, ტოვებენ მშობლიურ საცხოვრებელს და მიდიან ქალაქში , ან კიდევ უფრო შორს…

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის 2015 წლის მონაცემებით, მიგრაციული სალდო -3, 4 უდრის, რაც 3400 მიგრანტს შეადგენს. ეს, წინა წლებთან შედარებით, საკმაოდ დაბალი მაჩვენებელია.
თუმცა, რეალურად, ყოველდღიურად სულ უფრო მეტი კარი იკეტება სამუდამოდ ჩვენ გარშემო, ან უფრო მეტ ეზოს ეკვრება აბრა წარწერით „იყიდება“.

მიგრაცია საკმაოდ ხშირი და აქტუალური პრობლემაა ხარაგაულის მუნიციპალიტეტში. მაღალმთიანი იმერეთის ამ ადმინისტრაციული ცენტრის ფართობი 913, 9 კვ.კმ-ია და იგი 78 სოფელს აერთიანებს.

უმეტეს სოფელში, კომლების რაოდენობა, საშუალოდ, 25-30-ია. პატარა სახვლარში 11 მაცხოვრებელია, მირონწმინდაში – 15, ხოლო ჩალხაეთში სამი კომლი ცხოვრობს, რაც 7 ადამიანს შეადგენს.
ეს რიცხვები კარგად გამოხატავს მიგრაციის, როგორც პრობლემის მასშტაბურობას ხარაგაულის მუნიციპალიტეტში.
მოსახლეობის გამოკითხვამ მიგრაციის გამომწვევი ძირითადი მიზეზები გამოკვეთა. გამოკითხულთა განმარტებით, ხარაგაულის მაცხოვრებლები რაიონს უმუშევრობის და უპერსპეტივობის გამო ტოვებენ. მათი თქმით, რაიონში არ ფუნქციონირებს არცერთი საწარმო, სადაც ადამიანის დასაქმებაა შესაძლებელი.
56 წლის ვარლამ მაღლაფერიძემ 15 წელია, რაც დატოვა მშობლიური ხარაგაული და იგი დღეს, ოჯახთან ერთად, თბილისში ცხოვრობს. ბატონი ვარლამი თავისი ქალაქში გადმოსვლის მიზეზად შვილების სტუდენტობას ასახელებს, ამავდროულად, არ მალავს, რომ მას უკეთესი სამსახურის შოვნა სურდა. თუმცა ის, უახლოეს მომავალში, ხარაგაულში დაბრუნებასა და სოფლის მეურნეობაში ჩაბმას აპირებს.
მიგრირებული ხარაგაულელების ისტორიები ერთმანეთს ჰგავს ისე, როგორც სოფლებში მიტოვებული სახლები, ჩაკეტილი კარებით, დახავსებული ფანჯრებითა და უამრავი მოგონებით. ბარგებში ვერჩატეული და აქვე მიტოვებული მოგონებები აცოცხლებს უკაცო სახლებს.

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე, ინგა მაღრაძე, მიგრაციის პრობლემის კომპლექსურობაზე ამახვიებს ყურადღებას და საკრებულოს მიერ გატარებულ ღონისძიებებზე, ასევე – გადაჭრის გზებზე საუბრობს :
-„ ამ მეტად მტკივნეულ პრობლემას ბევრი ფაქტორი განაპირობებს. მათ შორის , გზის პრობლემა, უმუშევრობა, განათლების ხელმისაწვდომობა… სკოლების პრობლემის მოგვარების მიზნით, ჩვენ, განათლების სამინისტროსთან ერთად, უზრუნველვყოფთ მოსწავლეთა შორ მანძილზე ტრანსპორტირებას. რაიონიდან თანაბრად ხდება როგორც შიდა, ასევე – ქვეყნის გარეთ მიგრაციებიც, თუმცა, ყველაზე ხშირი, მაინც მეზობელ ქალაქებში გადასვლაა, უკეთესი გარემოს შექმნის მიზნით. საკრებულო ეტაპორბივად ცდილობს ამ პრობლემის დაძლევას.“

ნახევრადცარიელ შარაგზაზე მომავალი 16 წლის სალომე კი მოახლოებულ სტუდენტობაზე ფიქრობს, გარდაუვალ წასვლაზეც ქალაქში, თუმცა ზუსტად იცის, რომ იგი, თავისი ნანახ-ნასწავლ-განცდილით, მშობლიურ ხარაგაულს უნდა გამოადგეს.

ანა ურუშაძე

„ფისტა ჩვენს ოჯახში“- ძვირადღირებული კაკლის ნერგები უფასოდ!

 ,,ფისტა ჩვენს ოჯახში” – „საქართველოს ფისტას ასოციაციამ“ ახალი პროექტი დაიწყო. პროექტის ფარგლებში, ქვეყნის მასშტაბით, ფისტას ნერგებს ასოციაცია უსასყიდლოდ გასცემს. დაინტერესებულ პირებს საშუალება ეძლევათ, ასოციაციის წევრები გახდნენ და, საქართველოს ტერიტორიაზე დასარგავად, ფისტას სამი ნერგი მიიღონ.

,,საქართველოს ფისტის ასოციაცია” 2016 წლის მაისში დაფუძნდა. ასოციაციის მიზანია, საქართველოში ფისტას კულტურის დანერგვის ხელშეწყობა და მოსახლეობისთვის მისი მრავალმხრივი უპირატესობის გაცნობა.


ფისტა ერთ–ერთი ყველაზე ძვირადღირებული კაკლოვანი მცენარეა. მთელი საქართველოს ტერიტორიაზე ხარობს და იძლევა ნაყოფს. თუმცა, პერსპექტიულია აღმოსავლეთ საქართველოს მშრალ ადგილებში. პირველი კაკლები, ჯიშის მიხედვით, 7-10 წლის ასაკში გამოაქვს ფისტას, სრულ მოსავლიანობას, დაახლოებით, 10-12 წლის ასაკში აღწევს. მოსავლიანობა ძირზე, საშუალოდ, 25-35 კგ–ს შეადგენს. ფისტა მოსავალს 300 წლის განმავლობაში იძლევა, თუმცა არის მცენარეები, რომლებიც 500 წლის ასაკშიც იძლევა მოსავალს.

„ფისტას ასოციაცია“ აღნიშნავს, რომ ისინი მუდმივად ახორციელებენ მონიტორინგს და, მცენარის მისაღებად, აუცილებელია სარეგისტრაციო ფორმის შევსება. სარეგისტრაციო ფორმის შევსების შემდეგ, ასოციაცია განიხილავს და გადაწყვეტს, ვისზე გასცეს ნერგი. პრიორიტეტი იმ რეგიონში მცხოვრებ განმცხადებლებს ენიჭებათ, სადაც ფისტას ნერგების ნაკლები რაოდენობაა დარგული
„ასოციაციის აკადემიური საბჭო დააკვირდება კულტურის განვითარებას საქართველოს სხვადასხვა რეგიონში. მონიტორინგი საშუალებას მოგვცემს, რეალურად გავარკვიოთ, რა ტერიტორიებია ვარგისი ფისტას კულტურისათვის. პროექტი ხელს შეუწყობს ამ კულტურის გავრცელებასა და მოსახლეობაში ცნობადობის ამაღლებას,”– აღნიშნავენ ,,საქართველოს ფისტის ასოციაციაში”.


ფისტას ასოციაციაში მიიჩნევენ, რომ ამ პროდუქტის აღორძინება საქართველოში ძალიან მნიშვნელოვანია, ვინაიდან ფისტა ერთ – ერთი ყველაზე ძვირადღირებული კაკალია. მისი ღირებულება, საერთაშორისო ბაზარზე, დიდად აღემატება ნიგვზის, თხილისა და სხვა კაკლოვნების ღირებულებას. ფისტას სხვა კაკლოვანებთან, მათ შორის, თხილთან ფარდობით, განსაკუთრებით მდგრადი ბაზარი აქვს.

„ფისტის წარმოებამ ქვეყანას მნიშვნელოვანი ეკონომიკური მოგება შეიძლება მოუტანოს. გარდა ამისა, ეს კულტურა საუკეთესო ეროზიასაწინააღმდეგო მცენარეა. საქართველოში კი ამგვარი ტერიტორიები მრავლადაა. ამავდროულად, ფისტას გადამამუშავებელი ინფრასტრუქტურაც არ სჭირდება და არც განსაკუთრებულ მოვლას საჭიროებს.“

მათივე ინფორმაციით, ფისტა ერთ-ერთი ყველაზე ძვირადღირებული კაკალია, რომელზეც, სხვადასხვა ქვეყნაში, მზარდი მოთხოვნაა. თბილისის სხვადასხვა სუპერმარკეტში 100-გრამიანი „ფისტაშკას“ ფასი 5.25 ლარიდან იწყება და 6.50 ლარამდეა.

„ფისტა ჩვენს ოჯახში“ სულ რამდენიმე თვეა მიმდინარეობს და პროექტში უკვე 4500 მეტი მსურველია დარეგისტრირებული. როგორც „ფისტას ასოციციაში“ ამბობენ, ამ დროის მანძილზე, გაცემულია 1500 ნერგი საქართველოს 70 მუნიციპალიტეტში და, მომავალში, კიდევ 10 000 ნერგის უფასოდ გადაცემა იგეგმება.

მარიამ ლეკიაშვილი

როგორ და რისთვის გამოიგონეს ადამიანებმა ჰეტეროსექსუალობა?

 შესაძლოა, რომ ტერმინები – ჰეტერო და ჰომოსექსუალი სოციალური გამოგონება იყოს, ხოლო მომავალში მათი გამოყენების საჭიროება გაქრეს, ამბობს „ბი-ბი-სის“ მიმომხილველი.
ჰეტეროსექსუალობის შესახებ წარმოდგენები, ასი წლის წინ, დღევანდელობასთან შედარებით, მნიშვნელოვნად განსხვავდებოდა.

1901 წლის დორლენდის სამედიცინო ლექსიკონში (Dorlands Medical Dictionary), ჰეტეროსექსუალობა განმარტებულია, როგორც „არანორმალური, ან გარყვნილი ლტოლვა საწინააღმდეგო სქესისადმი.“ ოცი წლის შემდეგ, 1923 წელს, მერიემ-ვებსტერის ლექსიკონში (Merriam-Webster Dictionary), ტერმინის მნიშვნელობა, შედარებით, შევიწროვებულია – „არაჯანსაღი სექსუალური ლტოლვა საპირისპირო სქესის ერთი ადამიანისადმი.“

ჰეტეროსექსუალობამ ის მნიშვნელობა, რომელიც, დღესდღეობით, ჩვენთვის არის ცნობილი, 1934 წელს მიიღო – „სექსუალური სურვილის გამომჟღავნება საპირისპირო სქესისადმი; ნორმალური სექსუალური ორიენტაცია.“

რამდენიმე წლის წინ, სოციალურ ქსელში ვიდეო გავრცელდა, სადაც ავტორი გამვლელებს ეკითხებოდა, ჰომოსექსუალობა თანდაყოლილია, თუ არა. პასუხები სხვადასხვაგვარი იყო, თუმცა ბევრმა მათგანმა აღნიშნა, რომ ჰომოსექსუალობა ბუნებრივი ფაქტორებისა და აღზრდის ნარევის შედეგია.

ამის შემდეგ, გაჟღერდა ექსპერიმენტის მთავარი კითხვა: „თქვენ როდის გადაწყვიტეთ. გამხდარიყავით ჰეტეროსექსუალი?“
რესპონდენტები, მიხვდნენ რა, რომ წინასწარგანწყობაში გამოიჭირეს, მალევე დაეთანხმნენ რეპორტიორის მოსაზრებას: როგორც ჩანს, ჰომოსექსუალური ორიენტაციით ისევე იბადებიან, როგორც – ჰეტეროსექსუალურით.

ჰომოსექსუალურ იდენტობაზე, როგორც სოციალურ კონსტრუქციაზე, არაერთი სამეცნიერო თუ პოპულარული ლიტერატურა დაიწერა. უკვე აღარავის უკვირს, რომ ჰომოსექსუალობის ცნება, კულტურაში, კაცობრიობის ისტორიის გარკვეულ მომენტში შევიდა. თუმცა, მცირედმა თუ იცის იმის შესახებ, რომ ტერმინ „ჰეტეროსექსუალობასთან“ დაკავშირებითაც მსგავსი რამ მოხდა.
ამისთვის საკმაოდ ბევრი მიზეზი არსებობს, რომელთა შორისაა ჰომოფობია და რელიგიური წინასწარგანწყობები. თუმცა, კითხვაზე, თუ რატომ არასდროს დავფიქრებულვართ ცნება „ჰეტეროსექსუალობის“ წარმომავლობაზე, პასუხი შემდგომში მდგომარეობს: ეს მოვლენა ნორმად აღიქმება. არ არსებობს აუცილებლობა, ეჭვი შეიტანო იმაში, რაც თავისთავად არსებობდა. მაგრამ, ჰეტეროსექსუალობა ყოველთვის როდი არსებობდა. უფრო მეტიც, არ გვაქვს იმის საფუძველი, რომ ეს ცნება კულტურაში სამუდამოდ დარჩება.

როცა ჰეტეროსექსუალობა არ იყო ნორმა
პირველი, რაც, თითქოსდა, ჰეტეროსექსუალობის ცნების ხელოვნურობას უარყოფს, რეპროდუქციის შესახებ არგუმენტია. თითქოს აშკარაა, რომ სექსუალური აქტი, საპირისპირო სქესთა შორის, კაცობრიობის მთელი ისტორიის მანძილზე არსებობდა. წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენი მოდგმა არსებობას შეწყვეტდა. მაგრამ, ასეთი არგუმენტი გულისხმობს, რომ ჰეტეროსექსუალობა იგივეა, რაც რეპროდუქციული აქტი. სინამდვილეში, ეს ასე არ არის.

„სექსს არ აქვს ისტორია, რადგან იგი ორგანიზმის ფუნქციაა“ – წერს მიჩიგანის უნივერსიტეტის გენდერის მკვლევარი, დევიდ ჰალპერინი. სექსუალობა კი, პირიქით, კულტურის პროდუქტია და ამიტომაც, მას ისტორია აქვს. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, სექსი მრავალი სახეობის არსებობისთვის დამახასიათებელი, განუყოფელი ნაწილია. იგი ბიოლოგიური ფუნქციაა. ის თუ, რას უწოდებენ სექსუალურ აქტს და რა კატეგორიებს გამოყოფენ მასში, ისტორიული მოვლენაა, რომელიც უნდა შეისწავლონ.
სექსუალური ინსტიქტები ცხოველთა მთელს სამყაროში არსებობს (და ეს არის სექსი). გარკვეულ მომენტში, ადამიანებმა მას განსაკუთრებული მნიშვნელობა მიანიჭეს (აქ სექსუალური ორიენტაცია იგულისხმება). როცა ჩვენ ჰეტეროსექსუალობაზე ვსაუბრობთ, სწორედ ამ უკანასკნელს ვგულისხმობთ. „1868 წლისთვის არ არსებობდა არც ჰეტერო და არც ჰომოსექსუალობა“, ამბობს ჰანე ბლანკი, ავტორი კვლევისა „ჰეტეროსექსუალების გასაოცრად მოკლე ისტორია“.
ალბათ, ადამიანებს თავშიც არ მოსვლიათ, რომ ერთმანეთი სექსუალური სურვილებისა თუ ურთიერთობების მიხედვით დაეყოთ. რა თქმა უნდა, განირჩეოდა სექსუალური ქცევები და მათი ზოგიერთი სახე აკრძალულიც კი იყო, მაგრამ აქცენტი ყოველთვის აქტზე კეთდებოდა და არა ადამიანზე.

და მაინც, რა შეიცვალა? ენა.
1868 წელს უნგრელმა ჟურნალისტმა, კარლ მარია კერტბენიმ, სექსუალური გამოცდილების აღსაწერად, ოთხი ტერმინი გამოიგონა: ჰეტეროსექსუალი, ჰომოსექსუალი და კიდევ ორი, უკვე დავიწყებული ტერმინი, რომელიც მასტურბაციასა და ზოოფილიას აღწერს: „მონოსექსუალი“ და „ჰეტეროგენიტალი“.
თუმცა, ლიტერატურაში ტერმინი „ჰეტეროსექსუალი“, პირველად, 1880 წელს გამოჩნდა. 1889 წელს, ტერმინი „Psychopathia Sexualis“, სექსუალურ აშლილობათა დასახელების კატეგორიაში შეიტანეს. ამ კატეგორიის ინგლისური თარგმანი ა.შ.შ – ში მხოლოდ 1993 წელს გამოჩნდა. თითქმის ხუთასგვერდიან წიგნში ტერმინი „ჰეტეროსექსუალი“ მხოლოდ ოცდაოთხჯერ არის ნახსენები, ისიც – ინდექსის გარეშე. შესაძლოა, ამის მიზეზი ტრაქტატის ავტორის, ფსიქიატრ რიხარდ ფონ კრაფტ-ებინგის შეხედულებები გახდა. მას, უფრო მეტად, „პერვერსიები“ აინტერესებდა, ვიდრე „ნორმალური“ სექსუალური ლტოლვა.
აღსანიშნავია, რომ ტერმინი „ნორმალურით“, ისტორიის განმავლობაში, არაეთხელ ბოროტად მანიპულირებდნენ. თუ ამ ლოგიკას გავყვებით, უნდა ითქვას, რომ, თავის დროზე, მონათმფლობელობაც და სამყაროს გეოცენტრული მოდელიც „ნორმალურად“ აღიქმებოდა.

წყარო: bbc.com

ვიკა შაუთიძე

ბიზნესმენი მომღერალი

  საქართველოში, სხვა ქვეყნების მსგავსად, არაერთი პროექტი ეწყობა იმ მიზნით, რომ ქვეყანამ უფრო მეტი ნიჭიერი და შემოქმედი ადამიანი აღმოაჩინოს. მუსიკალური პროექტი X factor – ი მათ შორის ერთ-ერთია. სწორედ ამ პროექტის შესარჩევი ტური და პირველი ნაბიჯები მის სცენაზე – ეს ის მოკლე გზაა, რომლითაც, გიგი ცირამუამ, მსმენელის გულებში, უდიდესი კეთილგანწყობა და სიყვარული მოიპოვა.

პროექტის სცენაზე მან ფეხი როგორც თვითნასწავლმა მომღერალმა, ისე დადგა. იქედან გამომდინარე, რომ თვითნასწავლი ადამიანები განსაკუთრებულად საინტერესოები და დასაფასებლები არიან, პირველივე წუთებიდან ჟიურის წევრებისა და მაყუდებლის სიმპათია და მხარდაჭერა დაიმსახურა. გიგი წარმოშობით ჩხოროწყუდანაა. აქ დაიბადა და პირველ შვიდ კლასამდე მშობლიურ ქალაქში სწავლობდა. მოგვიანებით, თბილისში მოუწია საცხოვრებალდ გადმოსვლა, ფეხბურთის სათამაშოდ. დედაქალაქში მან N35 სკოლა დაამთავრა. გიგის მშობლები და და ჰყავს. სწავლობს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ბიზნესისა და ეკონომიკის ფაკულტეტზე, ბიზნესის განხრით. თუმცა, ეს პროფესია დიდად არ იზიდავს და ფიქრობს, რომ, თუ გაუმართლა, მომღერალი იქნება.

ბუნებრივია, ნიჭიერი ადამიანების შესაძლებლობების პირველი გამოვლინებები განსაკუთრებულად დასამახსოვრებელია. თავის პირველ მუსიკალურ ნაბიჯებს გიგიც იხსენებს. მისი თქმით, ეს შესაძლებლობები ძალიან ადრე, წინასასკოლო პერიოდში აღმოაჩინა. მალევე, დედამისმა მუსიკალურ სკოლაში მიიყვანა, სადაც კვარტეტი შედგა. სწორედ აქ მიიღო გარკვეული მუსიკალური ცოდნა. შეძლებისდაგვარად, უკრავს გიტარაზე, ფორტეპიანოზე, დრამზე. გიგისთვის სიმღერა ბევრ რამეს ნიშნავს. უამრავი სფერო აინტერესებს ცხოვრებაში, მაგრამ მისთვის მუსიკა ის სამყაროა, რომელზეც უარს ვერასდროს ამბობს. მისთვის, სცენაზე დგომისას, სტიმული ის არის, თუნდაც ერთ გაღიმებულ სახეს რომ დაინახავს და, ამ სახით, მხარდაჭერას იგრძნობს.

მუსიკის გარდა, მისთვის დროის საუკეთესოდ გატარების ერთ-ერთი საშუალება მეგობრებთან ერთად ყოფნაა. გიგის არასდროს უფიქრია, რა მოსწონთ, ან რა არ მოსწონთ მის მეგობრებს მასში. მიიჩნევს, რომ ისინი მასში, ყველაზე მეტად, მიზანდასახულობას აფასებენ. მეგობრები გიგის ყოველთვის მხარში უდგანან, რადგან სჯერათ მისი შესაძლებლობების. არ სიამოვნებს საკუთარი რუტინული ცხოვრება – დილით ადგომა, უნივერსიტეტი, სწავლა… ეს ყველაფერი მას აღიზიანებს და შეცვლიდა ისე, როგორც მას სურს: სიმღერა – ძილი.

გიგი თავს წარმატებულ ადამიანად არ მიიჩნევს. ამ ეტაპამდე, საკუთარი ცხოვრების ორ დიდ მიღწევას ასახელებს: პირველი, როცა 2015 წელს Tbilisi open air – ზე დაუკრა ბენდ “კონტაქტის” ფარგლებში. მეორე წარმატებად კი პროექტ X factor-ში მონაწილეობის მიღებას ასახელებს. ხსენებულ პროექტში მან მონაწილეობა თავისი დის სურვილით მიიღო. X factor-ის კონკურსანტობას ის 2015 წლის სეზონზეც გეგმავდა, თუმცა გადაიფიქრა. კითხვაზე, თუ რატომ გადაწყვიტა მასში მონაწილეობის მიღება, პასუხობს, რომ, მისი აზრით, რეალურად, ის ემოცია აქვს, რაც საჭიროა სცენაზე.

გიგის საკუთარი მეგობრები, ცხადია, დადებითად აფასებენ. ერთ-ერთი მათგანის, გიორგი მეგრელიშვილის თქმით, მიუხედავად გიგის უდიდესი შესაძლებლობებისა, ის ძალიან თავმდაბალი და უშუალოა. მისივე შეფასებით, გიგი, გარდა ძალიან კარგი ვოკალისტისა, არის მუსიკოსი, რაც მას ყველაზე მეტად მოსწონს. “მის ნამღერში იგრძნობა მუსიკალური ინტელექტი, ვოკალურ შესაძლებლობეს რომ თავი დავანებოთ” – აღნიშნავს მეგრელიშვილი. როგორც ის ამბობს, გიგი, მუსიკალურად, ძალიან მრავალფეროვანია.

გიგიზე თავისი და, ნათიაც მესაუბრა. მისი თქმით, გიგი საკმაოდ აქტიურია და, სიმღერის გარდა, ბევრი რამ გამოსდის. “ბავშვობიდან მღერის. თითქმის ყველა სფეროში გამოსცადა თავი – ფეხბურთი, ცეკვა, მედიცინაც კი. დიდი ამბები გამოიარა და მაინც სიმღერას დაუბრუნდა” – აღნიშნავს ის. ნათიას თქმით, გიგი სულ ცდილობს, მრავალფეროვანი იყოს, უყვარს სიახლეები. მისივე თქმით, მომღერალი ყოველთვის ახერხებს, იყოს იქ, სადაც თავს კარგად გრძნობს. ამ ეტაპზე, გიგისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი “მუსიკალური” გარემოა. “ჩემი აზრით, მუსიკა და, ზოგადად, ხელოვნება, ყოველთვის იყო მისთვის ყველაფერზე მნიშვნელოვანი” – ამბობს ის.

გიგი თავის მომავალ გეგმებზე და, ზოგადად, მომავალზე, ვრცლად არ საუბრობს. მისი თქმით, სურს, ბოლომდე ის საქმე აკეთოს, რაც მას აბედნიერებს. ეს არის მუსიკა.

ავტორი: მარიამ ტიელიძე